კოტოს გამარჯვება ცხრა რაუნდის შემდეგ გამოცხადდა. სპეციალისტები წერენ, რომ ეს მისი კარიერის საუკეთესო ბრძოლა იყო.
ამრიგად, პუერტო რიკოელმა WBA-ს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და რაც მთავარია, დაამარცხა მოწინააღმდეგე, რომელსაც ბრძოლის წინა პერიოდში, პრესაში კრიმინალს ეძახდა.
კოტომ მართლაც შესანიშნავად იჩხუბა, მარგარიტოს ბალანსი დააკარგვინა და
მეექვსე რაუნდისთვის მარგარიტოს ერთი თვალი უკვე ძალიან ჰქონდა დაზიანებული. მეცხრე რომ დასრულდა, ექიმებმა მექსიკელის სეკუნდანტთან ბრძოლის შეწყვეტაზე დაიწყეს ლაპარაკი. საბოლოოდ, რეფერი სტივ სმოგერმა გადაწყვიტა მარგარიტო შემდგომი დაზიანებებისგან დაეცვა.
ბრძოლის შემდეგ კოტომ თქვა: "ის მაინც ძლიერ მოკრივედ რჩება, მაგრამ მე მთელი თავით ვჯობივარ. დღევანდელი ბრძოლა ძალიან მეამაყება".
ბრძოლის შეწყვეტის მომენტში სამივე მსაჯს კოტოს სასარგებლოდ 89-82 ჰქონდათ ჩანიშნული.
დამარცხებულმა მაინც არ გაიტეხა იხტიბარი: "ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს ძალიან ძლიერად ვურტყამდი. კარგად ვიბრძოდი, უბრალოდ მის დასამარცხებლად მეტი დრო მჭირდებოდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"