დიდ ბრინჯაომდე კილო არ ეყო

AutoSharing Option
საფრანგეთის დედაქალაქში გუშინ დამთავრდა ძალოსანთა მსოფლიო სალიცენზიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 6 სპორტსმენიც მონაწილეობდა. შესანიშნავად იასპარეზა ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა (ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მე-2 ადგილები დაიკავა) გია მაჭავარიანმა (105 კგ). ატაცში მან 187 კილოგრამი დაიმორჩილა და მცირე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა (ჩვენებურს რუსებმა - ხაჯიმურატ აკაევმა (198) და დმიტრი კლიკოვმა (196) აჯობეს). მაჭავარიანმა 222-კილოგრამიანი შტანგა აკრა, რაც მე-6 შედეგი იყო.

ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში 409 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა - მესამე ადგილზე გასულ უკრაინელ ალექსეი ტოროხტის მხოლოდ ერთი კილოგრამით ჩამორჩა.

ამავე
წონაში 23-წლამდელთა შორის 2011 წლის ვერცხლის მედალოსანმა დავით გოგიამაც იასპარეზა. სამწუხაროდ, მან შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და 376 კილოგრამით (171+205) მე-17 ადგილს დასჯერდა.

პარიზის ფიცარნაგზე ჩვენებურთაგან პირველი გავიდა 20-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მეორეადგილოსანი გიორგი ლომთაძე (69 კგ). მან 137 კილოგრამი აიტაცა, მაგრამ აკვრაში საწყისი წონა ვერ დაძლია და უადგილოდ დარჩა. 85 კილოში ძალებს ცდიდა პეკინის ოლიმპიადის მონაწილე რაულ ცირეკიძე. 352 კილოგრამით (157+195) მან მე-16 ადგილი დაიკავა. 382 კილოთი (173+209) მსოფლიოს ჩემპიონობა ირანელმა ქიანუშ როსტომმა მოიპოვა.

მძიმე წონაში ქართველთაგან ორი ათლეტი გამოდიოდა. 18 წლის ლაშა ტალახაძემ წლეულს 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე სამი ოქროს მედალი დაიმსახურა. პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის დებიუტი არ ყოფილა (შარშან ანტალიაშიც იასპარეზა, მაგრამ შეჯიბრება ბოლომდე არ დაუმთავრებია).

ამის მიუხედავად, ახალგაზრდა სპორტსმენმა გამოცდილ ათლეტებს სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწია - ორჭიდში მხოლოდ 387 კილოგრამს (180+207) მოუყარა თავი. უკეთეს შედეგს ველოდით ირაკლი თურმანიძისგან. მართალია, მან ატაცში კარგად დაიწყო (180 კგ ასწია), მაგრამ მერე ორი ცდა გაუცუდდა. აკვრაში 218-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და 398 კილოთი B ჯგუფში მეორე იყო, საბოლოოდ კი მე-12 ადგილი ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული