მაიკლ ფელპსი კინაღამ ჩამოაქვეითეს

AutoSharing Option
სერიოზულ სკანდალში გაეხვა 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი.

ლონდონის ოლიმპიადის დროს ესპანურმა და ინგლისურმა ვებგვერდებმა - ElPeriodico-მ და The Daily Mail-მა გამოაქვეყნეს ფელპსის ფოტოები, რომელიც კომპანია Louis Vuitton-ის რეკლამა გახლდათ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მე-40 წესი გვამცნობს: ოლიმპიადის დროს აკრძალულია თამაშების არაოფიციალური სპონსორების სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული ფოტოები 7 და 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ერთ-ერთ ფოტოზე ფელპსი ლეგენდარულ საბჭოთა ტანმოვარჯიშესთან, ლარისა ლატინინასთან ერთად არის აღბეჭდილი, რომლის რეკორდიც ამერიკელმა მოცურავემ ლონდონის თამაშების დროს გააუმჯობესა. მაიკლის ფოტოსესიის ავტორია ცნობილი ფოტოგრაფი
ენი ლეიბოვიცი.

ამ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ საფრთხე დაემუქრა იმ ექვს მედალს, რომელიც ფელპსმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

წესის თანახმად, ოლიმპიურ კომიტეტს უფლება ჰქონდა, ეს მედლები ჩამოერთვა ამერიკელისთვის.

ფელპსის აგენტმა პიტერ კარლაილმა განაცხადა, რომ მოცურავეს წესი არ დაურღვევია.

"მას ბრალი არ მიუძღვის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მისცა თუ არა ფელპსმა ამ ფოტოების გამოქვეყნების უფლება. ეს არის ყველაფერი, რისი გაკონტროლებაც მას შეუძლია. მაიკლს ასეთი უფლება არ მიუცია; უფრო მეტიც, ჩემმა კლიენტმა არ მოიწონა ეს სურათები", - განაცხადა AP-სთან კომენტარში კარლაილმა.

20 აგვისტოს კი გაირკვა, რომ მაიკლ ფელპსს არ მოუწევს ექვსი ლონდონური მედლის დაბრუნება. როგორც აღმოჩნდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს ჯილდოების ჩამორთმევას კომერციულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.

გარდა ამისა, სპორტსმენის ფოტოები ინტერნეტში სარეკლამო სააგენტოს მხრიდან ინფორმაციის გაჟონვის წყალობით მოხვდა და ეს არ ყოფილა ოფიციალური სარეკლამო კამპანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული