ავთანდილ შოშიაშვილი: სტაბილურ სიძლიერეზე მეტყველი წარმატება

AutoSharing Option
ახლახან ფოთში გამართულ საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა პირველობაზე შიდა ქართლის გუნდმა გორის კრივის სკოლის დირექტორის, ავთანდილ შოშიაშვილის ხელმძღვანელობით, ორი პირველი, ოთხი მეორე და სამი მესამე ადგილი მოიპოვა.

პირველობა ხვდათ წილად რატი ტლაშაძეს (70 კგ) და გრიგოლ ბუზალაძეს (80); თარაშ კანდელაკი (46), უჩა ყველაშვილი (57), სოსო აბულაძე (66), გიორგი ზედგენიძე (75) - მეორე; ბექა ლაზარაშვილი (46), გიორგი დოლიაშვილი (52) და გიორგი ადუაშვილი (70) მესამე პრიზიორები გახდნენ.

- შეჯიბრებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით, ვინაიდან მიმდინარეობს ივნისში, ბულგარეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრთა
შერჩევა. ახლახან გორში შექმნილი "სპორტული ცენტრის" მატერიალური ხელშეწყობით და ორგანიზებით მოსამზადებელი ეტაპი ადგილობრივ კრივის სკოლაში გავიარეთ. ფოთის რინგზე წონაში თითო მონაწილით გამოვედით. აღსანიშნავია, რომ 11-იდან მხოლოდ ორი სპორტსმენი დაგვრჩა საპრიზო ადგილს მიღმა. თუმცა ოქროს მედალი უფრო მეტი გვეკუთვნოდა - გვითხრა ავთანდილ შოშიაშვილმა.

- გულდაწყვეტილი ჩანხართ...
- ორ ფინალში ყველაშვილმა და აბულაძემ მეტოქეებს აშკარად აჯობეს, მაგრამ მსაჯების არაობიექტურობის გამო ჩვენი მოკრივეები დაზარალდნენ. ძალიან უკმაყოფილონი დავრჩით. მერე გვეუბნებოდნენ, რომ გვერდით მსაჯებს შეცდომები ალბათ უნებლიეთ გაეპარათო. მეეჭვება, რომ ასეა. გვაქვს ჩანაწერები, რომლის განხილვაც ფედერაციის უახლოეს სხდომაზე მოხდება. ამასთან, გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი და ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი კუკური შავგულიძე შეგვპირდნენ, რომ ყველაშვილი და აბულაძე ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად იქნებიან მოსამზადებელ შეკრებაზე და საკონტროლო შეხვედრების გარეშე მათ წონებში ფავორიტის ვინაობა არ დასახელდება.

- აშკარაა, რომ ბიჭები პროგრესირებენ. ვის გამოყოფდით?
- უპირველესად გრიგოლ ბუზალაძესა და რატი ტლაშაძეს. სხვათა შორის, რატი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორის, ილია ტლაშაძის ვაჟია და მწვრთნელიც მამაა. ფოთში ფინალისტი გახდა სახელოვანი გიორგი კანდელაკის ვაჟი თარაშიც, რომელიც, მართალია, დიდებში ასპარეზობდა, სამი შეხვედრა მოიგო და გადამწყვეტი ბრძოლა მცირე უპირატესობით დათმო. კმაყოფილი ვარ ყველაშვილის გამოსვლით, იგი უდავოდ იმსახურებდა ჩემპიონობას. ის შარშანაც ფინალისტი გახდა, თუმცა წლევანდელისაგან განსხვავებით, მაშინ მეტოქეს ვერ ჯობდა. შარშანაც ჭაბუკთა პირველობაზე 9 მედალი მოვიპოვეთ, რაც შიდა ქართლის გუნდის სტაბილურ სიძლიერეზე მეტყველებს.

- რაც, რა თქმა უნდა, თქვენი ხელმძღვანელობით მომუშავე მწვრთნელთა დამსახურებაა...
- რა თქმა უნდა. ბადრი ყულუმბეგაშვილი, ილია ტლაშაძე და გია კობახიძე თავდადებით მუშაობენ შეგირდებთან. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ რეგიონში კრივი პოპულარობის გაზრდის მიზნით სურვილი გვაქვს გორში ან ვარიანში ამ შემოდგომაზე საქართველოს ახალგაზრდულ პირველობას ვუმასპინძლოთ. საამისოდ რესურსი საკმარისი გვაქვს. გვერდში გვიდგას ქალაქის მუნიციპალიტეტი და "სპორტული ცენტრი".

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული