ცურვა. მსოფლიოს ჩემპიონატი: სამი რეკორდი მეორე დღეს

AutoSharing Option
ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს რამდენიმე გმირი ჰყავდა, თუმცა, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ უნგრელი კატინკა ჰოსუ, რომელმაც 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ექვსი წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა. უნგრელმა დისტანცია 2 წუთსა და 6.12 წამში დაფარა და წინა რეკორდს 0.03 წამი ჩამოაკლო. ეს შედეგი მით უფრო დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ 2009 წელს, ამერიკელმა არიანა კუკორსმა რეკორდი ულტრათანამედროვე საცურაო კოსტიუმით დაამყარა, რომელიც შემდეგ აკრძალეს.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჰოსუსთვის ეს არის 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ზედიზედ მეორე ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

* * *
როგორც
მოსალოდნელი იყო, 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში შვედმა სარა სიოსტრიომმა გაიმარჯვა. სკანდინავიელმა წინა დღეს, ნახევარფინალში გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, ფინალში კი თავისივე მიღწევას კიდევ 0.1 წამი ჩამოაკლო. სიოსტრიომი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე მესამედ გახდა ამ დისციპლინაში მსოფლიოს ჩემპიონი.

* * *
ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტ გამარჯვებასა და მსოფლიოს რეკორდს ამერიკელ კეტი ლედეცკის უწინასწარმეტყველებდნენ. და ის უკვე ამართლებს გაცემულ ავანსებს. ამერიკელმა უკვე მოიგო 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ოქროს მედალი, მეორე დღეს კი 1500 მეტრის კვალიფიკაციაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. კეტის დროა - 15.27,71, რაც 0.65 წამით აღემატება მისსავე რეკორდს, რომელიც ზუსტად ერთი წლის იყო დამყარებული.

ლედეცკის ეს შედეგი თითქმის უტოლდება მაღალი დონის მამაკაცი მოცურავეების შედეგებს. და, როგორც ჩანს, 18 წლის ამერიკელი გააგრძელებს ყაზანში რეკორდებზე იერიშებს.

კაცები
100 მ. ბრასი. 1. ადამ პიტი (ბრიტ) - 58,52; 2. კემერონ ვან დერ ბურგი (ს. აფრ) - 58,59; 3. როს მერდოკი (ბრიტ) - 59,09...

50 მ. ბატერფლაი. 1. ფლორან მანოდუ (საფ) - 22,97; 2. ნიკოლას სანტოსი (ბრა) - 23,09; 3. ლასლო ჩეხი (უნგ) - 23,15...

ქალები
200 მ. კომპლექსური. 1. კატინკა ჰოსუ (უნგ) - 2.06,12; 2. კანაკო ვატანაბე (იაპ) - 2.08,45; 3. შივან მარიე ო’კონორი (ბრიტ) - 2.08,77...

100 მ. ბატერფლაი. 1. სარა სიოსტრიომი (შვედ) - 55,64; 2. ჟანეტ ოტესენი (დან) - 57,05; 3. ლიუ ინი (ჩინ) - 57,48...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული