ლეგენდარული მოკრივე ერთი წელია არ ასულა რინგზე მექსიკელ ხუან მანუელ მარკესისგან მიღებული ნოკაუტის შემდეგ. ჩინეთის ქალაქ მაკაოში გამართულ ბრძოლაში "პაკმენმა" უპრობლემოდ დაამარცხა 27 წლის მექსიკელ-ამერიკელი ბრენდონ რიოსი (31-2-1, 23KO). ბევრი სპეციალისტი აღნიშნავდა, რომ ნელი და ნაკლებად მოძრავი რიოსი, სტილის მიხედვით, ფილიპინელს ძალიან აწყობდა.
ბრძოლისწინა მოლოდინი გამართლდა. ამერიკელმა, საკუთარი ამბიციურობის, სიმამაცისა და საბრძოლო ხასიათის მიუხედავად, ვერაფერი დაუპირისპირა პაკიაოს ოსტატობასა და სისწრაფეს.
ბრძოლა, მოლოდინისამებრ, ფრთხილად დაიწყო.
მიუხედავად ამისა, მეორე და მესამე რაუნდებში ამერიკელმა რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელა, რამაც ნეიტრალურ გულშემატკივარს დაუტოვა იმედი, რომ დაძაბულ ბრძოლას იხილავდა, მაგრამ მენი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა. ის ყოველ რაუნდში ზრდიდა ტემპს და რიოსი ამას ვერაფერს უხერხებდა.
ხელების მოძრაობის, გადაადგილებისა და აზროვნების სისწრაფეში მნიშვნელოვანი სხვაობის გამო შუა რაუნდებში ბრძოლა ცალმხრივ კრივად გადაიქცა და რეფერის თამამად შეეძლო, ნებისმიერ რაუნდში შეეჩერებინა შეხვედრა და პაკიაოსთვის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიენიჭებინა. მაგრამ ჯენარო როდრიგესი საქმეში არ ჩაერია და საბოლოოდ, მენიმ ქულებით დამაჯერებლად გაიმარჯვა - 120:108, 119:109, 118:110.
ალბათ, მენის დაბრუნება უფრო წარმატებული იქნებოდა, მას ვადაზე ადრე რომ დაემარცხებინა მეტოქე. სხვათა შორის, მას 2009 წელს, მიგელ კოტოზე გამარჯვების შემდეგ არ დაუფიქსირებია ნოკაუტი, მაგრამ აზიელმა ორი მიზეზით არ იზრუნა ნაადრევ მოგებაზე.
ჯერ ერთი, მენი არასოდეს მიიჩნეოდა მრისხანე პანჩერად და ძირითადად, დარტყმების დიდი რაოდენობით ტვირთავდა მეტოქეებს. გარდა ამისა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფილიპინელი ინდობდა მეტოქეს, როგორც ამას შეინ მოზლისთან ბრძოლაში აკეთებდა. ამ ვარაუდის დამადასტურებელია ეპიზოდი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეექვსე რაუნდში, როცა პაკიაო დარტყმების წარმატებული სერიის შემდეგ გაჩერდა და რეფერის მიაჩერდა, თითქოს მისგან ბრძოლის გაჩერებას ელოდა.
სწორედ ამ მომენტში რიოსმა მარჯვენა პირდაპირი დარტყმა შეასრულა, რომელმაც ფილიპინელს კინაღამ პრობლემები შეუქმნა.
ბრძოლის შემდეგ, ინტერვიუში მექსიკელ-ამერიკელმა არ დაიწყო თავის მართლება გამანადგურებელი მარცხის გამო და აღიარა მეტოქის ძალა:
"მე დამამარცხა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ. ის დაუჯერებლად სწრაფია, ყველა პოზიციიდან ურტყამს. მის წინააღმდეგ ძალიან რთულია კრივი". სხვათა შორის, რიოსმა ამ ბრძოლისთვის თავის კარიერაში სარეკორდო ჰონორარი მიიღო - 4 მილიონი დოლარი.
პაკიაოს გარანტირებული შემოსავალი იქნება 18 მილიონი, ხოლო გაყიდული ტრანსლაციიდან მიღებული თანხის გათვალისწინებით, აზიელი მოკრივე 30 მილიონზე მეტს მიიღებს. ფილიპინელმა შეაქო მეტოქე და მას კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე უწოდა. "ჩემი დრო არ გასულა", - განაცხადა პაკიაომ, რომლის სავარაუდო მეტოქეებად ამერიკელებს - ფლოიდ მეივეზერსა და ტიმოტი ბრედლის ასახელებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ომი მწვრთნელებმა დაიწყეს