ფელპსი საუკუნის გაცურვას გვპირდება

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი აცხადებს, რომ გაისად ლონდონის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ცნობილი ავსტრალიელი მოცურავის იან ტორპის გამოსვლა იქნება.

თანამედროვე სპორტის ვარსკლავები 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ფელპსი კიდევ ერთ "საუკუნის გაცურვას" წინასწარმეტყველებს.

ტორპი დიდ სპორტს ხუთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სამ დისციპლინაში დაგეგმა გამოსვლა: 200 მეტრი თავისუფალი სტილით, აგრეთვე 4ხ100 მეტრზე და 4ხ200 მეტრზე თავისუფალი ესტაფეტები.

2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ფელპსმა, ტორპმა და ჰოლანდიელმა პიტერ ვან დენ ჰუგენბანდმა დაუვიწყარი გაცურვა
აჩუქეს სპორტის მოყვარულებს. ის ფინალი სწორედ 200 მეტრზე შედგა.

"თავისუფალი სტილით 200 მეტრი კარგი გასართობი გახდა გულშემატკივრებისთვის, რადგან აქ შესაძლებელია ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენების შეკრება. ძალიან მინდა კიდევ ერთხელ გავიდე სტარტზე ტორპის წინააღმდეგ. ამ გაცურვას მოუთმენლად ველოდები. მთელი კარიერის განმავლობაში მასთან ერთად მხოლოდ ორჯერ მომიწია ცურვა და არ ღირს ამ სიამოვნების დაკარგვა", - აცხადებს 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი.

ცოტა ხნის წინ, ფელპსმა 200 მეტრი შანხაიში მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაცურა, მაგრამ თავის თანამემამულესთან რაიან ლოხტსთან წააგო.

"წელს ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ ლონდონში სპორტსმენები კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოვლენ", - აგრძელებს მაიკლი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი გამოსვლით ფელპსი მაინც და მაინც კმაყოფილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ოქროთი დაასრულა პირველობა.

"საკუთარ თავს ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ვუსახავ. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით. ეს ის არ არის, რასაც ვგეგმავდი. ასე რომ, ტემპს კიდევ უნდა მოვუმატო. ეს არის ოლიმპიადის წინ ჩემი მიზანი", - ასრულებს ინტერვიუს ლეგენდარული ამერიკელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული