შიდაკონკურენცია, შემდეგ ოლიმპიადის ლიცენზია

AutoSharing Option
ბოლო წლებში ქართულ კრივში რამდენიმე ახალგაზრდა მოკრივე გამოჩნდა, რომლებზეც სპეციალისტები სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებენ.

დღეს ორ მათგანს რომან თავაძეს (75კგ) და მერაბ თურქაძეს წარმოგიდგენთ (56კგ), რომლებმაც დეკემბრის დასაწყისში ზუგდიდში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს და საქართველოს ნაკრებში დამკვიდრებასა და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას გეგმავენ.

- რომან, 2007 წელს ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდი. მაშინ ყველა დიდ მომავალსა და წარმატებებს გიწინასწარმეტყველებდა, თუმცა შემდეგ რინგზე დიდი ხანი არ გამოჩენილხარ, რა იყო ამის მიზეზი?
- აზერბაიჯანში ვერცხლის
მედლის მოპოვების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც მე მსურდა, ყველაფერი ისე არ განვითარდა. ტრავმებს ღვიძლის გადიდებაც დაერთო და დიდი დრო გამიცდა. ღვთის წყალობით, ავადმყოფობა დავძლიე და რინგს დავუბრუნდი. ფორმის აღსადგენად ბევრი ვიმუშავე და წლეულს პირველად გავხდი საქართველოს ჩემპიონი.

- გაგიჭირდა პირველობის მოპოვება?
- საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. განსაკუთრებით ფინალში გამიჭირდა, გორელმა ნიკა სეხნიაშვილმა დიდი წინააღმდეგობა გამიწია, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მე დამრჩა.

- 75კგ-ში ფავორიტად ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი ითვლება, რომელსაც წლევანდელ ჩემპიონატზე არ უასპარეზია. ასეთი კონკურენციის პირობებში შეძლებ საქართველოს ნაკრებში ადგილის დამკვიდრებას?
- ჯაბა ხოსიტაშვილი ძლიერი მოკრივეა, სწორედ მასთან მექნება გადამწყვეტი ბრძოლა ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად და სალიცენზიო ტურნირებზე წასასვლელად. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ხოსიტაშვილმა წონა შეიცვალოს და 81 კგ-ში გადაინაცვლოს. ასე იქნება თუ ისე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯერ შიდაკონკურენცია დავძლიო, შემდეგ კი ღირსეულად ვიასპარეზო და ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვო. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი.

- ამისთვის მზად ხარ?
- ამას მწვრთნელი შეაფასებს. იქნება ერთობლივი წვრთნები, სპარინგები, ტურნირები და იქ გამოჩნდება ვარ თუ არა მზად მაღალ დონეზე საასპარეზოდ. 15 იანვარს ბაკურიანში შეკრება დაგვეწყება, შემდეგ კი ბულგარეთში მივემგზავრებით, სადაც ერთობლივ წვრთნებსა და საერთაშორისო ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. საბოლოოდ სწორედ იქ შეირჩევა ის მოკრივეები, რომლებიც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გაისად ლონდონის ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

- ამჟამად სად ვარჯიშობ?
- ქუთაისში, ჩემი მწვრთნელები კუკური შავგულიძე და გია ქოჩიშვილი მამზადებენ. საქმეს გულმოდგინედ ვეკიდები და, იმედია, გამიმართლებს. კრივში ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ძალიან რთულია, ჩემს წონაში რამდენიმე ძლიერი მოკრივეა დარჩენილი ულიცენზიოდ და ძნელი იქნება მათთან ჭიდილი, მაგრამ ჯერ მთავარია, თურქეთში სალიცეზიო ტურნირზე მოვხვდე.

მერაბ თურქაძე: ქუთაისში, მეც კუკური შავგულიძისა და გია ქოჩიშვილის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობ. წლეულს მეხუთედ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ასპარეზზე კი ჯერჯერობით ყველაზე დიდი წარმატება ბაქოში, ალიევის სახელობის ტურნირზე მოპოვებული მე-3 ადგილია.

- როგორც ვიცით, ტრავმები გაწუხებდა, რის გამოც რამდენიმე ტურნირი გამოტოვე.
-ხელის ტკივილის გამო დიდი დრო გამიცდა. მსოფლიოს ჩემპიონატზეც ამიტომ ვერ წავედი.საბედნიეროდ, ტრავმა უკვე მოვიშუშე და ძველებური კონდიციებიც აღვიდგინე.

- საქართველოს ჩემპიონატსა და შენს კონკურენტებზე რას გვეტყვი?
- მაღალი დონის ჩემპიონატი იყო. ძლიერი მეტოქეები მყავდა, მაგრამ მეც კარგად ვიყავი მომზადებული. წონის ფავორიტი თბილისელი ალეკო ჭადაშვილი ნახევარფინალში დავამარცხე. ფინალში კი ფოთელ გიორგი გოგატიშვილს მოვუგე.

- საქართველოს ნაკრები საბოლოოდ ბულგარული შეკრებისა და ტურნირის შემდეგ დაკომპლექტება, როგორ ფიქრობ, შეძლებ ნაკრებში ადგილის დამკვირებას?
- ადრე მქონდა ასეთი შემთხვევა, საქართველოს ჩემპიონობა მოვიპოვე, მაგრამ ნაკრებში სხვა მოხვდა. სპორტია და, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება ხოლმე, ამიტომ, მოდუნების უფლება არ მაქვს. ბევრს ვვარჯიშობ, თავს არ ვზოგავ და იმედია, შრომა ნაყოფს გამოიღებს. ჩემი მთავარი მიზანი ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრაა. ვიცი, ამის მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ თუ ბევრს ვიმუშავებ და ცოტა იღბალიც ჩემს მხარეს იქნება, შეუძლებელი არაფერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული