მეივეზერმა დაამტკიცა, რომ ჯერ ისევ ინარჩუნებს მაღალ დონეს, გერერომ კი იმედი გაუცრუა მაყურებელს, რადგან ეპიზოდურად მიმართავდა იმ ტაქტიკას, რომლის შესახებ ლაპარაკით ყურები გამოუჭედა ყველას ბრძოლის წინ - პრესინგი, მეტოქის ბაგირებთან მიმწყვდევა და ფლოიდის ნოკდაუნში გაშვება. ამის ნაცვლად გერერომ შორი დისტანცია
მიუხედავად ამისა, პირველ ორ რაუნდში უფრო დამაჯერებლად პრეტენდენტი გამოიყურებოდა, მაგრამ ეს არა მისი დამსახურება, არამედ მეივეზერის ბრალი იყო, რომელიც, ტრადიციულად, ჯერ ზვერავდა მეტოქეს და შეტევაზე თითქმის არ ფიქრობდა. ამ დროის განმავლობაში, გერერომ რამდენჯერმე მოახვედრა მოწინააღმდეგეს კორპუსში და ამის წყალობით, პირველი ორი რაუნდი თავის სასარგებლოდ ჩაიწერა.
რობერტს პრობლემები მესამე რაუნდიდან შეექმნა, როცა ფლოიდმა საქმეში ჩართო საფირმო მარჯვენა პირდაპირი დარტყმა. თითო რაუნდში გერერო მინიმუმ ორ ასეთ დარტყმას უშვებდა და საფინალო გონგამდე ამ სიტუაციას ვერაფერი მოუხერხა.
ყოველი მომდევნო რაუნდის შემდეგ ფლოიდი თავს სულ უფრო დამაჯერებლად გრძნობდა და ყველა კომპონენტში ჯაბნიდა ფიზიკურად უფრო ძლიერ გერეროს. მეშვიდე რაუნდი იმით დაგვამახსოვრდა, როცა მეტოქეებმა ახლო ბრძოლა გააჩაღეს და როგორც კი დაშორდნენ ერთმანეთს, სწრაფ კონტრშეტევებშიც უკეთესი მეივეზერი იყო.
ჩემპიონმა მერვე რაუნდში გააგრძელა იერიშები, რომელმაც უკვე მუდმივი ხასიათი მიიღო. მიზანში ხვდებოდა არა მხოლოდ პირდაპირი მარჯვენა დარტყმები, არამედ აპერკოტები და გვერდითი დარტყმები. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა დარტყმამ გამოიწვია გერეროს ნოკდაუნი, თუმცა მეივეზერმა მოვლენათა ფორსირება არ დაიწყო და სიამოვნება 12 რაუნდი გაიხანგრძლივა. საბოლოოდ, ის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მოგებას (სამივემ 117:111 დააფიქსირა) დასჯერდა.
ბრძოლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ფლოიდის ხელის ტრავმის შესახებ, რამაც, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაწიოს მისი რინგზე მორიგი გამოჩენა. თუმცა ამერიკელმა მიგვაჩვია ხანგრძლივ შესვენებებსა და შემდეგ რინგზე ტრიუმფალურ დაბრუნებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კრივის სამყაროში მეტოქეები დარიგებულია