ოლიმპიური ფესტივალისთვის ღია საცურაო კომპლექსის მშენებლობა აპრილში დასრულდება

AutoSharing Option
წლეულს, 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს დედაქალაქი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტის 9 სახეობაში კონტინენტის 49 ქვეყნის 3800-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს. ამ შეჯიბრებისთვის თბილისში, ოლიმპიურ სოფელთან ერთად, სპორტული ბაზების მშენებლობაც სრული სვლით მიმდინარეობს.

გუშინ სწორედ ამ ობიექტებს ვეწვიეთ. მოვინახულეთ მძლეოსნობის სტადიონის, ფრენბურთისა და ტანვარჯიშის დარბაზების, ასევე, საცურაო კომპლექსის მშენებლობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, ამ ბოლო ობიექტს კომპანია "ელჯორჯია" აშენებს. გვესაუბრება მშენებლობის უფროსი ვახტანგ ქოიავა.

- ოლიმპიური ფესტივალისთვის ღია საცურაო კომპლექსის მშენებლობა შარშან ივნისში დავიწყეთ და წლეულს აპრილს
დავასრულებთ, - გვითხრა მასპინძელმა. - ტრიბუნები 3 ათას მაყურებელზეა გათვალისწინებული. კომპლექსს ექნება ოლიმპიური სტანდარტების ორი საცურაო აუზი: ერთი - 50, მეორე კი - 35-მეტრიანი, რომელიც წყალმხტომელებისა და სინქრონულად მოცურავეებისთვის არის გამიზნული. ორივე აუზი წყალბურთელთა ნებისმიერი დონის ტურნირებს მოემსახურება როგორც სათამაშოდ, ისე მოსათელავად. ეს კომპლექსი თავისი სტანდარტებით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

- აუზებისა და ტრიბუნების აგების გარდა, კომპლექსზე დღემდე კიდევ რა სამუშაოები ჩატარდა?
- დამთავრდა ადმინისტრაციული კორპუსის, ბავშვებისთვის საჭყუმპალაოს (12X4 მ) და ბატუტზე მხტომელებისთვის დარბაზის მშენებლობა, რომელიც წყალმხტომელთათვისაც აუცილებელია. წყალხტომის აუზში დამონტაჟდება 10, 7 და 6-მეტრიანი კოშკურები, ასევე, სამი და ერთმეტრიანი ტრამპლინები.

კომპლექსს ექნება ფიტნესის ოთახი, საუნები, გასახდელები და საშხაპეები, სველი წერტილები, მსაჯებისა და მწვრთნელების ოთახები, რესტორანი, ღია კაფე და საოფისე ფართობი, რომელშიც კომპლექსის ადმინისტრაცია განთავსდება. როგორც გითხარით, ამ მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილი, ადმინისტრაციულ კორპუსში კაფელისა და მეტლახის სამუშაოები, ელექტროგაყვანილობის მონტაჟი, ფაქტობრივად, დასრულებულია. დავიწყეთ აუზების მოპირკეთება.

ახლა მთავარი ყურადღება გადატანილია შენობისა და მისი შემოგარენის კეთილმოწყობაზე. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყოველდღიურად 100-120 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მუშაობს კომპლექსის სამუშაოებზე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ობიექტს დროზე ჩავაბარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალი აუზი კარგია, მაგრამ რა ვუყოთ "მოხუც" და დამსახურებულ "ლაგუნა ვერეს" ? დავანგრიოთ, თუ გავარემონტოთ?
ვაჟა
22:25 12-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული