ჩემპიონის რევანში

AutoSharing Option

ისევე როგორც წინა დღეს, ოთხშაბათსაც ბუდაპეშტის აუზში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. ყველაზე დიდი ინტერესი გერმანელი პაულ ბიდერმანის გამოსვლამ გამოიწვია. შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე მაიკლ ფელპსის მძლეველმა წლევანდელი პირველობა სუსტად დაიწყო - 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ოქროს მედალი დაკარგა და ორჯერ ნაკლებ დისტანციაზე რევანშისთვის იყო განწყობილი. მას ორი რუსი კონკურენტი ჰყავდა - ამ ჩემპიონატზე 4x100 მეტრზე ესტაფეტის გამარჯვებულები - ლობინცევი და იზოტოვი.
გერმანელმა მშვიდი სტარტი აიღო და პირველი 100 მეტრის შემდეგ მეექვსე იყო, მაგრამ შემდეგ მკვეთრად უმატა ტემპს და იოლად დაამარცხა

ყველა კონკურენტი. ვერცხლი და ბრინჯაო თითქოს რუს მოცურავეებს უნდა მოეგოთ, მაგრამ მათ ბრძოლაში მოულოდნელად ჰოლანდიელი სებასტიან ვერშურენი ჩაერია და ცოტა დააკლდა მეორე ადგილზე გასასვლელად. ლობინცევმა ბოლო მომენტში გაუსწრო ჰოლანდიელს, რომელსაც ბრინჯაოთი მოუწია დაკმაყოფილება.

1500 მეტრზე მარათონული დისტანცია ისტორიული შედეგით დასრულდა. პირველად ასეთი დონის ტურნირზე მედალი ერგო ფარერების კუნძულების წარმომადგენელს. აქამდე ყველასთვის უცნობმა პოლ იონსენმა სენსაციურად მოიგო ვერცხლის მედალი. რაც მთავარია, კუნძულელი ბოლო მომენტამდე ებრძოდა ფრანგ სებასტიან რუოს და მხოლოდ დისტანციის უკანასკნელ მეტრებზე დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან. ბრინჯაოს მედალი იტალიელი სამუელ პიცეტის საკუთრება გახდა.

ქალებს შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ხელი მოეცარა მთავარ ფავორიტს - 16 წლის შვედს სარა სიოსტრიომს. მან ამ ჩემპიონატზე უკვე მეორე დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა და კვლავ მეოთხე მივიდა ფინიშთან. ყველაზე სწრაფი ბრიტანელი ფრანჩესკა ჰოლსალი აღმოჩნდა. პირველი მედალი მოიგო ჩემპიონატზე ბელარუსის ნაკრებმა - მეორე ადგილი დაიკავა გამოცდილმა ალექსანდრა გერასიმენიამ.

ბოლო ფინალმა ადგილობრივი მაყურებლები გაახარა. ლასლო ჩეხს ევროპის ბოლო ორ ჩემპიონატზე ორი ოქრო ჰქონდა მოგებული 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში და მისგან ამ სერიის გაგრძელებას ითხოვდნენ. უნგრეთმა გაამართლა ადგილობრივი პუბლიკის მოლოდინი. მართალია, ჩეხს ბოლოს ავსტრიელი მარკუს როგანი წამოეწია, მაგრამ მასპინძელმა შეტევებს გაუძლო და მეშვიდე ოქრო მოიპოვა კონტინენტის პირველობებზე.

კაცები
200 მ. თავისუფალი
1. პაულ ბიდერმანი (გერ) 1.46,06
2. ნიკიტა ლობინცევი (რუს) 1.46,51
3. სებასტიან ვერშურენი (ჰოლ) 1.46,91
1500 მ. თავისუფალი
1. სებასტიან რუო (საფ) 14.55,17
2. პოლ იონსენი (ფარ) 14.56,90
3. სამუელ პიცეტი (იტა) 14.59,76
200 მ. კომპლექსური
1. ლასლო ჩეხი (უნგ) 1.57,73
2. მარკუს როგანი (ავსტრია) 1.58,03
3. ჯო რიობეკი (ბრიტ) 1.59,46

ქალები
100 მ. თავისუფალი
1. ფრანჩესკა ჰოლსალი (ბრიტ) 53,58
2. ალექსანდრა გერასიმენია (ბლრ) 53,82
3. ფემკე ჰეემსკერკი (ჰოლ) 54,12
100 მ. ბრასი
1. იულია ეფიმოვა (რუს) 1.06,32
2. რიკე პედერსენი (დან) 1.07,36
2. ჯენი იოჰანსონი (შვედ) 1.07,36

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული