ცუდი დღე ფავორიტებისთვის

AutoSharing Option
ტრადიციულად, მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა ცურვაში. პირველი ფინალი იყო ქალებს შორის 200 მეტრი ბრასი. ცურვის ამ სახეობაში მიმდინარე ოლიმპიადაზე ახალგაზრდა ამერიკელთან - მისი ფრანკლინთან ბრძოლა უაზრობა იყო.

100 მეტრის მოგების შემდეგ, 17 წლის მოცურავემ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით მოიგო ორჯერ გრძელი დისტანცია, თანაც ფანტასტიკური შედეგი დააფიქსირა - მსოფლიოს რეკორდს ნახევარი წამი ჩამოაკლო!

სამაგიეროდ, დიდი ბრძოლა გაიმართა დაბალი სინჯის მედლებისთვის. კარგა ხანი ერთად მიდიოდნენ რუსი ზუევა, ბრიტანელი სიმონდსი და ამერიკელი ბიზელი. საფინიშო სპურტი უკეთ ზუევას გამოუვიდა და მან ვერცხლი აიღო, ადგილობრივი
გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, ბრინჯაო არა სიმონდსს, არამედ ბიზელს ერგო.

* * *
ბრიტანელებს კიდევ ერთი იმედგაცრუება 800 მეტრზე ქალებს შორის ცურვაში ელოდათ. აქ გამოდიოდა მასპინძელთა გუნდის მთავარი იმედი, პეკინის თამაშების ორგზის ჩემპიონი რებეკა ედლინგტონი, რომლისგანაც მხოლოდ ოქროს მედალს ელოდნენ.

თანაც, პირველი ადგილს მას ბოლო წლებში თავის მთავარ კონკურენტთან - დანიელ ლოტე ფრიისთან ბრძოლაში უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ სკანდინავიელი მხოლოდ მეხუთე მივიდა ფინიშთან, ედლინგტონი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა (ეს ამ სინჯის მეორე მედალია მისთვის - მანამდე რებეკამ ბრინჯაო აიღო 400 მეტრზე ცურვაში).

გამარჯვება კი სენსაციურმა ამერიკელმა, 15 წლის კეტი ლედეცკიმ მოიგო. თანაც ის 750 მეტრი მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით ცურავდა, მაგრამ ბოლოს სულ მცირედი არ ეყო ყველა დროის საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად. თუმცა ასე სწრაფად ამერიკელთაგან 800 მეტრი არავის გაუცურავს.

* * *
3 აგვისტოს, ორი ფინალი ჰქონდათ მამაკაცებსაც. 200 მეტრზე ბატერფლაიში ჩად ლე კლოსთან წაგების შემდეგ, მაიკლ ფელპსი ორჯერ მოკლე დისტანციაზე რევანშს გეგმავდა. მისი კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტი იყო მილორად კავიჩი, რომელმაც გვარიანად ანერვიულა ამერიკელი ლეგენდა პეკინის ოლიმპიადაზე.

კავიჩმა, ტრადიცულად, ძლიერი სტარტი აიღო და საკმაოდ კომფორტული უპირატესობაც მოიპოვა. მაგრამ სერბმა ძალები ვერ გათვალა და საბოლოოდ, საპრიზო სამეულის მიღმა აღმოჩნდა.

ფელპსმა კი პირიქით, ნელი სტარტი აიღო (50 მეტრის შემდეგ მეშვიდე ადგილი), მაგრამ ფინიშთან ახლოს თავისი საფირმო სიჩქარე ჩართო და 17-გზის (!) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალი კი ორმა მოცურავემ მიიღო - ლე კლომ და რუსმა კოროტიშკინმა. მათ შესანიშნავი ფინიში აჩვენეს და კავიჩი მედლის გარეშე დატოვეს.

* * *
ბოლო ფინალი იყო მამაკაცთა სპრინტი 50 მეტრზე. და აქაც ვნახეთ ფავორიტის წაგება. ზედიზედ ოთხი დიდი ტურნირის მოგების შემდეგ (2008 წლის ოლიმპიადა, მსოფლიოს 2009 და 2011 წლის ჩემპიონატები, მსოფლიოს ჩემპიონატი მოკლე აუზში -2010), სესარ სელიო ამჯერად ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა.

სენსაციური გამარჯვება კი ფრანგმა ფლორან მანოდუმ მოიპოვა, რომელიც ამის შემდეგ გამოვა თავისი სახელოვანი დის - ლორ მანოდუს ჩრდილიდან. ვერცხლის მედალი ამერიკელმა კალენ ჯონსმა მოიპოვა.

კაცები
50 მ. თავისუფალი
1. ფლორან მანოდუ (საფ) 21.34
2. კულენ ჯონსი (აშშ) 21.54
3. სესარ სელიო (ბრა) 21.59
4. ბრუნო ფრატუში (ბრა) 21.61
5. ენტონი ერვინი (აშშ) 21.78
6. როლანდ შიომანი (ს. აფრ) 21.80
7. ჯორჯ ბოველი (ტრინ) 21.82
8. იმონ სალივანი (ავსტრა) 21.98

100 მ. ბატერფლაი
1. მაიკლ ფელპსი (აშშ) 51.21
2. ჩად ლე კლო (ს. აფრ) 51.44
2. ევგენი კოროტიშკინი (რუს) 51.44
4. მილორად კავიჩი (სერ) 51.81
4. შტეფენ დიბლერი (გერ) 51.81
6. იოერი ვერლინდენი (ჰოლ) 51.82
7. ტაილერ მაკგილი (აშშ) 51.88
8. კონრად ჩერნიაკი (პოლ) 52.05

ქალები
200 მ. გულაღმა
1. მისი ფრანკლინი (აშშ) 2:04.06 (მს.რ.)
2. ანასტასია ზუევა (რუს) 2:05.92
3. ელიზაბეტ ბიზელი (აშშ) 2:06.55
4. ელიზაბეტ სიმონდსი (ბრიტ) 2:07.26
5. მეგან ნაი (ავსტრა) 2:07.43
6. კირსტი ქოვენთრი (ზიბ) 2:08.18
7. ალეტსიენ კასტელი (საფ) 2:08.43
8. შინედ რასელი (კან) 2:09.86

800 მ. თავისუფალი
1. კეტი ლედეცკი (აშშ) 8:14.63
2. ბელმონტე გარსია (ესპ) 8:18.76
3. რებეკა ედლინგტონი (ბრიტ) 8:20.32
4. ლორენ ბოილი (ზელ) 8:22.72
5. ლოტე ფრიისი (დან) 8:23.86
6. ბოგლარკა კაპაში (უნგ) 8:23.89
7. კორალი ბალმი (საფ) 8:29.26
8. პინტო პერესი (ვენ) 8:29.28

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული