გიორგი კანდელაკი: კრივში ხალხს შეტევა და სანახაობა ხიბლავს

AutoSharing Option
ტიტულოვანი ქართველი მოკრივე გიორგი კანდელაკი რამდენიმე წელიწადია საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტია.

- ჩვენი ბევრი მოკრივე მსოფლიო ორგანიზაციების რეიტინგში შესამჩნევად დაწინაურდა. ასოციაციაში 130 მოკრივეა. სეზონის ერთგვარი გვირგვინი იყო გორში ღია ცის ქვეშ UBO-ს მსოფლიოს ჩემპიონის ქამარზე ახალგაზრდებს შორის გამართული შეხვედრა, სადაც ვარიანელმა ბორის მდინარიძემ ტანზანიელი სელემან საიდი დაამარცა. ევროპასა და ამერიკაში ასეთი საკრივო შოუ ხშირად იმართება. ჩვენთან პირველად ჩატარდა და გორის ცენტრში ათი ათასზე მეტი მაყურებელი მოიზიდა.

- მდინარაძეს როდის მოუწევს ქამრის დასაცავად პრეტენდენტთან შეხვედრა?
- უახლოეს მომავალში, მაგრამ რადგან
ისევ ღია ცის ქვეშ გვინდა ამ ღონისძიების გამართვა, გაზაფხულამდე მოვიცდით. ქამრის დასაცავად შეხვედრა ზამთარშიც შეგვეძლო ჩაგვეტარებინა, გორში შესაბამისი არენა რომ გვქონდეს.

- სხვადასხვა ვერსიით ჩემპიონის ქამარი რამდენ ქართველ მოკრივეს აქვს?
- ავთანდილ ხურციძეს, იაგო კილაძეს და ბორის მდინარიძეს. პირველი კიევის, მეორე დონეცკის და მესამე თბილისის კლუბში ვარჯიშობს, თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს სახელით ასპარეზობენ. 17 თებერვალს შალვა ჯომარდაშვილი ირძოლებს პოლონეთში საჩემპიონო ქამარზე, იქამდე 9 -ში კი მის ძმას ლევანს სარეიტინგო შეხვედრა აქვს გერმანიაში. ახლახან ძალიან გაგვახარა ბორჯომელმა კახაბერ ავეტისიანმა, რომელმაც სარეიტინგო პაექრობაში, მისივე ქვეყანაში აჯობა ფრანგ გუილომ სალინგს, რომელსაც მანამდე 29 ორთაბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა.

- საჩემპიონო ქამარზე გადამწყვეტი ბრძოლის მასპინძლობა ალბად არაა იოლი მოსაპოვებელი.
- საამისოდ სერიოზული ფინანსური ზურგი უნდა გქონდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპის წამყვანი ქვეყნების მსგავსი შესაძლებლობები არა გვაქვს. სამაგიეროდ, ამ ორგანიზაციებს აქვთ მასშტაბების ზრდის სურვილი და თუ გერმანელებს, მაგალითად, 100 ათას დოლარად აძლევენ მსგავსი ორთაბრძოლის გამართვის უფლებას, ჩვენ 3-4 ათასად გვყაბულდებიან. მათი მთავარი შემკვეთები ტელევიზიებია, რომელთა ინტერესებშიც შედის არა მხოლოდ დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებში, არამედ უკრაინაში, რუსეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში გამართული საკრივო შოუები. სხვათა შორის, ბოლო წლებში სომხეთში ჩაიდო ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ფული. ჩვენ მეზობლებს საკრივო ტრადიცია კი რიგიანი აქვთ, მაგრამ უკანასკნელი 15 წლის მანძილზე სრული უკუსვლა ჰქონდათ.

- შემოდგომაზე მსოფლიოს პროფესიული კრივის ორგანიზაციის UBO –ს ვიცე-პრეზიდენტი გსტუმრობდათ. ეს ალბათ ამ ორგანიზაციასთან თქვენს კარგ ურთუიერთობაზე მეტყველებს?
- არა მხოლოდ UBO-სთან, ყველა ორგანიზაციასთან, მსოფლიოში წამყვან მენეჯერებთან და პრომოუტერებთანაც, დონ კინგის ჩათვლით, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

- პროფესიულ კრივში რამდენიმე ორგანიზაციის არსებობა სპორტის ჩვეულებრივ ქომაგს ურთულებს სარეიტონგო ნიუანსებში გარკვევას. არ ჯობია მათი გაერთიანება?
- ასეთი სურვილი ბევრი გულშემატკივარისგან მომისმენია. მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, პოზიტიურსაც ბევრს დავინახავთ. თითოეული ორგანიზაციის თითოეულ წონაში რამდენიმე ათასი მოკრივეა, რომლებიც რეიტინგს ფსკერიდან იწყებენ.

პროფესიონალთა ორთაბრძოლა 12 რაუნდიანია. დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია ასეთი მძიმე ბრძოლა თვეში მაქსიმუმ ორზე მეტი გამართოს მოკრივემ. ამდენად, თუნდაც გამუდმებული გამარჯვებებით რეიტინგში წინსვლა უმალ ვერ მოხდება. 3-4 წელიწადია საჭირო.

მხოლოდ ერთი ორგანიზაცია რომ იყოს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოკრივეს მთელი კარიერაც არ ეყოფოდა მსოფლიოს ჩემპიონობის შანსის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, მხოლოდ ერთი ორგანიზაციის არეალში ტელევიზიის ინტერესი გაქრებოდა. მაყურებელს თუ წელიწადში ერთხელ აჩვენებ საჩემპიონო დაპირისპირებას, ის უბრალოდ მოგცილდება. დღესდღეობით კი რამდენიმე თვეში ერთხელ ტარდება ქამარზე ბრძოლა და ტელევიზიები 100 მილიონზე მეტს იხდიან ტრანსლაციის უფლების მოსაპოვებად.

- ტელევიზიას და ზოგადად მედიას კრივი სკანდალებითაც გვარიანად იზიდავს.
- მედიის შემკვეთიც ხომ საზოგადოებაა, მაშასადამე თვით საზოგადოებას იზიდავს სკანდალი. ათასობით ადამიანი მუშაობს იმაზე, თუ კონკრეტული დაპირისპირებისას რა მოეწონება ხალხს. დარბაზი მოკრივეებისაგან ძირითადად აგრესიულობას და აგრესიულ კომენტარებს ითხოვს. გავიხსენებ, თუნდაც იაპონიას, სადაც მე თვითონ 18-19 წლის ასაკში წესების გარეშე ბრძოლაში 44 ჩხუბი მაქვს გამართული. იქ მენეჯერები ღიმილსაც კი გვიკრძალავდნენ ტელეკამერებთან.

ძმები კლიჩკოები ხომ ძალიან ძლიერი მოკრივეები, მსოფლიოს ჩემპიონები არიან, მაგრამ იცით რატომ ვერ გახდნენ ტაისონის, მეივეიზერის და სხვების მსგავსად პოპულარულნი? იმიტომ, რომ მოწესრიგებული, პატიოსანი სპორტსმენები არიან, არც რესტორანში ეჩხუბებიან ვინმეს, არც ცოლებს სცემენ და არც პოლიციელებთან მოსდით კონფლიქტი. ხალხს შენგან სულაც არ აინტერსებს რამდენი ენა იცი და რა ფერის ჰალსტუხს იკეთებ.

მაყურებელი კრივზე ფიზიკური ძალასა და ტექნიკური არსენალის დემონსტრირებასთან ერთად, სანახაობის, შოუს საყურებლად მიდის!

პრომოუტერი ყველაფერს არეგულირებს რაც შოუს, ფინანსებს, საკვანძო საკითხებს ეხება. მენეჯერს კი სპორტული მხარის მოწესრიგება ევალება. მნიშვნელოვანი ფიგურაა მატჩ-მეიკერიც, რომელიც მოწინააღმდეგეებს ურთიერთს სთავაზობს, მომდევნო ბრძოლისთვის სავარაუდო მეტოქეებს ურჩევს.

- შოუს ორგანიზებაში ლიდერად ისევ დონ კინგი ითვლება, მაგრამ გამოჩნდნენ ბობი არუმი და ფრენკ უორენი.
- არუმი და უორენი ძლიერები არიან, მაგრამ გაცილებით გავლენიანი, მაინც ისევ დონ კინგია. მას უკვე პრომოუშენის მთელი იმპერია აქვს შექმნილი. ტელევიზიები და ზოგადად საზოგადოება, როცა შეიტყობენ, რომ შოუს მომწყობი კინგია, დარწმუნებულნი არიან, რომ კარგი სანახაობაა მოსალოდნელი.

- ცნობილი მოკრივეები მერე ხშირად პრომოუტერულ საქმიანობას იწყებენ.
- სწორედ ამიტომაც, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ადვილია. თავისი კომპანია აქვს ოსკარ დე ლა ჰოიას ამერიკაში და მე კარგი კავშირები მაქვს მასთან. იგივე ითქმის რიკი ჰატონზეც, რომელსაც ინგლისში, მანჩესტერში ყოველ თვე მიჰყავს ქართველი მოკრივეები სარეიტინგო ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ჩვენებს ქულების ზრდაში ეხმარება. ჰატონი ისე დავიახლოვეთ, რომ ქართული სადღეგრძელოებიც მოეწონა და ისწავლა. მისი კლუბის მენეჯერი ფრანგი ფილიპ ფონდუ ჩემი მენეჯერიც იყო, როცა ვმოკრივეობდი, კავშირების გაბმაში ისიც დამეხმარა.

- ჩვენი მწვრთნელები პროფესიონალებსაც ავარჯიშებენ და მოყვარულებსაც. სტილში ხომ დიდი განსხვავებაა.
- რასაკვირველია, განსხვავება არის და არცთუ უმნიშვნელო. პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მწვრთნელები ორივე სტილის მოკრივეებთან მუშაობენ, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში კი ცალ-ცალკე. ამას გარკვეულწილად მატერიალური ფაქტორიც განსაზღვრავს. პროფესიონალებში, წამყვანი სპეციალისტი მხოლოდ ერთი ორთაბრძოლისთვის მომზადებაში სამ მილიონსაც კი იღებს გასამრჯელოს.

- პროფესიულ კრივში მსოფლიოში საუკეთესოდ ვინ მიგაჩნიათ?
- ძმები კლიჩკოები. ორივე გამოირჩევა შესანიშნავი დაცვით, კარგად იყენებენ სიმაღლეს, გრძელ ხელებს. ზემოთ ვთქვი, რომ ძმები სკანდალებით არ ეძიებენ პოპულარობას. სამაგიეროდ, მშობლიურ უკრაინაში მათ ყველა იცნობს. ამას წინათაც უკრაინაში ვნახე უამრავი ბილბორდი ძმების გამოსახულებით. სხვათა შორის, სატელევიზიო რეკლამებშიც მსახიობებზე მეტად სპორტსმენები და არა მხოლოდ მოკრივეები მონაწილეობდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საერთოდ, სპორტია უკრაინაში პოპულარული.

- კრივის კრიტიკოსები კლიჩკოების სტილს მეტისმეტად პრაგმატულად, მოსაწყენად მიიჩნევენ და იწუნებენ.
- მათ ასპარეზობაში სანახაობა მართლაც ცოტაა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მაქსიმალურად ჭკვიანურდაა დაგეგმილი და გათვლილი საბოლოო გამარჯვება. ძმები სულ რეჟიმში არიან, სულ ვარჯიშობენ. თუმცა გეთანხმებით, რომ მაყურებლის 95 პროცენტს უდავოდ უფრო შემტევი სტილი მოსწონს.

- თანამედროვე კრივში ასეთად ვის მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე სანახაობრივად მენი პაკიაო კრივობს. რინგზე ის მეტად აზარტულია, ურტყამს და თავადაც იღებს დარტყმებს. საერთოდ, ეს მიმდინარეობა ამერიკული და ინგლისური სტილის სახელითაა ცნობილი. ევროპელები უფრო ფრთხილები არიან და მათი პაექრობა სამოყვარულოს ჰგავს, ოღონდ რაუნდებში ტაქტიკურად თანაბრად გაწელილს.

- ბოლო ათწლეულის გამორჩეულ მოკრივედ ვინ მიგაჩნიათ?
- ლენოქს ლუისი! ამას წინათ, ჩემს შვილთან ერთად ვიტალი კლიჩკოსა და ლუისის დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ვუყურებდი ინტერნეტით (სხვათა შორის მაშინ მე ლენოქსის კუთხეში ვიყავი, ერთ-ერთ წარმომადგენლად) და ახლაც მხიბლავდა ამ ორი გიგანტის დაპირისპირება. შეხვედრის მსვლელობისას ვიტალი თითქოს სულაც არ პასიურობდა, უტევდა, მაგრამ ლენოქსმა ტაქტიკურად აჯობა და დაამარცხა. ბრიტანელთან ახლაც ვმეგობრობ. ის კარგი ხასიათის, კეთილი და სანდო ადამიანია. მართალია, უკანასკნელი ოთხი წელიწადია პირადად აღარ შევხევდრივართ, თუმცა ხშირი საქმიანი მიმოწერა გვაქვს. ლენოქსსაც აქვს თავისი საპრომოუტერო კომპანია, ამ საქმესაც ჭკვიანურად წარმართავს და ამიტომ მისმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ლუისი ცნობილი ტელეკომპანია HBO-ს წამყვანიცაა. ბუნებრივია, რომ მისი აზრი საინტერესოა გულშემატკივარისთვის.

- კარგი იქნება, თუ უცხოეთში გამართულ მნიშვნელოვანი საკრივო ორთაბრძოლების შემდეგ თქვენც გაუზიარებთ ხოლმე "ლელოს" მკითხველს მოსაზრებებს.
- დიდი სიამოვნებით! მზად ვარ მეგზურობა გავუწიო პროფესიული კრივის სამყაროში ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი გაზეთის მკითხველებს.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული