უნივერსიადას ექო. დონე მაღლდება

AutoSharing Option
საქართველოს უნივერსიადას პროგრამით, ამას წინათ გორში გამართულ მოკრივეთა ტურნირში ადგილობრივმა უნივერსიტეტმა (მონაწილეობდა 9 უმაღლესი სასწავლებელი) მედლების რაოდენობით (1, 5, 1) გუნდური გამარჯვება მოიპოვა.

გორელებმა შარშანაც არავის დაუთმეს პირველობა. სულ კი ამ სასწავლებელმა მეოთხედ მოიპოვა ასეთი შედეგი. ყველა წარმატება მიღწეულია მწვრთნელ ნიკო ანდღულაძის ხელმძღვანელობით, რომელიც დღეს "ლელოს" სტუმარია.

- ცხრა მოკრივე გავიყვანეთ რინგზე, რომელთაგან რვა ადგილობრივია. წინა სამ გუნდურ პირველობაში წარმატებაც, ძირითადად, გორელი სტუდენტების მიერაა მოპოვებული. შარშან შვიდი, ადრე კი თორმეტ-თორმეტი მოკრივით გავიმარჯვეთ უნივერსიადებში, - გვითხრა მწვრთნელმა.

- როგორც ჩანს, სისტემა
აწყობილი გაქვთ, რაც, ალბათ, საკუთარი რინგის დამსახურებაცაა...

- უკანასკნელი ორი წელია, უნივერსიტეტის განახლებულ დარბაზებში ვემზადებით. პირობები გაცილებით გაუმჯობესებულია. შემადგენლობის შერჩევაზე კი, ფაქტობრივად, სასწავლო წლის დასაწყისიდანვე ვიწყებთ ზრუნვას. საგაისო სავარაუდო შემადგენლობაც უკვე შერჩეული გვყავს.

რექტორი გიორგი სოსიაშვილი დიდ პატივს სცემს სპორტს და ყოველთვის მხარში გვიდგას. მისი ვაჟიც ვარჯიშობს ჩვენთან კრივის სექციაში. რექტორის ხელშეწყობით ვგეგმავთ ჩვენი ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებთან სამატჩო შეხვედრებს, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს სტუდენტთა სპორტის განვითარებას.

- საერთოდ, უნივერსიადაში მონაწილეთა დონეს როგორ შეაფასებდით?
- ვფიქრობ, უნივერსიადა თანდათან ძლიერი შეჯიბრება ხდება. წლეულს მასში უკვე 91 კილოში ევროპის შარშანდელმა პრიზიორმა ჯაბა ხოსიტაშვილმაც იასპარეზა.

პროფესიულ რინგზე არაერთი სარეიტინგო შეხვედრა აქვს გამართული ერთ-ერთ ჩვენს წარმომადგენელს 60 კგ-ში ალექსანდრე ვახტანგაშვილს.

გულდასაწყვეტია, რომ მან ფინალური ორთაბრძოლა ვერ მოიგო. არადა, უნივერსიადას შარშანდელი გამარჯვებულია და ახლაც პირველ ადგილს ვუგეგმავდი.

სამაგიეროდ, პირველი ადგილით გაგვახარა დავით თედიაშვილმა (69), რომელსაც ფინალში გასვლასაც წარმატებად ჩავუთვლიდი. შეჯიბრების კარგმა ორგანიზებამ და ობიექტურმა მსაჯობამ, ავთანდილ შოშიაშვილის ხელმძღვანელობით, დადებითი გავლენა მოახდინა ასპარეზობაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული