თბილისელი მოცურავე 21 წლისაა. წყალს რვა წლისა გაუშინაურდა - "ლაგუნა ვერეს" აუზში დიკისთან დაიწყო
- ჩემთვის პირველი საერთაშორისო ტურნირი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი იყო, რომელსაც 2011 წელს სტამბოლმა უმასპინძლა, - მითხრა თეიმურაზმა. - მაშინ 100 მეტრი ბატერფლაით 57,85 წამში გავცურე და სპორტის ოსტატობის ნორმატივი შევასრულე. თან მსგავს შეჯიბრებებში ქართველთაგან პირველი ვიყავი, ვინც ფინალში მოხვდა. იმავე ფესტივალზე 50 და 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდითაც ვიასპარეზე, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატება არ მქონია.
- ამიტომაც გახდა ბატერფლაი შენი რჩეული სახეობა?
- დიახ, პერიოდულად ვაუმჯობესებდი შედეგებს. 2013 წლის მარტის დასაწყისში ბერლინის საერთაშორისო ტურნირზე 50 მეტრზე ბატერფლაით პირველად დავამყარე საქართველოს რეკორდი - 25,45. ერთი თვის შემდეგ ეინდჰოვენში იმავე დისტანციაზე პირველი ადგილი დავიკავე და ჩემივე მიღწევა გავაუმჯობესე (25,18).
ჰოლანდიის გარდა, მედლები სხვადასხვა დროს მოვიპოვე ჩეხეთის, რუმინეთის, გერმანიის, ბელორუსის, დუბაის საერთაშორისო ტურნირებში. 2013 წლის აგვისტოში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე 50 მეტრზე ბრასითა (39,11) და 100 მეტრზე ბატერფლაით (56,18) საქართველოს რეკორდები დავამყარე.
ცხადია, ჩემთვის ყველა წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ განსაკუთრებით წლეულს, აპრილში ეიდჰოვენსა და ბრესტში ნაჩვენები შედეგებია მნიშვნელოვანი, რადგან ისინი საერთაშორისო მაჩვენებლებს უახლოვდება.
- სალიცენზიო B ნორმატივზე მინდა გკითხო...
- როგორც გითხარით, ტურნირების უმეტესობაში ბატერფლაით ვეჯიბრებოდი მეტოქეებს. მწვრთნელებთან შეთანხმებით, ეინდჰოვენში 200 მეტრზე თავისუფალი ყაიდითაც ვიასპარეზე და ოქროს მედალი მოვიპოვე.
რადგანაც იქ ნაჩვენები შედეგი (1.52,85) ძალიან ახლოს იყო სალიცენზიო B ნორმატივთან, გადავწყვიტეთ, ბედი ბრესტშიც გვეცადა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ძალიან გამახარა სალიცენზიო ნორმატივის შესრულებამ. თანაც თავისუფალი ყაიდით მე 200 და ირაკლი რევიშვილმა 400 მეტრზე 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზიებიც ავიღეთ და გაისად ბუდაპეშტში გამოვალთ.
- ბრესტის შედეგი რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსს თუ გაძლევს?
- ყოველ შემთხვევაში, იმედს არ ვკარგავ. მართალია, ევროპის ფედერაციის დებულებიდან გამომდინარე, საქართველოდან ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელთა სიაში მოცურავეთაგან ჯერჯერობით ირაკლი რევიშვილი და თეონა ბოსტაშვილი მოხვდნენ, მაგრამ ჩვენმა ფედერაციამ ფინალში ჩემი შედეგებიც გაგზავნა. ალბათ, მალე ყველაფერი გაირკვევა.
წინ კიდევ რამდენიმე სალიცენზიო ტურნირია და, არ არის გამორიცხული, ეს შედეგი გავაუმჯობესო. ამჟამად იმათგან, ვისაც სალიცენზიო B ნორმატივი აქვს შესრულებული, ცოტა თუ მისწრებს, ამიტომ ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ არის. მაისის მიწურულსა და ივნისში ორ შეჯიბრებაზე გამოვალ.
საკუთარ შესაძლებლობებში დამატებით რეზერვს ვგრძნობ, მით უმეტეს - თავისუფალი ყაიდით ცურვაში, რადგან ამ დისციპლინაში ნაკლები გამოცდილება მქონდა. ვეცდები, სალიცენზიო B ნორმატივი ბატერფლაითაც შევასრულო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"