მსოფლიოს 15 ქვეყნიდან იასპარეზეს კარატეს, აიკიდოს, ჯიუჯიცუს, კიკბოქსინგის, სანდასა და ხელჩართული ბრძოლის ოსტატებმა.
განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ხელჩართულ ბრძოლასა და სანდაში გაიმართა, რადგან აქ დარტყმის ტექნიკასთან ერთად, დასაშვებია ჭიდაობის ფანდების გამოყენება. ხელჩართულ ბრძოლაში შეხვედრები წარიმართა როგორც დგომში, ისე ჩოქბჯენში.
კარატეში საქართველოს ღირსებას შოტოკანის ქართველი წარმომადგენლები იცავდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში საქართველო ორი ნაკრებით - ხრიდოლის ეროვნული ფედერაციისა და შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის გუნდებით იყო წარმოდგენილი.
ამასთან,
ხელჩართულ ბრძოლაში უფროსებს შორის პირველი ადგილები დაიკავეს გიგა გელაშვილმა და ზურაბ ჯოჯუამ (იგი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა).
ზურაბმა სანდას წესებითაც იჩხუბა და 18 წლამდე ასაკის მებრძოლებს შორის თასს ამ სახეობაშიც დაეუფლა. წლეულს ამ სპორტსმენმა უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონობა კონტაქტურ კარატეშიც მოიპოვა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონი, საქართველოსა და ევრაზიის თასის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია სანდასა და კიკბოქსინგში. არის აგრეთვე კავკასიისა და ევრაზიის თასის მფლობელი ხელჩართულ ბრძოლაში.
ხელჩართულ ბრძოლაში ხრიდოლის გუნდიდან 18 წლამდე მებრძოლებს შორის გამარჯვებულები არიან: გოგიტა ბარბაქაძე, ნიკა ჭიკაიძე, ვალერი ღოლიჯაშვილი, ბექა გოგალაძე. 16 წლამდელებში: ნიკოლოზ ბუჩუკური, პაპუნა ნეფარიძე, ვაჟა წიპტაური, გიორგი ნატროშვილი, ოთარ ლუარსაბიშვილი, ვეფხვია ჭინჭარაული.
ხრიდოლში დიდებს შორის მეორე ადგილი დაიკავა ბადრი შუბითიძემ, ჭაბუკებში - გიორგი როსტიაშვილმა.
სანდას ხალიჩაზე მსოფლიო თასისთვის იბრძოლა შვიდმა ხრიდოლიონმა. უფროსებს შორის ომარ ნაროზაულმა, მიუხედავად იმისა, რომ სიცხიანმა იასპარეზა, ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით დაამარცხა ირანელი მეტოქე, ფინალში კი საჯარიმო ქულით დამარცხდა აზერბაიჯანელ მებრძოლთან და მეორე ადგილს დასჯერდა.
მესამე ადგილი დაიკავა ბადრი შუბითიძემ. ჭაბუკებში თავიანთ წონებში იპირველეს აგრეთვე ბექა გოგალაძემ და რომან ხუნდაძემ. ეს 16 წლის სპორტსმენი ყველაზე ტიტულოვანია ხრიდოლის ისტორიაში. თურქულ ხალიჩაზე ის მსოფლიო თასის მოპოვებამდე თითქმის ყოველწლიურად იმარჯვებდა ეროვნულ ჩემპიონატში.
გარდა ამისა, ხუთჯერ გახდა სანდაში საქართველოს ჩემპიონი და ორჯერ თასის მფლობელი, ორჯერ მოიპოვა ევრაზიის თასი სანდაში და ერთხელ ხელჩართულ ბრძოლაში. ასევე ხელჩართულ ბრძოლაში ოთხჯერ მოიპოვა კავკასიის ჩემპიონის ტიტული.
გაიმარჯვა კიკბოქსინგში შინ თუ საერთაშორისო ტურნირებში. შარშან სტამბულში ევრაზიის საბრძოლო ხელოვნებათა ოლიმპიადაზეც ჩემპიონი გახდა. არის თბილისის პრიზიორი ძიუდოში და სამწუხაროდ, ორგანიზატორთა შეცდომის გამო ვერ მოახერხა ეჭიდავა საქართველოს პირველობაზე.
ტრაპიზონის ხალიჩაზე სანდას ჩემპიონატში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა გოგიტა ბარბაქაძემ, მესამე - ნიკოლოზ გუმბერიძემ.
ხრიდოლის ერთმა მებრძოლმა ვეფხვია ჭინჭარაულმა, ხელჩართულის გარდა, K-1 წესებითაც იჩხუბა და აქაც პირველი ადგილი დაიკავა.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ხრიდოლის გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო თასს ღირსეულად დაეუფლა.
გიორგი ავსაჯანიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტრაპიზონის ტურნირმა კიდევ რთხელ დაამტკიცა, რომ თუნდაც ჩვენს რეგიონში, და თუნდაც რუსულ ხალიჩებზე გამარჯვებულ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მქონე მებრძოლებს ქართველები ტოლს არ დაუდებენ.გიორგი, გირჩევთ მიულოცოთ გამარჯვება ბიჭებს და თუ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიწევს საბრძოლო ხელოვნებათა დონე საქართველოში ყველას გაგვიხარდება. ეგ უკვე სახელმწიფოებრივი პრობლემაა და სახელმწიფოსგან სჭირდება დახმარება ამ საქმეს თუნდაც წელიწადში ერთხელ დიდი ტურნირის ორგანიზებითა და ორჯერ მაინც ნაკრების შეკრების მოწყობით...