ლოხტეს პოკერი

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატს ცურვაში უკვე ჰყავს ერთი გმირი. გუშინდელი ფინალების შემდეგ შანხაიში უკვე ოთხი ოქრო დაუგროვდა ამერიკელ რაიან ლოხტეს. წინა დღეს 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ურთულესი ფინალის შემდეგ ლოხტემ მოასწრო დასვენება და ძალიან იოლად გაიმარჯვა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში. ამერიკელი მთელი დისტანცია ლიდერობდა და ერთხელ მსოფლიოს რეკორდსაც მიუახლოვდა.

ლოხტემ გუშინ მეორე ოქრო თანაგუნდელებთან ერთად 4x200 მეტრზე ესტაფეტაში მოიგო. ამერიკელებმა პირველ ეტაპზე მაიკლ ფელპსი დააყენეს, მაგრამ მან ვერ შეძლო საჭირო ჰანდიკაპის შექმნა და მესამე ადგილზე დაასრულა თავისი წილი 200 მეტრი. ამერიკას ბოლომდე
ებრძოლა საფრანგეთი და რომ არა ლოხტე, ესტაფეტას ფრანგები მოიგებდნენ. სწორედ რაიანმა გაუსწრო ბოლო მეტრებზე ფაბიან ჟილოს.

კაცებში მესამე ფინალი 200 მეტრზე ბრასში გათამაშდა. მართალია, ლიდერისთვის განკუთვნილ მეოთხე ბილიკზე ცურავდა სახელოვანი იაპონელი კოსუკე კატაჯიმა, მაგრამ მან მოულოდნელად წააგო დანიელ დიურტასთან. უნგრელმა 170 მეტრი სდია ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონს და ბოლოს გაასწრო კიდეც მას.

* * *
ვარსკვლავური შემადგენლობა შეიკრიბა ქალებს შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. აქ მაყურებელმა დღის ყველაზე დიდი სიუპრიზი იხილა. სანამ დანა ვოლმერი, ალიში კოუტსი, ნატალი კაფლინი, ფემკე ჰეემსკერსი და ფრანჩესკა ჰოლსოლი ერთმანეთის სპურტს დარაჯობდნენ, წინ გაიჭრნენ დანიელი ჟანეტ ოტესენი და ბელარუსი ალექსანდრა გერასიმენია. ისინი ისე შეწყობილად მოქმედებდნენ, რომ დროც ერთნაირი აჩვენეს და ოქროს მედლები მიიღეს.

ყველაზე პროგნოზირებადი ფინალი იყო ქალებში 200 მეტრზე ბრასი. ამერიკელი რებეკა სონი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და არავის უტოვებს შანსს. ეს სონისთვის მეორე ოქროა ამ ჩემპიონატში.

კაცები
200 მ. გულაღმა. 1. რაიან ლოხტე (აშშ) - 1.52,96; 2. რიოსუკე ირე (იაპ) - 1.54,11; 3. ტაილერ კლერი (აშშ) - 1.54,69..
200 მ. ბრასი. 1. დანიელ დიურტა (უნგ) - 2.08,41; 2. კოსუკე ნაკაჯიმა (იაპ) - 2.08,63; 3. კრისტიან ვომ ლენი (გერ) - 2.09,06...
4x200 მ. ესტაფეტა. 1. აშშ (ფელპსი, ვანდერკააი, ბერენსი, ლოხტე) - 7.02,67; 2. საფრანგეთი - 7.04,81; 3. ჩინეთი - 7.05,67.
ქალები
200 მ. ბრასი. 1. რებეკა სონი (აშშ) - 2,21,47; 2. იულია ეფიმოვა (რუს) - 2.22,22; 3. მარტინა მაკეიბი (კან) - 2.24,81...
100 მ. თავისუფალი. 1. ჟანეტ ოტესენი (დან) - 53,45; 1. ალექსანდრა გერასიმენია (ბლრ) - 53,45; 3. რანომი კრომოვიდიო (ჰოლ) - 53,66...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული