დერეკ ჩისორა ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
სააგენტო AP-ის ინფორმაციით, ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, რომელშიც ერთმანეთს უნდა შეხვდნენ ბრიტანელები - დევიდ ჰეი და ტაისონ ფიური, გაურკვეველი ვადით არის გადადებული.

შეხვედრა 28 სექტემბერს მანჩესტერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთ-ერთი სპარინგის დროს ჰეიმ წარბი გაიხეთქა. მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ჭრილობაზე ექვსი ნაკერი დაადეს და ჰეის აეკრძალა მინიმუმ კვირანახევარი რინგზე ასვლა. "ყველას, ვინც ბილეთი შეიძინა, სასტუმროს ნომერი დაჯავშნა და ამ ბრძოლაზე დასწრებას აპირებდა, ბოდიში მინდა მოვუხადო. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა ჰეიმ.

* * *
ამასობაში კიდევ ერთმა ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა დერეკ ჩისორამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო ევროპის საკრივო კავშირის (EBU) ვერსიით. ბრძოლას ლონდონმა უმასპინძლა და ჩისორამ მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. მისი მსხვერპლი აღმოჩნდა გერმანელი ედმუნდ გერბერი.

29 წლის ბრიტანელისთვის, რომელმაც ამას წინათ მწვრთნელ დინ პაუელის სიკვდილი გადაიტანა, კარიერაში 22-ე ბრძოლა ჩაატარა და მე-18 გამარჯვებას (12 - ნოკაუტით) მიაღწია. გერბერმა კი 25 ბრძოლაში მეორე მარცხი იწვნია.

"ჩემთვის კრივის სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება ჩვენთან აღარ არის, - განაცხადა ჩისორამ Sky Sports-თან კომენტარში. - ძალიან დამწუხრებული ვიყავი, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლი არ დავკარგე. ყოველდღე ვვარჯიშობდი და და ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ კიდევ დავრჩებოდი პროფესიულ რინგზე. ორი დღის შემდეგ დავბრუნდები სატრენაჟორო დარბაზში. კვლავაც მიმაჩნია, რომ საუკეთესო ბრიტანელი მოკრივე ვარ, მაგრამ არ ვიცი, რატომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ხანდახან ჩემს დონეზე დაბლა დავეშვა".

* * *
როგორც BoxingScene.com-ი იუწყება, სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 32 წლის პუერტორიკოელი მიგელ კოტო 5 ოქტომბერს დელვინ როდრიგესს შეხვდება და მისი დამარცხების შემთხვევაში, გაზაფხულზე შეიძლება საშუალო წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, 38 წლის არგენტინელ სერხიო მარტინესს შეხვდეს.

ჯერ კიდევ ზაფხულში სერხიოს პრომოუტერი ლუ დიბელა გამოვიდა მარტინესსა და კოტოს შორის ბრძოლის ორგანიზების იდეით, მაგრამ მანამდე კოტოს დიბელამ საშუალედო ბრძოლის ჩატარება შესთავაზა.

თუ კოტოსა და მარტინესის ბრძოლა შედგება, ეს იქნება არგენტინელის დაბრუნება რინგზე ერთწლიანი შესვენების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული