ვლადიმერ კლიჩკო პოვეტკინს ნოკაუტით ემუქრება

AutoSharing Option
ალექსანდრ პოვეტკინთან ბრძოლის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ ცხვირი გაუტეხა სპარინგ-პარტნიორს, რომელიც, საბოლოოდ, საკუთარი მეგობრის ქორწილში ვერ მოხვდა.

უკრაინელის მსხვერპლი გახდა 29 წლის ბრიტანელი სემ სექსტონი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოკრივეს დამცავი ჩაფხუტი ეხურა, მას ორივე თვალთან ძლიერი სისხლჩაქცევები დარჩა.

ბედის ირონიით, სექსტონი მიწვეული იყო თავისი საუკეთესო მეგობრის, ბრედ რობერტსონის ქორწილში, მაგრამ ასეთ ფორმაში იქ მისვლა ვერ გაბედა. კლიჩკო შევიდა სემის მდგომარეობაში და მისი მეგობრისთვის მისალოცი ვიდეომიმართვა ჩაწერა.

"ბრედ და ჰეილი (პატარძალი), ვიცი, რომ სემ სექსტონი დღეს
თქვენ გვერდით ვერ იქნება, რადგან სამუშაოთი არის დაკავებული. და როგორც ჩემს სახეზე ჩანს, საქმეს კარგად ართმევს თავს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს",
- განაცხადა ვლადიმერმა.

"ეს, უბრალოდ, დაუჯერებელია! არ ველოდი მოლოცვას სუპერმძიმე წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონისგან!"
- აღფრთოვანებას ვერ მალავდა რობერტსონი.

აღვნიშნავთ, რომ თავისი სამუშაოსთვის სპარინგ-პარტნიორები კვირაში 1500 დოლარის ოდენობის ჰონორარს იღებენ.

* * *
ვლადიმერ კლიჩკოს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი მომავალი ბრძოლა რუს ალექსანდრ პოვეტკინთან უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს კრივის მოყვარულებს.

"პოვეტკინის მეტსახელია - "რაინდი". ასევე, მას "თეთრ ტაისონსაც" უწოდებდნენ. არ მგონია, რომ ჩვენს ბრძოლაში მეტოქემ აქცენტი მხოლოდ დაცვით მოქმედებებზე გადაიტანოს. დარწმუნებული ვარ, მომავალი ორთაბრძოლა სანახაობრივი და დამაინტრიგებელი იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავუფუჭო სტატისტიკა პოვეტკინს. ვიცი, ეს რთული იქნება, მაგრამ ვემზადები ნოკაუტით მოგებისთვის.

ამ ბრძოლაში ვერანაირ პოლიტიკას ვერ ვხედავ. ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირებაა. რინგზე გავა ორი ოლიმპიური ჩემპიონი, უმაღლესი დონის ორი მოკრივე. ეროვნებაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს",
- ამბობს კლიჩკო რუსულ პრესასთან კომენტარში.

უკვე ცნობილია, რომ ამ ბრძოლის არბიტრები იქნებიან ამერიკელები – ტედ გიმზა და გლენ ფელდმანი და ბელგიელი ფილიპ ვერბეკე. უფრო ადრე გამოცხადდა რეფერის შესახებ – ეს არის ცნობილი პუერტორიკოელი ლუის პაბონი.

უმცროსი კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლა 5 ოქტომბერს, მოსკოვის სპორტკომპლექს "ოლიმპიისკიში" გაიმართება. რუსს კარიერაში 26 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო, უკრაინელის ანგარიშზე 63 ბრძოლა და 60 მოგებაა (51 - ნოკაუტით).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლიჩკოების ფიცი: ვლადიმერი წააგებს? ვიტალი რევანშს აიღებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული