ეს ორთაბრძოლა 10 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის "ფორტუნას" არენაზე გაიმართება.
უმცროსმა კლიჩკომ მორმეკს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოკრივე უწოდა იმ მეტოქეთაგან, ვისაც აქამდე შეხვედრია. უკრაინელი მძიმეწონოსნის თქმით, მის მეტოქეს კარგი ტექნიკა და დაყენებული დარტყმა აქვს და რინგზე ბრძოლის გონიერად წარმართვის უნარი გააჩნია.
"მისი შეუფასებლობა ფატალური შეცდომა იქნება", - განაცხადა კლიჩკომ.
მორმეკი
39 წლის მორმეკი პირველად მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს გახდა - მაშინ მან WBA-ის ტიტული მოიპოვა. 2005 წელს WBC-ის საჩემპიონი ქამარი დაისაკუთრა.
ერთი წლის შემდეგ კი იამაიკელ ო'ნილ ბელთან წააგო, მაგრამ 2007 წელს რევანში აიღო და ტიტულები დაიბრუნა.
2007 წლის ნოემბერში მორმეკმა ნოკაუტით წააგო ბრიტანელ დევიდ ჰეისთან, რის შემდეგაც ორი წელი არ გასულა რინგზე. 2009 წლის ბოლოს ფრანგმა კარიერა სუპერმძიმე წონაში განაახლა. ამ კატეგორიაში მან ჯერჯერობით სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე მოიგო. სულ მორმეკის ანგარიშზე 40 ბრძოლა, 36 მოგება (22 ნოკაუტით) და ოთხი წაგებაა.
35 წლის კლიჩკოს ეკუთვნის IBF-სი, WBO-სა და WBA-ის ტიტულები. დღემდე მან 59 ბრძოლა გამართა, საიდანაც 56 მოიგო (49 ნოკაუტით) და სამი წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"