ჩემპიონის ცრემლები

AutoSharing Option
ცურვის პროგრამის მეორე დღეს კვლავ მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. პროგრამა გახსნეს ქალმა მოცურავეებმა 100 მეტრზე ბატერფლაიში, სადაც შვედ სარა სიოსტრიომს ტიტულის დაცვა უწევდა. სკანდინავიელს წარმატებული გაცურვა არ გამოუვიდა და საპრიზო სამეულშიც ვერ მოხვდა. ძირითადი ბრძოლა ავსტრალიელ ალისია კოუტსა და ამერიკელ დენა ვოლმერს შორის განვითარდა. უკეთესი საფინიშო სპურტის წყალობით ამერიკის ნაკრების წევრმა შეძლო კონკურენტის 0,07 წამით ჩამოტოვება.

სპრინტის ბრაზილიელმა მეფემ სეზარ სელიო ფილიომ თავისი სტატუსი ბატერფლაიში 50 მეტრ დისტანციაზე დაამტკიცა. მას ერთხელაც არ დაუთმია ლიდერობა ამ მოკლე გაცურვის დროს და უკან
ჩამოიტოვა ორი ავსტრალიელი - მეტიუ ტარჯეტი და ჯეფ ჰიუჯილი. ბრაზილიელს უდიდესი ზეწოლის გადატანა უწევს შანხაიში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ის დოპინგის მიღებაში ამხილეს, მაგრამ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გაამართლა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის ნება დართო. ამის გამო სელიოს მაყურებელის სტვენა ესმოდა, კონკურენტებმა კი აუზში გამარჯვება არ მიულოცეს, მაგრამ უკვე პოდიუმზე მედლის მიღების შემდეგ ბრაზილიელს ტირილი აუტყდა და მხოლოდ მაშინ დაუჭირეს მას მხარი ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებმა. როგორც ჩანს, ოლიმპიურ ჩემპიონს მთელი პირველობა ასეთი ზეწოლისთვის გამკლავება მოუწევს.

ქალებს შორის 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში სენსაცია შემოგვთავაზა 15 წლის ჩინელმა შივენ იემ. დისტანციის შუაში ამერიკელი არიანა კუკორსი დამაჯერებლად ლიდერობდა - როცა "კროლით" გაცურვა დაიწყო, ის ნახევარი კორპუსით უგებდა ჩინელს, მაგრამ ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, პირველი ფინიშთან მაინც შივენი მივიდა. საინტერესოა, რომ სახელოვანი ავსტრალიელი სტეფანი რაისი მეოთხე ადგილზე გავიდა, რაც მისთვის ნამდვილი შოკი იყო.
არ შედგა მამაკაცებს შორის 100 მეტრზე ბრასში იაპონელი კოსუკე კატაჯიმასა და ნორვეგიელი ალექსანდრ დალე ოენის დუელი. ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სტარტზე შეყოვნდა და ვეღარ მოახერხა სამეულში შესვლა. სამაგიეროდ, ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა დალე ოენს და მან ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა, თანაც ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა - მსოფლიოს რეკორდამდე მხოლოდ 0,13 წამი დააკლდა. მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ ფაბიო სკოცოლი და კემერონ ვან დერ ბურგი. უფრო მეტად იტალიელს გაუმართლა.

კაცები
50 მ ბატერფლაი. 1. სეზარ სელიო ფილიო (ბრა) - 23,10; 2. მეტიუ ტარჯეტი (ავსტრა) - +0,18; 3. ჯეფ ჰიუჯილი (ავსტრა) - +0,25...
100 მ. ბრასი. 1. ალექსანდრ დალე ოენი (ნორ) - 58,71; 2. ფაბიო სკოცოლი (იტა) - +0,71; 3. კამერონ ვან დერ ბურგი (ს. აფრ) - +0,78...

ქალები
100 მ. ბატერფლაი. 1. დენა ვოლმერი (აშშ) - 56,87; 2. ალისია კოუტსი (ავსტრა) - +0,07; 3. იინ ლიუ (ჩინ) - +0,19...
200 მ. კომპლექსური. 1. იე შივენი (ჩინ) - 2.08,90; 2. ალისია კოუტსი (ავსტრა) - +0,10; 3. არიანა კუკორსი (აშშ) - +0,22...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული