კრის ევერტი - ბევრი რამით საუკეთესო

AutoSharing Option
კრის ევერტი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი იყო სპორტის ამ სახეობის ისტორიაში.

კრისი საჩოგბურთო სამყარომ ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისში გაიცნო - 16 წლისა იუნიორებს შორის მხოლოდ ამერიკულ ტურნირებზე გამოდიოდა და ძალიან იოლად უსწორდებოდა ყველა მეტოქეს. ევროპაში არ მოგზაურობდა - დედა მკაცრად ადევნებდა თვალს იმას, რომ კრისს სკოლაში გაკვეთილები არ გაეცდინა. მაგრამ უკვე 1971 წელს ევერტი ნამდვილი საჩოგბურთო სამყაროს დასაპყრობად გაემგზავრა.

16 წლის ასაკში მან თვით ბილი ჯინ კინგი დაამარცხა (თუმცა იმის ხარჯზე, რომ ლეგენდამ უარი თქვა გადამწყვეტი სეტის
თამაშზე) და გაანადგურა ვირჯინია უეიდი - აშშ-ის ღია პირველობის 1968 წლის გამარჯვებული, უიმბლდონისა და ავსტრალიის ღიას მომავალი ტრიუმფატორი. სხვათა შორის, სადებიუტო აშშ-ის ღიაზე კრისი ნახევარფინალში გავიდა, სადაც კინგმა მას რევანში აუღო. უნდა აღინიშნოს, ევერტს მთელი კარიერის განმავლობაში "დიდი სლემის" ტურნირზე არასოდეს წაუგია მესამე წრეზე ადრე.

შემდეგ წელს კრისმა გაიმეორა ეს შედეგი ფორესტ-ჰილსის ბალახის კორტებზე, სადაც მაშინ (1972 წელი) ჯერ კიდევ იმართებოდა აშშ-ის ღია პირველობა. იმ ჩემპიონატის მეოთხედფინალში ევერტმა რუსი ოლგა მოროზოვა დაამარცხა სამ სეტში - 3:6, 6:3, 7:6. სხვათა შორის ორი წლის შემდეგ ევერტმა და მოროზოვამ როლან გაროსი მოიგეს წყვილთა თანრიგში. ეს 1974 წელს მოხდა. ეს ის სეზონია, როცა კრისის საქმრო ჯიმი კონორსი ძალიან ახლოს იყო სეზონული "დიდი სლემის" შესრულებასთან. კონორსმა 1974 წელს მოიგო ოთხი დიდი ტურნირიდან სამი, როლან გაროსზე კი არ დაუშვეს იმის გამო, რომ კონტრაქტი ჰქონდა World Team Tennis-თან.

რომანი კონორსთან
ევერტი და კონორსი სწორედ 1974 წელს ხვდებოდნენ ერთმანეთს. ყველაფერი გაზაფხულზე დაიწყო და მათი რომანი ძალიან სწრაფ ტემპში ვითარდებოდა. თითქოს ჩოგბურთისთვის დიდად არ ეცალათ, მაგრამ ივლისში ორივემ მოიგო უიმბლდონი, მოგვიანებით კი აშშ-ის ღია პირველობაზე მიქსტში ითამაშეს ერთად და ფინალამდე მიაღწიეს. ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა კრისის კარიერა, ცოლად რომ გაჰყოლოდა ჯიმის, მაგრამ ნოემბრისთვის დანიშნული ქორწილი გაუქმდა.

40 წლის შემდეგ კონორსმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ ევერტი მისგან ფეხმძიმედ იყო და ქალმა ერთპიროვნულად მიიღო აბორტის გადაწყვეტილება. თავად კრისმა არც უარყო და არც დაადასტურა ეს და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ძალიან განაწყენდა, როცა კონორსმა საზოგადოებამდე მიიტანა ფაქტები, რომელიც მათ პირად ურთიერთობას შეეხებოდა.

"მან დაწერა იმ დროის შესახებ, როცა ჩვენი ურთიერთობა ძალიან მტკივნეულად და ემოციურად ვითარდებოდა. ეს ძალიან ინტიმური თემაა და ჩემთვის უსიამოვნოა, რომ მან ამის შესახებ მოყოლა ჩემი ნებართვის გარეშე გადაწყვიტა. აღარ ვაპირებ არანაირ კომენტარს ამასთან დაკავშირებით".

ლეგენდარული დაპირისპირების დასაწყისი
მაგრამ დავუბრუნდეთ 70-იანი წლების შუა პერიოდს. 1975 წელს მან ორივე ტიტული დაიცვა როლან გაროსზე - ერთეულებსა და წყვილებში. საინტერესოა, რომ დუეტებში მან ისევ გაიმარჯვა ერთეულების ფინალში თავის მოწინააღმდეგესთან ერთად, ოღონდ, ამჯერად, ეს იყო არა ოლგა მოროზოვა, არამედ მარტინა ნავრატილოვა. ეს უკანასკნელი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიის სახელით გამოდიოდა და ევერტისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდა. მასთან ერთად კრისმა 1976 წელს უიმბლდონი მოიგო, მანამდე კი მარტინას ერთეულების ნახევარფინალში სძლია.

მათი ნამდვილი დაპირისპირება, რომელიც ლეგენდად იქცა, 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო. გარდამტეხი გამოდგა 1978 წლის უიმბლდონის ფინალი. ეს იყო ევერტისა და ნავრატილოვას პირველი შეხვედრა ყველაზე ძველი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში. მარტინამ მაშინ მძიმე გამარჯვებას მიაღწია - 2:6, 6:4, 7:5. აღვნიშნავთ, რომ ორი კვირით ადრე მან კრისი დაამარცხა ისტბურნის ბალახის ტურნირის ფინალშიც - 6:4, 4:6, 9:7.

შემდეგ წელს ევერტმა ისტბურნში რევანში აიღო, მაგრამ უიმბლდონის ფინალში ნავრატილოვა ისევ უფრო ძლიერი იყო. სულ უიმბლდონზე ისინი რვაჯერ (ხუთჯერ ფინალში) შეხვდნენ ერთმანეთს და კრისმა მხოლოდ ორჯერ მოიგო და ისიც ნახევარფინალურ სტადიაზე. მათ შორის მატჩების რაოდენობამ კი 80-ს მიაღწია. ეს უდიადესი დაპირისპირება 15 წელზე მეტხანს გაგრძელდა და 1988 წლის ბოლოს დასრულდა, როცა 34 წლის ევერტი ჩოგბურთიდან წავიდა.

იშვიათი სპორტული ხასიათი
იმ მომენტში, როცა კრისისა და მარტინას კონკურენციამ პიკს მიაღწია, გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია - ნაზმა ევერტმა შტანგით ვარჯიში დაიწყო და ფიზიკური მომზადების მწვრთნელი დაიქირავა. და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ დაემარცხებინა ნავრატილოვა.

ეს ნაბიჯი კრისმა "ვირჯინია სლიმსის" ტურნირის ფინალის შემდეგ გადადგა. ის მატჩი ევერტმა სამარცხვინოდ წააგო - 0:6, 1:6. მარტინა ერთი და იგივე კომბინაციას ათამაშებდა და კრისი დაემგვანა გოგონას, რომელიც ვერ ხვდებოდა, რა უნდა მოემოქმედებინა. და ამ გოგონამ მთელი ძალისხმევა მიმართა იქითკენ, რომ თუნდაც ერთხელ დაემარცხებინა მარტინა. ამ ერთი გამარჯვებისთვის მან ჯოჯოხეთური შრომა გასწია. რა თქმა უნდა, ასეთი რამ შესაძლებელია იშვიათად მებრძოლი ხასიათის წყალობით. ორი წლის შემდეგ კრისმა დაამარცხდა მარტინა, თანაც ეს არაერთხელ გააკეთა.

პირველ რიგში, სწორედ ასეთმა სპორტულმა ხასიათმა, დაუჯერებელმა შრომისმოყვარეობამ შეუწყო ხელი იმას, რომ ევერტი მრავალი წელი იყო საჩოგბურთო სამყაროს მწვერვალზე.

დიახ, ნავრატილოვამ საბოლოოდ გაუსწრო მას რეიტინგის პირველ ადგილზე ყოფნის მიხედვით (332 კვირა 260-ის წინააღმდეგ), მოიგო უფრო მეტი "დიდი სლემი" ყველა თანრიგში (ერთეულებში ორივეს 18-18 ტიტული აქვს - ოთხი ნაკლები, ვიდრე აბსოლუტურ რეკორდსმენს შტეფი გრაფს). სამაგიეროდ, ევერტმა მოიგო როლან გაროსისა (შვიდი) და აშშ-ის ღია პირველობის (ექვსჯერ. მას დაეწია სერენა უილიამსი) სარეკორდო რაოდენობა.

გარდა ამისა, კრისს ქალთა და მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში მოგებების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - 89.96 პროცენტი. მან მოდაში შემოიტანა ორი ხელით ბექჰენდი. გარდა ამისა, გადააჩვია ბევრი ახალგაზრდა ჩოგბურთელი გამუდმებით ბადესთან გასვლას, რადგან შესანიშნავად ასრულებდა თავის საფირმო "სანთელს". ასე რომ, თავად ევერტმა და მისმა დუელმა ნავრატილოვასთან დიდწილად იმოქმედა ქალთა ჩოგბურთის მომავალ განვითარებაზე.

კრის ევერტი
დაიბადა: 1954 წლის 21 დეკემბერს
დაბადების ადგილი: ფორტ-ლოდერდეილი (ფლორიდა)
სიმაღლე: 168 სმ
კარიერის დასაწყისი: 1972 წელი
კარიერის დასასრული: 1989.
ჰონორარები კარიერაში: $ 8 895 195.
უმაღლესი პოზიცია რეიტინგში: 1 (1975 წლის 3 ნოემბერი)
1309 მოგება და 146 წაგება ერთეულებში. 157 ტიტული
18 ტიტული "დიდ სლემზე":
ავსტრალია - მოგება (1982, 1984).
როლან გაროსი - მოგება (1974, 1975, 1979, 1980, 1983, 1985, 1986).
უიმბლდონი - მოგება (1974, 1976, 1981).
აშშ-ის ღია - მოგება (1975-1978, 1980, 1982).

* * *
წყვილთა თანრიგში 117 მოგება და 39 წაგება, 32 ტიტული
3 ტიტული "დიდ სლემზე":
ავსტრალია - ფინალი (1988).
როლან გაროსი - მოგება (1974, 1975).
უიმბლდონი - მოგება (1976).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული