საქართველოს ზამთრის ჩემპიონატს "ოლიმპიკმა" უმასპინძლა

AutoSharing Option
საქართველოს სხვადასხვა კუთხის 120 მოცურავე ქალ-ვაჟი მონაწილეობდა ზამთრის ეროვნულ ჩემპიონატში, რომელსაც საწყლოსნო კომპლექსმა "ოლიმპიკმა" უმასპინძლა.

ეს სეზონის პირველი შეჯიბრება იყო და სპორტსმენებს მაინცდამაინც არ გამოუჩენიათ თავი, თუმცა ახალგაზრდებში შარშანდელი ევროპის პირველობის მე-3 პრიზიორმა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ირაკლი ბოლქვაძემ და დავით სიხარულიძემ, შესაბამისად, 100 მეტრზე გულაღმა ცურვასა და 200 მეტრ ბრასში ფინიშის ხაზი სპორტის ოსტატის ნორმატივებით გადაკვეთეს.

საგულისხმოა, რომ ორივე სპორტსმენი ირაკლი რევიშვილთან და თემურ კობახიძესთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

ამ შეჯიბრებას ივლისის მიწურულს ბარსელონა უმასპინძლებს, ოღონდ იქ გამოსასვლელად საგზურია
საჭირო.

პირველი სალიცენზიო ტურნირი 27 თებერვალს გერმანიაში გაიმართება. მომდევნო ასპარეზობებს ჰოლანდიური ეინდჰოვენი (4-7 აპრილი), თურქეთი (10-14 აპრილი) და ხარკოვი (მაისი) უმასპინძლებს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩვენი სპორტსმენები კატალონიის დედაქალაქში გამგზავრების უფლებას მოიპოვებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისის დასაწყისში თემურ კობახიძე პოლონეთში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაშიც მოსინჯავს ძალებს.

ზამთრის ეროვნულ ჩემპიონატში, ტრადიციულად, საჩხერელმა მოცურავეებმაც იასპარეზეს და რვა მედალიც დაიმსახურეს. ექვსი ჯილდო მარიამ ზუბიაშვილს ერგო, რომელიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოთხჯერ ავიდა, მათ შორის 400 მეტრზე (6.05,56) კომპლექსურ ცურვაში.

- ამ შეჯიბრებაზე ცხრა შეგირდი ჩამოვიყვანეთ, - გვითხრა საჩხერის საცურაო აუზის დირექტორმა თეიმურაზ კვესაძემ. - მარიამ ზუბიაშვილმა გვასახელა, რომელმაც არა მარტო მედლები მოიხვეჭა, არამედ პირადი შედეგებიც გააუმჯობესა.

გაგვახარა 12 წლის ოთარ ივანაშვილმა, რომელმაც 800 და 1500 მეტრზე თავისუფალი ყაიდით მესამე ადგილები დაიკავა. პერსპექტიული ბიჭია, საქართველოს მოზარდთა იმ გუნდში მოიაზრება, რომელიც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება.

ამ ტურნირში ჩვენმა სხვა მოცურავეებმაც გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები. შედეგები ბევრად უკეთესი გვექნებოდა, წყვეტიანობა რომ არ გვქონოდა: 2011 წლის ნოემბერში სამსახურიდან გამათავისუფლეს და მთელი წელიწადი უმუშევარი ვიყავი - ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი რატომ ხარო.

აბა, ვის გვერდით უნდა ვყოფილიყავი - კაცმა ჯერ ჭორვილის სკოლას აუშენა აუზი, მერე მისი საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით საჩხერეში ჩადგა მწყობრში 25-მეტრიანი აუზი, რომლის დირექტორადაც დავინიშნე.

როგორც გითხარით, ერთწლიანი უქმობის შემდეგ შარშან, ნოემბრის მიწურულს აღმადგინეს სამუშაოზე და ჩვეული რიტმით განვაახლეთ საქმიანობა.

- შეჯიბრებაზე ჭორვილელებს ვერ ვხედავ...
- სკოლას სათანადო სახსრები არა აქვს და აუზი გაჩერებულია. სოფლის რამდენიმე სპორტსმენი, ვისაც საშუალება აქვს, საჩხერეში დადის.

ჩვენც გვაწუხებს ერთი პრობლემა - ტრენაჟორების უქონლობა, რაც ფიზიკურ მომზადებაში გვიშლის ხელს. არადა, შარშან ქუთაისიდან მოვიწვიეთ მწვრთნელები და წყალბურთის სექცია გავხსენით. 1997 წელს და უფრო გვიან დაბადებული 30 მოზარდი ვარჯიშობს.

დეკემბერში ჩვენმა გუნდმა თანატოლებში აჭარის ტურნირი მოიგო. ვიმედოვნებთ, რომ წლეულს მეტ ყურადღებას მოგვაქცევენ და ვეცდებით, წარმატებები როგორც ცურვაში, ისე წყალბურთში ვამრავლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული