ქართველი მოფარიკავეები - ევროპაზე პიზის გავლით

AutoSharing Option
წლეულს, 25 თებერვლიდან ბუდაპეშტი კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს. შეჯიბრებაში ქართველებიც იასპარეზებენ.

ტურნირისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპი 1996-1997 წლებში დაბადებულთა საქართველოს პირველობაც იყო, რომელიც თბილისის ფარიკაობის დარბაზში გაიმართა.

შეჯიბრებაში პირველი მოხმალავენი ჩაებნენ. გოგონებში ისევ თბილისელმა ქრისტინე ნოზაძემ (122-ე საჯარო სკოლა) იყოჩაღა, რომელმაც ჩემპიონობა შეინარჩუნა.

ნახევარფინალში მან დედაქალაქელ ანა აფრასიძეს აჯობა - 15:14, გადამწყვეტ პაექრობაში კი ელენე ნანობაშვილის (თბილისი) მძლეველი (15:13) ანა სინატაშვილი (ქუთაისი) დაამარცხა - 15:10.

ვაჟებში უძლიერესი იყო, ასევე, თბილისელი საბა სულამანიძე (162-ე სკოლა): ნახევარფინალში ნიკა შენგელიას მოუგო
(თბილისი, 15:10), ფინალში კი გივი მერკვილაძე დაჯაბნა (ქუთაისი, 15:9). შენგელიასთან ერთად ბრინჯაოს მედალი ანზორ სიმსივეს (ქუთაისი) ერგო.

რაპირით მოფარიკავეებმა ამას წინათ ევროპის თასის გათამაშების მორიგ ეტაპზე მოსინჯეს ძალები. ვარშავაში ლუკა ღაღანიძემ (177-ე სკოლა) ჯგუფში ოთხ მეტოქეს სძლია, პლეი ოფშიც ამდენივე მეტოქე ჩამოიცილა გზიდან და საბოლოოდ 173 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა.

საქართველოს პირველობაზე კი მას ტოლი ვერავინ დაუდო (შეგახსენებთ, რომ ლუკამ შარშანწინ უფროსებშიც მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა).

ნახევარფინალში რუსთაველ ნიკა ვეფხიაშვილს 15:6 მოუგო, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში გიორგი გელაშვილს (თბილისი) აჯობა - 15:5, ამ უკანასკნელმა 13 წლის გივი ხართიშვილი (თბილისი) დაჯაბნა - 15:1. არადა, ნახევარფინალამდე  გივი ორ მეტოქეს იოლად გაუსწორდა.

გოგონებში პირველობა არავის დაუთმო თეონა გოგლიძემ (35-ე სკოლა), რომელმაც ორიოდე კვირის წინათ ბუქარესტში ევროპის თასის ეტაპზე მხოლოდ მერვედფინალური პაექრობა დათმო მასპინძელ მოფარიკავესთან და 23-ე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს პირველობის ფინალში თეონამ მარიამ ცუხიშვილს (რუსთავი) აჯობა - 15:6. მესამე ადგილებზე ლიკა ჯიჯეიშვილი და ანა მელია (ორივე - თბილისი) გავიდნენ.

შვიდ თებერვალს ლუკა ღაღანიძე, თეონა გოგლიძე, გიორგი გელაშვილი და მარიამ ცუხიშვილი იტალიურ პიზაში კადეტთა შორის ევროპის თასზე იასპარეზებენ.

3 თებერვალს გამარჯვებულები და პრიზიორები დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. კვარცხლბეკზე ავიდნენ: გოგონები. 1. მარია ზაკირჩენკო, 2. ქრისტინე მიქაძე, 3. ანა ბიბიჩაძე (სამივე - ქუთაისი) და ანა მელია (თბილისი); ბიჭები. მიქაელ მიქაელიანი (თბილისი), 2. ირაკლი ფანცხავა, 3. ანრი სიმსივე და გიორგი ყურაშვილი (სამივე - ქუთაისი).

თბილისის ფარიკაობის დარბაზში 14-16 თებერვალს 20-წლამდელ მოფარიკავეთა საქართველოს პირველობა გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა ევროპის პირველობაზე წამსვლელ კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების შემადგენლობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული