ეს დღე ისტორიული ფაქტით შევიდა ქართული სპორტის მატიანეში - ევროპის ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა ქართველი ქალი - თათია ლორთქიფანიძე, რომელმაც B ჯგუფში მოსინჯა ძალები. პირველ ცდაზე მან 70 კილო აიტაცა, მეორე გაუცუდდა, მესამეზე კი 74-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა.
აკვრაშიც სამიდან ორი ცდა აღმოჩნდა შედეგიანი (90, 94). ორჭიდის ჯამში 168 კილოგრამი მოაგროვა და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა პატრისია სტენიუსისა (შვედეთი, 193) და ნიკოლეტა ნაგის (უნგრეთი, 180) შემდეგ,
მედლებისთვის ბრძოლაში საღამოს A ჯგუფის წარმომადგენლები ჩაებნენ.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად უმთავრესი პაექრობა უკრაინელ და რუს მანდილოსნებს შორის წარიმართა.
ატაცის შემდეგ უკრაინელი იულია კალინა 106 კილოთი დაწინაურდა. რუსი ძალოსანი ნადეჟდა ლიხაჩოვა მას კილოთი ჩამორჩა.
აკვრაში უკრაინელმა უფრო გაზარდა უპირატესობა და ასპარეზობა ორჭიდში 238 კილოთი და სამი ოქროს მედლით დაასრულა.
223 კილოთი ვერცხლის მედალი ლიხაჩოვას ერგო, ხოლო იტალიელი ჯორჯია ბორდინონი 214 კილოთი მესამე იყო.
16 აპრილს მედლებს 69 კილოში ქალები და 85 კილოში მამაკაცები გაინაწილებენ. ქართველთაგან ფიცარნაგზე სოფიო მუქათარიძე გავა.
კვარცხლბეკი
63 კგ, ქალები
1. იულია კალინა (უკრაინა) 238 (106+132)
2. ნადეჟდა ლიხაჩოვა (რუსეთი) 223 (105+118)
3. ჯორჯია ბორდინონი (იტალია) 214 (97+117)
10. თათია ლორთქიფანიძე (საქართველო) 168 (74+94)
* * *
შეჯიბრების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო ურსოს:- საქართველოს დედაქალაქი ძალოსნობაში ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებას პირველად მასპინძლობს. დებიუტი ყოველთვის ძნელია, მაგრამ ორგანიზატორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ტურნირის ორგანიზება უმაღლეს დონეზე შეძლეს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ ტურნირის ტელერეპორტაჟი "ევროსპორტით" მთელ მსოფლიოში გადაიცემა. თბილისში კონტინენტის პირველობის გამართვა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ჩემპიონატის განვლილმა ოთხმა დღემ დაგვარწმუნა, რომ ამ ტურნირზე მიღებული გამოცდილების შემდეგ საქართველოს ნებისმიერი რანგის შეჯიბრების, მათ შორის - მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებაც შეეძლება.
- ორი დღის წინათ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესზე მწვავედ დადგა თბილისში კოსოვოს დროშის აღმართვის საკითხი...
- ევროპის ძალოსნობის ფედერაცია - ეს არის სპორტული ორგანიზაცია და არა პოლიტიკური. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი დროშით გამოვლენ. ჩვენ პოლიტიკისგან შორს ვდგავართ. ქვეყანა ამ ჩემპიონატზე არ იყო ნომინირებული, იმის მიუხედავად, რომ კოსოვო ძალოსნობის ევროპისა და საერთაშორისო ფედერაციების წევრია.
დანარჩენს კი ვერაფერს გეტყვით, რადგან, როგორც აღვნიშნე, ჩვენი საქმეა სპორტი და არა პოლიტიკა.
აი, რა წერია ევროპის ძალოსნობის ფეედერაციის მიერ მოწერილ წერილში:
"მოგეხსენებათ, რომ კოსოვოს ძალოსნობის ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება თბილისში 8-18 აპრილს.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის წესდების თანახმად, მასპინძელი ქვეყანა ვალდებულია, ტურნირზე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ყველა წევრი დაუშვას.
კოსოვოს ძალოსნობის ფედერაცია არის ევროპის ძალოსნობის ფედერაციის სრულფასოვანი წევრი.
კოსოვოს დელეგაციას სჭირდება ვიზა, რათა თბილისში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს.
ამასთან ერთად, ვესაუბრე კოსოვოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ასტრიტ ჰასანს, რომელიც დათანხმდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კოსოვოს გუნდმა იასპარეზოს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის დროშის ქვეშ, ისე, როგორც ეს ხდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადებზე ზოგიერთ ერებთან დაკავშირებით.
გთხოვთ, მოამზადოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რათა კოსოვოს ნაკრებმა შეძლოს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება."
ევროპის ძალოსნობის
ფედერაციის გენერალური
მდივანი ჰასან აკუში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"