პროფესიული კრივის სამყაროში გიორგი კანდელაკთან ერთად

AutoSharing Option
გიორგი კანდელაკი აგრძელებს ექსკლუზიურად "ლელოს" მკითხველისათვის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საკრივო ორთაბრძოლების შესახებ საკუთარი მოსაზრებების გაცნობას.

გიორგი ამჯერად უკანასკნელ ხანს გამართულ ორ დიდ პაექრობაზე გვესაუბრება. პირველი შტუტგარდტში ბოსნიური წარმოშობის ადგილობრივ მოკრივე მარკო ჰუკსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის შედგა.


რუსმა მოიგო და შეინარჩუნა WBA ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. გერმანიის მეორე ქალაქ დიუსელდორფში საჩემპიონო დაპირისპირებაში კი IBF, WBO, IBO -ს ქამრების მფლობელმა ვლადიმერ კლიჩკომ ფრანგ ჟან მარკ მორმეკს დამაჯერებლად აჯობა.

მოვუსმინოთ გიორგი კანდელაკს:
- ვინაიდან კლიჩკომ ძალიან იოლად მოიგო, ხოლო პოვეტკინ - ჰუკის
შეხვედრამ ჩემი და, საერთოდ, კრივის ქომაგთა უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა, საუბარიც სწორედ ამ ორთაბრძოლით დავიწყოთ.

საკმაოდ ძლიერი რუსი მოკრივის და ბოსნიური წარმოშობის გერმანელის პაექრობაში მართლაც რომ უშეღავათო და ძირითადად თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ. პოვეტკინის ასპარეზობას დიდ ხანია თვალს ვადევნებ და სიმპათიებით ვარ განწყობილი მის მიმართ. ალექსეი ჯერ კიდევ მოყვარულთა რინგიდან მახსოვს. იგი მაშინაც ჭკვიანურად, ტაქტიკურად გამართულად კრივობდა.

მეტოქესთან შედარებით პოვეტკინის დაღლა ფაქტობრივად გამორიცხული ჩანდა. ასე ჩატარდა მისი ოცდასამივე დაუმარცხებელი შეხვედრა პროფესიულ რინგზე.

არ ვიცი, რა დაემართა პოვეტკინს ჰუკთან, ესოდენ საეჭვო რომ გახადა გამარჯვება და ქომაგებს იმედები გაუცრუა. არადა, რუსმა საწყისი ორი რაუნდი აქტიურად დაიწყო. ვიფიქრე, რომ უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდა, თუმცა, ალბათ ყველასათვის გასაკვირად, პოვეტკინი დაიღალა. მერე თავდაჯერებულობაც დაკარგა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შეხვედრის დამთავრებას სულმოუთქმელად ელოდა.

ჰუკი საკმაოდ კარგი მოკრივეა და არა მგონია, პოვეტკინის ბანაკს ის სრულფასოვნად არ შეესწავლა. საქმე უფრო იმაშია, რომ მარკომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. შეხვედრის შუაწელში, მე-4 მე-5 რაუნდებისას ჰუკმა მეტოქეს ეფექტური დარტყმების სერია ჩაუტარა, რის შემდეგაც რუსი საერთოდ ამოვარდა რიტმიდან.

ვფიქრობ, რომელიმე დარტყმა ზედმიწევნით ზუსტი იყო და პოვეტკინის აგრესიაც უკვალოდ ამან გააქრო. ჰუკის შეტევებისას ალექსეი ხშირად მიმართავდა ბრძოლის თავის არიდების ისეთ მეთოდს, როდესაც მოკრივე თავს ზედმეტად ხრის ქვემოთ და მოწინააღმედეგეს ისღა დარჩენია ზურგსუკან ჩაარტყას, რაც აკრძალულია, მაგრამ ჰუკმა რამდენჯერმე თავი მაინც ვერ შეიკავა.

ამ დროს მსაჯმა ბრძოლისგან თავის ამრიდებელი უნდა დასაჯოს გაფრთხილებ-ქულის ჩამორთმევაშით, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა. ქულების გამოცხადების შემდეგ ბევრი დარჩა უკმაყოფილო. 116:113, 114:114, 116:112 - რუსის სასარგებლოდ. მეც მიმაჩნია, რომ გერმანელი, მართალია, არა აშკარად, მაგრამ ჯობდა პოვეტკინს. სხვათა შორის, კრივშიც მსაჯების გადაწყვეტილებაზე ხშირად გვარიან გავლენას ახდენს მასპინძლის ფაქტორი. გასაკვირია, რომ ამ პაექრობაში სულაც პირიქით მოხდა. შტუტგარდტის დარბაზში მაყურებელთა უმრავლესობის მოსაზრებით სწორედ გერმანელი აღმოჩნდა არაობიექტურობის მსხვერპლი.

მეორე საჩემპიონო დაპირისპირებაში ვლადიმერ კლიჩკოს საეჭვოდ არ გაუხდია გამარჯვება. მან იოლად გაანადგურა ჟან მარკ მორმეკი. აღმოჩნდა, რომ ფრანგს უკრაინელი ტიტანისთვის საერთოდ წინააღმდეგობის გაწევაც კი არ შეეძლო. ის თავიდანვე განწირული ჩანდა და დასაწყისშივე ეჭვს არ იწვევდა, რომ შეხვედრის ბოლომდე ვერ მიატანდა.

რადგან ფრანგს ფაქტობრივად არ უბრძოლია, მის გარჯაზე საუბარი არც ღირს. სამაგიეროდ მორმეკის ასპარეზობამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა ორიოდ კვირის წინ ვიტალი კლიჩკოსთან ღირსეულად მებრძოლი დერეკ ჩისორა. ბრიტანელის მასთან უშიშარი პაექრობა კიდევ ერთხელ იმსახურებს კომპლიმენტებს. ჩისორას მხოლოდ სკანდალით არ დაუმახსოვრებია მაყურებელთათვის თავი. თუმცა დამეთანხმებით, რომ სკანდალსაც მოხერხება უნდა. მიუხედავად იმისა, რომ დერეკი ფულადი თანხითაც დააჯარიმეს და WBC -მ იგი რეიტინგიდანაც ამოიღო, ბრიტანელი მაინც არ დარჩენილა წაგებული. თუ ადრე მისი მაყურებელი ათი ათასი იყო, ახლა ასი ათასია. მაყურებლის ფავორიტებს კი მუდამ ითვალისწინებენ საკრივო ორგანიზაციები მორიგი შეხვედრების დაგეგმვისას.

ბოლოს დავუბრუნდეთ კლიჩკოებს და ამჯერად შევეხოთ მსოფლიო საკრივო სამყაროს დღევანდელ მთავარ კითხვას. ყველას აინტერესებს თუ ვინ უფრო ღირსეულად დაუდგება უკრაინელ ძმებს და მათ ტახტს დაემუქრება. ვიტალისა და ვლადიმერზე ცალ-ცალკე საუბარს აზრი არა აქვს, რადგან მათ ტაქტიკურად ერთმანეთის იდენტური სტილი აქვთ და თანაბრად ძლიერები არაინ.

ბოლო ხანს მათთან საჩემპიონოდ მორიგი პრედენდენტის შერჩევა უკვე ახალი მსხვერპლის შერჩევას დაემსგავსა! კლიჩკოების ტაქტიკის მთავარი კოზირი ფიზიკური მასა და გრძელი ხელებია, რითაც მეტოქეს ახლოს არ უშვებენ, დისტანციაზე ბრძოლით ტანჯავენ და ასე უღებენ ბოლოს. სხვათა შორის ჰუკთან ბრძოლამდე არაერთხელ ავწონ-გავზომე რამდენად შეძლებდა პოვეტკინი ძმებისთვის დიდი ბრძოლის გამართვას. უკანასკნელმა დაპირისპირებამ ჩემთვისაც ნათელი გახადა, რომ პოვეტკინის და თუნდაც ჰუკის შანსები კლიჩკოებთან 90% - 10& -ზე თუ იქნება.

ჩემი მოსაზრებით ძმებთან ყველაზე დიდი შანსი ნიკოლაი ვალუევს გააჩნია. ეს უკანასკნელი წონით და სიმაღლით აღემატება კლიჩკოებს, ხელებიც უფრო გრძელი აქვს, შესაბამისად უკრაინელ ძმებს ვალუევთან პაექრობაში წინა ხელის უპირატესობაც არ ექნებათ. პერსპექტივაში ეს დაპირისპირება, სამწუხაროდ, ჯერაც შორია (თუ საერთოდ შედგა). ყოველ შემთხვევაში, კლიჩკოების უახლოესი მეტოქეები ცნობილია. ზაფხულში ვლადიმერი ამერიკელ ტონი ტომპსონს შეხვდება, წლის ბოლოს კი ვიტალის მოწინააღმდეგე იქნება ბრიტანელი დევიდ ჰეი.

რა თქმა უნდა, ძნელია გადაჭრით რამის მტკიცება, მაგრამ ამ მოკრივეებს კლიჩკოების ჰეგემონიის დამხობა უკიდურესად გაუჭირდებათ. აქვე ვითვალისწინებ იმასაც, რომ ვალუევი ორი წელიწადია რინგზე აღარ გამოსულა და ბოლოს სწორედ დევიდ ჰეისთან წააგო, მაგრამ კარიერა არ დაუსრულებია. ასეა, თუ ისე კლიჩკოსთან დევიდზე მეტი შანსი მაინც მას უნდა ჰქონდეს. არც ეს დაგვავიწყდეს - ვლადიმერი ადრე ჰეისაც შევხდა, ტომპსონსაც და ორივე დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"ჭკვიანურად, ტაქტიკურად გამართულად კრივობდა."---სირცხვილია,ქართული ისწავლეთ,ბოლო ბოლო კრივის ისტორია ახლა იწყება საქარტველოშიი?არ იცით რომ არსებობს სიტყვა "ჩხუბიი"?
nemso
11:19 13-03-2012
0
ყველაფერში ვეთანხმები, გარდა ვალუევისა, ვალუევი გაბარიტებით დიდია კლიჩკოებზე, მაგრამ ამ გაბარიტებს გამოყენება უნდა, ის უკვე ბებერია და არაქვს სისწრაფე, რინგში კი ეს მთავარია.ჰეისაც ეჩხუბა ვალუევი, ჰეიზე ბევრად მაღალი და დიდია, რატომ ვერ დაამარცხა ჰეი??? ამის პასუხზე კი მაღლვა ვილაპარაკე. არც პოვეტნიკს შეუძლია კლიჩკოების დამარცხება, ზანტია.... ყველაზე ძლიერი კონკურენტი კი დევიდ ჰეია, დაბალი არაა, ძალიან სწრაფია, დარტყმაც ძლიერი აქვს..... სწორედ ამ ბრძოლას ელოდება მსოფლიო.....
shalva098
16:49 12-03-2012
0

სიახლეები პოპულარული