15 წლის ლიტველი ვუნდერკინდი და მაიკლ ფელპსის მე-15 ოქრო

AutoSharing Option
ცურვის პროგრამის მესამე დღეზე 31 ივლისს მოკლედ მოგიყევით. ახლა კი უფრო დაწვრილებით გავიხსენოთ ოთხივე ფინალი.

დავიწყოთ ქალებს შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვით, სადაც ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპზე ოლიმპიური რეკორდი დაამყარა ავსტრალიელმა ემილი სიბომმა - 58,23 წამი. ის ასევე გამოვიდა 59 წამიდან ნახევარფინალში, რაც მის არცერთ კონკურენტს არ გაუკეთებია.

შესაბამისად, სიბომი ფინალის უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ მის გეგმებს ხელი შეუშალა ამერიკელმა მისი ფრანკლინმა. დისტანციის პირველ ნახევარში ავსტრალიელი ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო 50 მეტრზე მას ფრანკლინმა გაუსწრო.

მართალია, მისიმ მხოლოდ აშშ-ის რეკორდი
დაამყარა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა კარიერაში პირველი ოქროს მოსაპოვებლად.

* * *
კაცებს შორის 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვის შესახებ უკვე მოგიყევით. ზედიზედ მეორე დუელი მოუგო ფრანგმა იანიკ ანიელმა ამერიკელ რაიან ლოხტეს და ამ ოლიმპიადაზე მეორე ოქრო მოიგო. ახალმა ჩემპიონმა უმაღლესი ტემპი აჩვენა და ყველა კონკურენტს, მინიმუმ, კორპუსი მოუგო.

ლოხტე კი საერთოდ მედლის გარეშე დარჩა. იან სუნი და ტაივენ პაკი 400 მეტრზე პირველი ადგილისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს, ამჯერად კი ვერცხლი და ბრინჯაო გაიყვეს და ამერიკელი ფავორიტი პოდიუმის მიღმა დატოვეს.

* * *
ახალი ვარსკვლავის დაბადება ვიხილეთ ქალებს შორის 100 მეტრზე ბრასით ცურვაში. ოლიმპიადის წინ ამ დისციპლინაში ფავორიტებად ამერიკელებს - ბრიჯა ლარსონსა და რებეკა სონის მიიჩნევდნენ, მაგრამ კვალიფიკაციაზე საუკეთესო დრო აჩვენა 15 წლის ლიტველმა რუტა მიელიუტიტემ.

ფინალი პატარა კურიოზით დაიწყო - სტარტის სისტემამ არ იმუშავა და მოცურავეებს მოცდა მოუწიათ. თუმცა ამას არ უმოქმედია ლიტველის საბრძოლო განწყობაზე. ის გაცურვის წინაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და არანაირ ემოციას არ გამოხატავდა.

რუტას სტარტიც შესანიშნავი გამოუვიდა, თავიდანვე პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა და უპირატესობა ფინიშამდე შეინარჩუნა.

გამოცდილმა რებეკა სონიმ კი პირიქით, აშკარად ჩააგდო სტარტი და პირველი 50 მეტრის შემდეგ შვიდ მეათედს აგებდა მეილიუტიტესთან. ამის შემდეგ რებეკა აქტიურად ამუშავდა და თითქმის დაეწია ლიტველს, მაგრამ ფინიშზე სულ რაღაც რვა მეასედი წამი დააკლდა ოქრომდე.

რუტა მიელიუტიტე რამდენიმე წელია, ინგლისში ცხოვრობს და ახლა ბრიტანელები დარდობენ იმის გამო, რომ ეს სპორტსმენი მათ გუნდში არ გამოდის. არადა, რუტა ოლიმპიადის მასპინძლებისთვის მისწრება იქნებოდა, რადგან ბრიტანეთის ოლიმპიური გუნდი ჯერაც ოქროს მედლის მოლოდინშია.

* * *
ცურვაში მეოთხე მედალი კაცებს შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში გათამაშდა. ამ დისტანციაზე ამერიკელები დომინირებდნენ. ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა მეტიუ გრევერსმა. მისთვის ხელის შეშლა სცადა ფრანგმა კამილ ლაკურმა, მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარზე გრევერსის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა.

საბოლოოდ ამერიკელმა უახლოეს მდევარს - თანამემამულე ნიკ ტომანს რვა მეათედი მოუგო და თან ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.

* * *
რაც შეეხება 31 ივლისის გაცურვებს, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ მაიკლ ფელპსის მორიგი მიღწევა. მას ლონდონის ოლიმპიადამდე 14 ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ჰქონდა და კიდევ ორი მედალი სჭირდებოდა იმისთვის, რათა ოლიმპიადებზე მედლების საერთო რაოდენობით საბჭოთა ტანმოვარჯიშის, ლარისა ლატინინას რეკორდი გაეუმჯობესებინა, რომელიც 1964 წლიდან იყო ძალაში.

ფელპსმა რეკორდი 200 მეტრზე ბატერფლაიში ფინალის შემდეგ გააუმჯობესა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას ამერიკელი გაეხარებინა. ის თითქმის მთელი დისტანცია ლიდერობდა და ოქროც, პრაქტიკულად, განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო მეტრებზე სამხრეთაფრიკელი ჩად დე კლო წამოეწია და გაუსწრო ლეგენდას. სხვაობა მათ შორის 5 მეასედი წამი იყო.

თუმცა 31 ივლისს ფელპსმა მაინც მოიპოვა ოქროს მედალი - 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში ამერიკა უკონკურენციოდ იყო და არ დაუშვა 4x100 მეტრი ესტაფეტის სცენარი, როცა აშშ-ს ოქროს მედალი გამოსტაცა საფრანგეთის ნაკრებმა.

ფელპსმა მე-15 ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. სულ კი მის კოლექციაში 20 მედალია. რაც შეეხება ლოხტეს, ლონდონში მისი მონაგარი უკვე ორ ოქრომდე ავიდა.
უფრო დაწვრილებით 31 ივლისის ფინალებზე მომდევნო ნომერში მოგიყვებით.

კაცები

4x200 მ. თავისუფალი
1. აშშ 6:59.70
(რაიან ლოხტე, კონორ დუაიერი, რიკი ბერენსი, მაიკლ ფელპსი)
2. საფრანგეთი +3.07
(ამორი ლევო, გრეგორი მალე, კლემან ლეფერი, იანიკ ანიელი)
3. ჩინეთი +6.60
(იუნ ჰაო, იუნკი ლი, ჰაიკი ჟიანი, იან სუნი)
4. გერმანია +6.89
5. ავსტრალია +7.30
6. ბრიტანეთი +9.63
7. ს. აფრიკა +9.95
8. უნგრეთი +13.96

200 მ. ბატერფლაი
1. ჩად ლე კლო (ს. აფრ) 1:52.96
2. მაიკლ ფელპსი (აშშ) +0.05
3. ტაკეში მაცუდა (იაპ) +0.25
4. დინკო იუკიჩი (ავსტრია) +1.39
5. ტაილერ კლერი (აშშ) +2.10
6. ველიმირ სტიეპანოვიჩი (სერ) +2.11
7. პაველ კორზენიოვსკი (პოლ) +2.12
8. იინ ჩენი (ჩინ) +2.22

ქალები
200 მ. თავისუფალი
1. ელისონ შმიტი (აშშ) 1:53.61 (ო.რ.)
2. კამილ მუფა (საფ) +1.97
3. ბრონტე ბარატი (ავსტრა) +2.20
4. მისი ფრანკლინი (აშშ) +2.21
5. ფედერიკა პელეგრინი (იტა) +3.12
6. ვერონიკა პოპოვა (რუს) +3.64
7. კეიტლინ მაკლატჩი (ბრიტ) +3.99
8. კაილი პალმერი (ავსტრა) +4.07

200 მ. კომპლექსური
1. იე შივენი (ჩინ) 2:07.57 (ო.რ)
2. ალისია კოუტსი (ავსტრა) +0.58
3. კეიტლინ ლევერენსი (აშშ) +1.38
4. სტეფანი რაისი (ავსტრა) +1.98
5. არიანა კუკორსი (აშშ) +2.26
6. კირსტი ქოვენთრი (ზიმ) +3.56
7. ჰანა მაილი (ბრიტ) +3.72
8. კატინკა ჰოსუ (უნგ) +6.62

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული