კრეისერის წონაში კარგად გამოდის 23 წლის იაგო კილაძე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა (14) ორთაბრძოლა მოიგო
27 წლის სანდრო სიპროშვილმა (კრეისერის წონა) 26 ივნისს ვენაში 12-რაუნდიანი ორთაბრძოლა ქულებით წააგო ალბანელ ნური სეფერისთან. არადა, ეს მატჩი ჭBO-ს ვერსიით კრეისერის წონაში ევროპული ტიტულისათვის იყო. 113:116, 114:116, 113:115 - მსაჯების აზრით, ასეთი ანგარიშით წააგო სანდრომ დაძაბული დაპირისპირება.
WBC-ს ვერსიით მსოფლიოს ახალგაზრდული ტიტულისთვის იბრძოლა 21 წლის ლევან ჯომარდაშვილმა, მაგრამ მან პოლონეთში ადგილობრივ მოკრივესთან, მატეუშ მასტერნაკთან 10-რაუნდიანი ბრძოლის მე-5 რაუნდში ნოკაუტით წააგო. ეს ლევანის პირველი მარცხი იყო პროფესიულ რინგზე, აქამდე კრეისერის წონაში მოასპარეზე ქართველს ოცივე ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა. აბა, წაგებაში კარგი რა უნდა იყოს, თუმცა პროგრესი თვალსაჩინოა - ქართველები უკვე იბრძვიან ევროპისა და მსოფლიოს ტიტულებისთვის, თანაც ყველაზე აღიარებული ორგანიზაციების სტატუსით.
18 ივნისს ოდესაში 26 წლის ალექსანდრე ბენიძემ სარეიტინგო ორთაბრძოლაში აჯობა მიხაილო ვინიჩენკოს. ჩვენებურმა 6-რაუნდიანი მატჩი ქულებით მოიგო. მეორე დღეს საფრანგეთის ალპებში, კაზინო "რულში" დათო არჯევანიშვილმა ანდრეა სანსონი დაამარცხა. 26 ივნისს პოლონეთში 26 წლის ტარიელ ზანდუკელმა მე-2 რაუნდში ნოკაუტით მოუგო ჰავალ გარიბს. ერთი დღით ადრე პრაღაში სარეიტინგო ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა ერიკ ავლასტიმოვმა. 27 წლის ჩვენებურმა ვლადიმირ ფეჩკო პირველივე რაუნდში დააგდო. ფრანგულ დიჟონში კი ბორის მდინარაძე მე-5 რაუნდში დისკვალიფიკაციით მოხსნეს ბილელ ლატრეშთან ჩხუბისას. ეს ორთაბრძოლა IBF-ს სუპერსაშუალო წონის ახალგაზრდული ტიტულისთვის იყო.
ნიკოლოზ ნეფარიძე