შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადება საქართველოს ეროვნული გუნდი ოლიმპიური ჩემპიონის - გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით. 8 აპრილს დიდუბეში, ძალოსნობის დარბაზში, მორიგი ვარჯიშის დამთავრების შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ.
- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპის ჩემპიონატს თბილისი მასპინძლობს. ქართველ ძალოსნებს საერთაშორისო სარბიელზე არაერთხელ გამოუჩენიათ თავი და ახლა კონტინენტის უძლიერეს ათლეტებთან შინ პაექრობისას გვეძლევა საშუალება, ქომაგები გავახაროთ.
საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლის ფიცარნაგზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს - უცხოელებს რვა ქართველი გაუწევს კონკურენციას.
მათთან ერთად მოსინჯავს ძალებს
მთავარი ის არის, რომ საქართველოში ქალთა ძალოსნობის გასავითარებლად პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ეს აუცილებელია, რადგან საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა ამ სახეობას დიდ ყურადღებას აქცევს.
ჩვენი ვაჟთა გუნდი ასე დაკომპლექტდა: რამინ შამილიშვილი (56 კგ), ირაკლი გაბრიჭიძე (77), გიორგი ლომთაძე (77), ნიკა ნანაძე (94), გია მაჭავარიანი (105), დავით გოგია (105), ირაკლი თურმანიძე (+105) და გიორგი ჩხეიძე (+105).
- ჩვენს სპორტსმენებს ჩემპიონატზე რა შანსები აქვთ?
- გოგონების შესაძლებლობებზე უკვე გითხარით. ვაჟებიდან ასპარეზობის პირველ დღეს ფიცარნაგზე გავა შამილიშვილი. მის ამჟამინდელ სპორტულ ფორმას და მეტოქეთა წინასწარ შეკვეთილ წონებს თუ გავითვალისწინებთ, რამინს მედლისთვის ბრძოლა რეალურად შეუძლია. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სპორტსმენი უწინ 62 კილოში გამოდიოდა, მაგრამ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, წონა შეიცვალა.
გაბრიჭიძე ახალგაზრდა სპორტსმენია. მისთვის ევროპის ჩემპიონატი ერთგვარი საშეჯიბრო გამოცდილების მისაღებადაა თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც ევროპული ბატალიებიდან ორ კვირაში დაიწყება. მით უმეტეს, რომ შარშან ახალგაზრდების კონტინენტის პირველობაზე ირაკლის ხელი მოეცარა და თბილისში გასამართავმა ევროპის ჩემპიონატმა საკუთარი ძალების რწმენა უნდა დაუბრუნოს. ლომთაძე ძლიერი და, შეიძლება ითქვას, გამოცდილი ათლეტიცაა - კადეტებსა და ახალგაზრდებში არაერთხელ მოუპოვებია კონტინენტის ჩემპიონობა და საპრიზო ადგილები. მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატისთვის ის ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საიმედო წევრი იქნება.
ნანაძე ერთი წელიწადია, გუნდს შემოუერთდა და ძალიან გვინდა, რომ მან შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგები გააუმჯობესოს.
ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ გია მაჭავარიანს, ფაქტობრივად, აქტიური სპორტისთვის თავი დანებებული ჰქონდა სერიოზული ტრავმის გამო. დიდი ხანი არ არის, რაც ფიცარნაგს დაუბრუნდა, მაგრამ მის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მეტოქეებისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
დავით გოგიას ახლახან დაუმთავრდა ორწლიანი დისკვალიფიკაცია. ამ ხნის განმავლობაში, ცხადია, შეჯიბრებებზე არ გამოსულა, მაგრამ ვარჯიშები წუთითაც არ შეუწყვეტია. მართალია, დიდ ფიცარნაგზე დაბრუნება იოლი არ არის, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მას მედლისთვის ბრძოლა ძალუძს. ბოლო პერიოდში საკმაო პროგრესს განიცდის.
მძიმე წონაში მოასპარეზე ჩხეიძე მხოლოდ ჩვიდმეტი წლისაა. სწრაფად მზარდი ტალანტია, ამიტომაც ვაძლევთ შანსს, ევროპელ გოლიათებს შეებრძოლოს. ამგვარი წრთობა მას თანატოლებთან პაექრობისას გაუწევს კარგ სამსახურს. ჩვენი ნაკრების ლიდერია გამოცდილი ირაკლი თურმანიძე.
გახსოვთ, რომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მეხუთე ადგილზე გავიდა და მედლამდე ცოტა დააკლდა. სტაბილურად გამოდის სხვადასხვა შეჯიბრებაზე. ევროპის ჩემპიონატების პრიზიორია და მას მედლებისთვის ბრძოლა თბილისშიც შეუძლია. თურმანიძის მზადყოფნით კმაყოფილი ვარ.
მას ძლიერი კონკურენტები ეყოლება. მოგეხსენებათ, ძალოსნობაში, როგორც ძიუდოსა და ჭიდაობაში, მძიმე წონა პრესტიჟულია, პლანეტის უძლიერესი მამაკაცები აქ იყრიან თავს. თუ გინდა გაიმარჯვო, სხვაზე მეტი წონა უნდა ასწიო. ირაკლის ეს შეუძლია და, იმედია, შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ, სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომით, ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ჩვენს ათლეტებს სრულფასოვანი წვრთნა გაევლოთ. სამი თვე უწყვეტად ვიყავით შეკრებებზე ბორჯომში, დუშეთში, საირმეში, წყალტუბოსა და თბილისში. ამ ხნის განმავლობაში აქტიურად მეხმარებოდნენ მწვრთნელები - ავთანდილ გახოკიძე, ზურაბ ანთაური, ალეკო ნოზაძე, მალხაზ ლომთაძე, გიორგი გაბრიჭიძე.
დიდი დახმარება გაგვიწიეს ოლიმპიური გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა, დავით ტატიშვილისა და "ავერსის" კლინიკებმა.
მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ჩვენი ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული და მასაჟისტი რუსლან ღიბრაძე. ასეთი კომპლექსური მუშაობა ჩვენს სპორტსმენებს შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარა.
ახლა მთავარია, ქართველმა ძალოსნებმა შესაძლებლობის მაქსიმუმი ევროპის ჩემპიონატზე გამოავლინონ. უწინდელი ტრადიციებისა და წარმატებების მიუხედავად, ძალოსნობის მოწინავე ქვეყნად არ მიგვიჩნევენ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ შეჯიბრების მონაწილე 40-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საუკეთესო ექვსეულში მოვხვდეთ. ორიენტირი კი, ცხადია, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებია და იქ სამ ან ოთხკაციანი გუნდით გასამგზავრებლად არაფერს დავიშურებთ.
მთავარი მწვრთნელის შემდეგ გუნდის ლიდერს ორჭიდში, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამეპრიზიორსა და ატაცში ოქროსმედალოსანს, ატაცში 2013 წლის კონტინენტის პირველობის პრიზიორ ირაკლი თურმანიძეს ვესაუბრეთ.
- ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადე. ვარჯიშებზე ავიტაცე 200 და ავკარი 230 კილო. შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, შესაბამისად, 195 და 227-კილოიანი შტანგები დავიმორჩილე. ხელის ტრავმა მოვიშუშე. თავს კარგად ვგრძნობ და ევროპის ჩემპიონატზე მედლისთვის ვიბრძოლებ. არ არის გამორიცხული, ეს ჯილდო უმაღლესი ხარისხისაც იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"