კოტომ იძალა

AutoSharing Option
"მედისონ სკვეარზე" დიდი შურისძიება შედგება: წონაში, რომელსაც "სუპერ ველტერვეითს" უწოდებენ (მეორენაირად კი მსუბუქი საშუალო ჰქვია) და 66,7-69,9 კილოგრამს მოიცავს, 31 წლის პუერტო რიკოელმა მიგელ კოტომ იმას მიაღწია, რასაც 2008 წლიდან ელოდა - 33 წლის მექსიკელი ანტონიო მარგარიტო დაამარცხა.

კოტოს გამარჯვება ცხრა რაუნდის შემდეგ გამოცხადდა. სპეციალისტები წერენ, რომ ეს მისი კარიერის საუკეთესო ბრძოლა იყო.

ამრიგად, პუერტო რიკოელმა WBA-ს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და რაც მთავარია, დაამარცხა მოწინააღმდეგე, რომელსაც ბრძოლის წინა პერიოდში, პრესაში კრიმინალს ეძახდა.

კოტომ მართლაც შესანიშნავად იჩხუბა, მარგარიტოს ბალანსი დააკარგვინა და
კონტრშეტევის საშუალება მოუსპო. ზემოთ ვახსენეთ, რომ კოტომ ცხრა რაუნდის შემდეგ გაიმარჯვა და ეს ასეც მოხდა, მაგრამ, ვინაიდან გონგი მეათე რაუნდის პირველ წამებზე გაისმა, ოფიციალურად ბრძოლის შეწყვეტა მეათეში დაფიქსირდა.

მეექვსე რაუნდისთვის მარგარიტოს ერთი თვალი უკვე ძალიან ჰქონდა დაზიანებული. მეცხრე რომ დასრულდა, ექიმებმა მექსიკელის სეკუნდანტთან ბრძოლის შეწყვეტაზე დაიწყეს ლაპარაკი. საბოლოოდ, რეფერი სტივ სმოგერმა გადაწყვიტა მარგარიტო შემდგომი დაზიანებებისგან დაეცვა.

ბრძოლის შემდეგ კოტომ თქვა: "ის მაინც ძლიერ მოკრივედ რჩება, მაგრამ მე მთელი თავით ვჯობივარ. დღევანდელი ბრძოლა ძალიან მეამაყება".

ბრძოლის შეწყვეტის მომენტში სამივე მსაჯს კოტოს სასარგებლოდ 89-82 ჰქონდათ ჩანიშნული.

დამარცხებულმა მაინც არ გაიტეხა იხტიბარი: "ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს ძალიან ძლიერად ვურტყამდი. კარგად ვიბრძოდი, უბრალოდ მის დასამარცხებლად მეტი დრო მჭირდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული