ირანში მარდალეიშვილის ხმალმა გაიელვა

AutoSharing Option
საქართველოს სპორტის სამინისტროს და ქუთაისის მერიის დაფინანსებით ახალგაზრდა ქართველი მოფარიკავეები, მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე ირანში მსოფლიოს თასის გათამაშების მორიგ ეტაპზე (მონაწილეობდა 7 ქვეყანა) იმყოფებოდნენ.

კვლავ ისახელა თავი მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილმა. ჯგუფში მან სამი შეხვედრა მოიგო და ამდენივე დათმო. მეთექვსმეტედფინალში იოლად სძლია ირანელ ამირ მუხტარს - 15:7, მერე თურქ ნეჰირ ფირატს დააყრევინა ფარ-ხმალი - 15:14, არადა, შეხვედრას ორი ქულით აგებდა. მეოთხედფინალში ახალგაზრდებში აზიის ჩემპიონატის მეორე პრიზიორს, ფარსად ბაჰერს აჯობა 15:8,
ნახევარფინალში კი თავადაც დათმო ორთაბრძოლა თურქეთის პირველ ნომერ აჰმედ ანტთან (10:15) და მესამე ადგილს დასჯერდა. ფინალში უკრაინელმა ივან ბომკომ იმარჯვა. სხვათა შორის, სწორედ ამ უკანასკნელმა გადაუღობა კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა ქუთაისელ დავით უკლებას, რომელმაც ჯგუფში 6-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეთექვსმეტედფინალში ირანელი სინა ტროშიზი დაჯაბნა - 15:9. უკლება მე-12 ადგილზე გავიდა, რაც მისი პროგრესის მაჩვენებელია და, როგორც მწვრთნელებმა მითხრეს, დათომ კადეტთა ნაკრებში ადგილიც დაიჯავშნა.

მეტს მოელოდნენ სანდრო ბაზაძისგან, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში თურქ ენვერ ილდიმთან შეხვედრისას მსაჯებს აშკარად დაუჯაბნიათ და საბოლოოდ მე-18 ადგილი ხვდა. 22-ე იყო ქუთაისელი იური ნებიერიძე, რომელიც ფლეიოფში უკრაინელ ალექსანდრ კრასოვსკის ვერ გასცდა.

რაც შეეხება დაშნით მოფარიკავეებს, შალვა ბილანიშვილმა და ანზორ ყურაშვილმა მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 30-ე და 31-ე ადგილებზე გავიდნენ. მათგან მეტს არც მოელოდნენ, ნაკრების ძირითადი წევრები გიორგი ქაფიანიძე და ზვიად სისაური სტუდენტები არიან და საკურსო გამოცდების გამო შეჯიბრებაზე გამგზავრება ვერ მოახერხეს.

''ირანული შედეგებით უკმაყოფილო არ ვართ, - გვითხრა დავით სახვაძემ. - ამ შეჯიბრებით წლევანდელი ტურნირები ამოიწურა. ახლა აზერბაიჯანელ მოფარიკავეებთან ერთად ახალი სეზონისთვის ვემზადებით თბილისში. 8-9 იანვარს მოხმალავე თეოდორა კახიანი იტალიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასის ეტაპზე იასპარეზებს, მიხეილ მარდალეიშვილი 15-16 იანვარს რეიკიავიკსა და 29-30 იანვარს ლონდონში ევროპის თასის ეტაპებზე გამოვა. ჩვენი ოლიმპიური იმედი ბექა ბაზაძე კი ლონდონის ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლაში თებერვლიდან ჩაებმება.''

წლეულს ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციის კონგრესზე, რომელსაც ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია და საპატიო პრეზიდენტი იური ოსიპოვი ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ გაისად 24-25 სექტემბერს თბილისში მოხმალავეთა ევროპის თასი გათამაშდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული