მსოფლიოს ჩემპიონატი: ოქრო ათი წლის შემდეგ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი დღის მთავარი გმირი აღმოჩნდა ცნობილი უნგრელი მოცურავე ლასლო ჩეხი, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში, მან ამ დისციპლინაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთაფრიკელი ჩად ლე კლოსი დაამარცხა.

50 მეტრზე ბრასით ცურვაში წინა დღეების რეკორდსმენები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ამ დუელში ბრიტანელმა ადამ პიტიმ სამხრეთაფრიკელ კემერონ ვან დერ ბურგს 15 მეასედი წამი მოუგო. ამჯერად, ფინალში მსოფლიო რეკორდი აღარ დამყარებულა.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ჩინელმა სუნ იანმა თავისი მეორე ტიტული მოიგო ყაზანში: 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში
მოპოვებულ ოქროს, 800 მეტრზე გამარჯვებაც დაუმატა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ჩინელი ამ დისციპლინაში ზედიზედ სამი ჩემპიონატია არ მარცხდება.

სუნ იანს ბოლომდე არ მისცა მოდუნების საშუალება გრეგორიო პალტინიერიმ. ჩინელისთვის ეს მეშვიდე ოქროა მსოფლიოს ჩემპიონატებზე. გარდა ამისა, იანი მთავარი პრეტენდენტია 1500 მეტრზე ცურვაში.

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ამერიკელი კეტი ლედეცკი თავის კონკურენტებს თავისუფალ სტილში არც ერთი დისტანციის მოგების საშუალებას არ აძლევს. 18 წლის მოცურავემ ორი წლის წინ, ბარსელონაში მოპოვებულ ოთხ ოქროს კაზანში უკვე სამი უმაღლესი სინჯის მედალი დაუმატა. ამჯერად, ლედეცკიმ სახელოვან იტალიელ ფედერიკა პელეგრინისა და თანამემამულე მისი ფრანკლინს აჯობა.

მორიგ დღეს რეკორდის გარეშე არ ჩაუვლია. ახალ სახეობაში - 4x100 მეტრზე შერეულ კომპლექსურ ესტაფეტაში მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა ბრიტანეთის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ცურავდნენ: კრის უოლკერ-ჰებორნი, ადამ პიტი, მერი სიობან ო'კონორი და ფრან ჰალსაპი. ძალიან ჩამორჩნენ გამარჯვებულს აშშ-სა და გერმანიის ნაკრებები.

კაცები
200 მ. ბატერფლაი. 1. ლასლო ჩეხი (უნგ) - 1.53,48; 2. ჩად ლე კროსი (ს. აფრ) - 1.53,68; 3. იან სვიტკოვსკი (პოლ) - 1.54,10...
50 მ. ბრასი. 1. ადამ პიტი (ბრიტ) - 26,51; 2. კემერონ ვან დერ ბურგი (ს. აფრ) - 26,66; 3. კევინ კორდსი (აშშ) - 26,86...
800 მ. თავისუფალი. 1. სუნ იანი (ჩინ) - 7.39,96; 2. გრეგორიო პალტრინიერი (იტა) - 7.40,81; 3. მეკ ჰორტონი (ავსტრა) - 7.44,02; 4. კონორ ჯაგერი (აშშ) - 7.44,51...

ქალები
200 მ. თავისუფალი. 1. კეტი ლედეცკი (აშშ) - 1.55,16; 2. ფედერიკა პელეგრინი (იტა) - 1.55,32; 3. მისი ფრანკლინი (აშშ) - 1.55,49... 5. კატინკა ჰოსუ (უნგ) - 1.56,19... 8. ფემკე ჰემსკერკი (ჰოლ) - 1.56,79.
შერეული ესტაფეტა
4x100 მ. კომბინირებული. 1. ბრიტანეთი - 3.41,71 (მსოფლიოს რეკორდი); 2. აშშ - 3.43,27; 3. გერმანია - 3.44,13...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული