მეოთხედი საუკუნის შემდეგ

AutoSharing Option
შანხაიში (ჩინეთი) გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი საწყლოსნო სახეობებში. კვარცხლბეკზე უკვე მოცურავეებიც ადიან. ქართველ სპორტსმენებს ამ ბედნიერებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ, თუმცა, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკითხავია, ვეღირსებით კი ოდესმე მსოფლიოს ჩემპიონატის რომელიმე სინჯის მედალს?!

მრუმე პრელუდიაა... მაგრამ ერთი სასიამოვნო ინფორმაციაც მინდა გაუწყოთ: შანხაიში 17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 25 წლის წინათ (!) სერგეი კოშკოს მიერ ბაქოში დამყარებული საქართველოს რეკორდი (2.08,31) გააუმჯობესა: დისტანცია 2.07,29-ში გაცურა და სამი თვის წინათ მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ნაჩვენებ თავის საუკეთესო შედეგს 6,5 წამი ჩამოაკლო.
მართალია, ირაკლიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ 37-ე ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს მისი დებიუტია მნიშვნელოვან ტურნირებზე და, იმედია, მომდევნო შეჯიბრებებში უფრო გაგვახარებს.

თავისუფალი ყაიდით ცურვაში ირაკლი რევიშვილმა მოსინჯა ძალები. 200 მეტრზე (1.54,02) იგი 46-ე იყო, 400 მეტრზე (4.02,97) კი ათი საფეხურით წინ წაიწია, თუმცა არც ერთი შედეგია სანუგეშო და არც მეორე. საპრიზო ადგილები კი აქ ასე განაწილდა: 200 მ. 1. რუან ლოხტე (აშშ, 1.44,44), 2. მაიკლ ფელპსი (აშშ, 1.44,79), 3. პაულ ბიედერმანი (გერმანია, 1.44,88). 400 მ. 1. რაე ჰვან პარკი (კორეა, 3.42,04), 2. სუნ იანი (ჩინეთი, 3.43,24), 3. პაულ ბიედერმანი (გერმანია, 3.44,83).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული