საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სამი მოფარიკავით წარსდგება

AutoSharing Option
16 ივნისს ზაგრებში (ხორვატია) დაიწყო მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველთაგან მხოლოდ მოხმალავე ვაჟები იასპარეზებენ.

მთავარი მწვრთნელის - მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით, 17 ივნისს, გამთენიისას, ევროპისკენ აიღო გეზი საქართველოს ნაკრებმა.

ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ ახალგაზრდებში 2013 წლის ევროპის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე, 23-წლამდელებში შარშანდელი ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ბექა ბაზაძე და კადეტებში 2010 წლის მსოფლიოს პირველობის მესამეადგილოსანი მიხეილ მარდალეიშვილი.

19 ივნისს ქართველი მუშკეტერები ინდივიდუალურ პირველობაში მოსინჯავენ ძალებს, 21-ში კი გუნდური მედლებისთვის იბრძოლებენ.

"ბიჭები კარგად არიან მომზადებულნი, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენს ახალგაზრდებს გამოცდილ მეტოქეებთან გამკლავება გაუჭირდებათ.

ამის მიუხედავად, ერთ-ერთი მათგანი 16 საუკეთესოში აუცილებლად უნდა მოხვდეს. რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრებას, სასტარტო შეხვედრა უნდა მოვიგოთ, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ.

მეტოქეებთან 3 სპორტსმენით გამკლავება გადავწყვიტეთ, რადგან 5 აგვისტოს უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.

იქ კი ოთხკაციანი გუნდით გავემგზავრებით. იმ შეჯიბრებისთვის უკეთ მოსამზადებლად პოლონელებს მოველაპარაკეთ ასპარეზობამდე ვარშავაში ერთკვირიანი ერთობლივი საწვრთნელი შეკრების ჩატარებაზე. ამიტომ ამჯერად თანხები დავზოგეთ"
, - გითხრა ზაგრებში გამგზავრების წინ მერაბ ბაზაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული