პირველი სენსაცია ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი საწყლოსნო სახეობებში. ორშაბათს კონტინენტის პირველობის ყველაზე საინტერესო ნაწილი - მოცურავეთა შეჯიბრი დაიწყო, სადაც თითქმის ყველა უძლიერესმა ევროპელმა სპორტსმენმა მოიყარა თავი.
პრაქტიკულად, ეს არის პირველი დიდი ტურნირი მას შემდეგ, რაც ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ თანამედროვე საცურაო კოსტუმების გამოყენება აკრძალა. შეგახსენებთ, რომ ამ კომბინეზონებით ასზე მეტი მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. რა თქმა უნდა, აკრძალვის შემოღების შემდეგ შედეგები მკვეთრად დაეცემა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა უფრო მეტი სპორტსმენზე იქნება დამოკიდებული, თორემ მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,

რომ მოცურავე უბრალოდ პილოტი იყო, რომელიც საკუთარ კოსტიუმს მართავდა.

ცურვის პროგრამის პირველ დღეს ოთხი ფინალი იყო დაგეგმილი. პირველი ოქრო კაცებს შორის 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გათამაშდა. ამ გაცურვას აშკარა ფავორიტი ჰყავდა - მსოფლიოს გერმანელი ჩემპიონი პაულ ბიდერმანი, რომლისთვისაც კონკურენცია უნდა გაეწიათ ფრანგ იანიკ ანიელსა და რუს ნიკიტა ლობინცევს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს საკვალიფიკაციო გაცურვებში საუკეთესო დრო ჰქონდა.

პირველი 100 მეტრის შემდეგ სწორედ რუსი ლიდერობდა დისტანციას, მაგრამ შემდეგ მკვეთრად უმატა ტემპს ანიელმა, რომელსაც ფინიშამდე ვერავინ დაეწია და ბრძოლა მხოლოდ მეორე-მესამე ადგილებისთვის გაიმართა. ბოლო 100 მეტრზე ბიდერმანმა ლობინცევს აჯობა და ვერცხლი მოიპოვა, რუსმა კი მესამე ადგილიც ვერ შეინარჩუნა - ადგილობრივი პუბლიკის გასახარად მას უნგრელი გერგო კიში წამოეწია და მეოთხე ადგილამდე ჩამოაქვეითა.

ასევე გაიხარეს უნგრელმა გულშემატკივრებმა ქალებს შორის 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში. მასპინძლებმა - კატინკა ჰოშუმ და სუზანა იაკაბოშმა შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. დისტანციაზე უკონკურენციო იყო ბრიტანელი ჰანა მილი, ვინც ევროპის ჩემპიონატების რეკორდით მოიპოვა პირველობა - 4.33,09.

დღის ბოლოს 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ორი ესტაფეტა გაიმართა. ქალებს შორის ეჭვი არავის შეპარვია გერმანიის კვარტეტის უპირატესობაში, რომელმაც ფინიშზე თითქმის წამი მოუგო ბრიტანეთის ნაკრებს. ბრინჯაო შვედებმა დაისაკუთრეს.
კაცების ესტაფეტაში კი ნამდვილი სენსაცია მოხდა. აღიარებულმა ფავორიტმა - საფრანგეთის ნაკრებმა დაგეგმილი ოქრო დაკარგა რუსეთთან ბრძოლაში. არადა, ფრანგების შემადგენლობაში იმ დღეს 400 მეტრის მომგები ანიელი და 100 მეტრზე პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ალან ბერნარი იყვნენ. სწორედ ბერნარის ცუდი ფორმის გამო წააგო ეს გაცურვა საფრანგეთმა. ალანმა და 18 წლის რუსმა დანილა იზოტოვმა ერთად ჩაიბარეს ესტაფეტის ბოლო ნაწილი და ფრანგმა კონკურენტთან 0.83 (!) წამი წააგო.
კაცები

400 მ. თავისუფალი
1. იანიკ ანიელი (საფ) 3.46,17
2. პაულ ბიდერმანი (გერ) +0,13
3. გერგო კიში (უნგ) +1,97
4x100 მ. თავისუფალი
1. რუსეთი 3.12,46
2. საფრანგეთი +0,83
3. შვედეთი +2,61
ქალები
400 მ. კომპლექსური
1. ჰანა მალი (ბრიტ) 4.33,09
2. კატინკა ჰოშუ (უნგ) +3,32
3. სუზანა იაკაბოში (უნგ) +4,83
4x100 მ. თავისუფალი
1. გერმანია 3.37,72
2. ბრიტანეთი +0,85
3. შვედეთი +1,09

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული