კრივის სამყაროში მეტოქეები დარიგებულია

AutoSharing Option
როგორც საკრივო ინტერნეტ-გამოცემა Fighthype.com იტყობინება, რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 34 წლის ფილიპინელი მენი პაკიაო თავის მომდევნო ბრძოლას მჩატე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ბრენდონ რიოსის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ ბრძოლის გამართვის ალბათობა დაახლოებით 90 პროცენტს უტოლდება. პაკიაოს რინგზე ასვლის სავარაუდო თარიღი ნოემბერი გახლავთ.

მას შემდეგ, რაც ხუან მანუელ მარკესმა უარი თქვა ფილიპინელთან მეხუთე ბრძოლაზე, პაკიაო დაჟინებით ითხოვდა რევანშს WBO-ს ჩემპიონ ტიმოტი ბრედლისთან, რომელთანაც გასული წლის ივნისში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა, მაგრამ ბრედლიმ მარკესთან ჩხუბი მოისურვა და ეს ბრძოლა 14 სექტემბერს
გაიმართება.

ადრე ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ პაკიაო შეხვდებოდა პირველ ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს დროებით ჩემპიონს მაიკ ალვარადოს, მაგრამ ახლა სიტუაცია რიოსის სასარგებლოდ იხრება.

იტყობინებიან იმის შესახებ, რომ ფილიპინელის პრომოუტერთა მხრიდან რიოსზე არჩევანის შეჩერება ამ მოკრივის მაღალ პოპულარობასა და ბრძოლის წარმართვის უფრო სანახაობრივ მანერას ეფუძნება.

* * *
ამასობაში თავისი მორიგი მეტოქის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა დევიდ ჰეიმ. მან საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით გვამცნო, რომ რინგზე შეხვდება სირიული წარმოშობის გერმანელ მოკრივეს მანუელ ჩარს, რომელმაც პროფესიულ დონეზე ერთადერთი მარცხი უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსგან იწვნია.

ბრძოლა 29 ივნისს, მანჩესტერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჰეიმ კრივში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი მიზანია, მოიპოვოს სუპერმძიმე წონაში აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსი და ამით ძმები კლიჩკოებიდან ერთ-ერთთან ბრძოლის უფლება მიიღოს. ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი სწორედ ჩართან შეხვედრა იქნება, რომელსაც მერვე ადგილი აქვს WBC-ის რეიტინგში.

* * *
ვლადიმერ კლიჩკოს მენეჯერმა ბერნდ ბენტემ გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქმის ასი პროცენტით აფასებს უკრაინელ სუპერმძიმეწონოსანსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის შეხვედრის ჩატარების ალბათობას.

"რა თქმა უნდა, ეს მოხდება იმ პირობით, თუ ვლადიმერი უახლოეს შაბათს დაამარცხებს ფრანჩესკო პიანეტას, ხოლო ალექსანდრ პოვეტკინი მაისის შუაში მოუგებს ანჯეი ვავჟიკს", - დააზუსტა ბენტემ.

კლიჩკოს მენეჯერის თქმით, იმის გამო, რომ მომავალი ბრძოლის ორგანიზების უფლება პოვეტკინის გუნდმა მოიგო, ბრძოლა მხოლოდ მოსკოვში თუ ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლიჩკო-პოვეტკინის გამართვის დრო დაინიშნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული