U20. ძალოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი ლეგენდის რეკორდი მიუწვდომელია

AutoSharing Option
ფოტოზე: ირაკლი ჩხეიძე
94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ვაჟებს შორის ატაცში მსოფლიო მიღწევა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს ეკუთვნის. ქართველმა ათლეტმა 1999 წელს ათენში 188 კილოგრამი აიტაცა და ეს მიღწევა დღემდე მიუწვდომელია.

თბილისშიც ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს პირველობის მონაწილენი ბევრს ეცადნენ, მაგრამ ქართველის რეკორდს ვერც მიუახლოვდნენ: ამ მოძრაობაში ოქროსმედალოსანმა კოლუმბიელმა რესმან პარადეს მონტანომ მხოლოდ 172-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა.

მისთვის კონკურენცია უკრაინელ ვლადიმირ ჰოზას უნდა გაეწია, მაგრამ ამ უკანასკნელმა საწყისი წონა ვერ დასძლია და ბრძოლას გამოეთიშა, თუმცა ნუგეშად აკვრაში
(204 კგ) მოპოვებული ოქრო დარჩა. ატაცში მეორე-მესამე ადგილები, შესაბამისად, ფარხოდბეკ სობიროვსა (უზბეკეთი, 170) და რეზა ბეირალვანდის (ირანი, 161) ერგოთ. აკვრაში მეორე იყო სობიროვი (203), ბრინჯაო ბერალვანდის (201) ხვდა.

ამავე წონაში იასპარეზა ირაკლი ჩხეიძემ, რომელიც 336 კილოგრამით (150+186) მე-5 ადგილს დასჯერდა.

გოგონებმა 69 კილოში მოსინჯეს ძალები. განსაკუთრებით 18 წლის ეკვადორელი ნენსი პატრიცია დახომეს ბარერა გამოირჩა, რომელიც კონკურენტებზე მთელი თავით მაღლა იდგა. ატაცში 99 კილოთი მეორე იყო მისი 15 წლის თანამემამულე ანჯი პაოლა პალასიოს დახომესი. ბარერა აკვრაში მაშინ გავიდა ფიცარნაგზე, როცა კონკურენტებმა ასპარეზობა დაასრულეს. ეკვადორელმა 125-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ჩემპიონობაც მოიპოვა.

სოფიო მუქათარიძეს 144 კილოგრამით მე-13 ადგილი ერგო.

კვარცხლბეკი
ვაჟები (94 კგ)
1. ფარხოდბეკ სობიროვი (უზბეკეთი) 373 (170+203)
2. რესმან პარადეს მონტანო (კოლუმბია) 372 (172+200)
3. რეზა ბეირალვანდი (ირანი) 362 (161+201)
5. ირაკლი ჩხეიძე (საქართველო) 336 (150+186)
11. ირაკლი ჯალაღონია (საქართველო) 310 (137+173)

გოგონები (69 კგ)
1. ნენსი პატრიცია დახომეს ბარერა (ეკვადორი) 230 (105+125)
2. ჯენიფერ მიჩელ კანტუ იგლესიასი (მექსიკა) 219 (95+124)
3. ალიონა შევკოპლიასი (უკრაინა) 218 (98+120)
13. სოფიო მუქათარიძე (საქართველო) 144 (64+80)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული