2013 წლის 10 იმედგაცრუება

AutoSharing Option
ინტერნეტ-გამოცემა Bleacher Report-მა შეადგინა 2013 წელს პროფესიული კრივის სამყაროში დაფიქსირებული 10 იმედგაცრუების რეიტინგი.

ამ საინტერესო კლასიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა ფილიპინელი ნონიტო დონერის დამარცხებამ კუბელ გილერმო გარსიასთან. არადა, 2012 წლის შედეგების მიხედვით, დონერი საუკეთესო მოკრივედ დაასახელეს.

მეორე ადგილზე გავიდა მექსიკელი აბნერ მარესის პირველ რაუნდში ნოკაუტით მარცხი თანამემამულე ჯონი გონსალესთან. ხოლო, Bleacher Report-ის ვერსიით, წლის მთავარ იმედგაცრუებად გამოცხადდა ბრძოლა მექსიკელ ხულიო სესარ ჩავესსა და ამერიკელ ბრაიან ვეროის შორის. იმ შეხვედრაში მსაჯებმა გამარჯვება ჩავესს მიანიჭეს, არადა, ბევრს მიაჩნია, რომ მსაჯების ეს არჩევანი 2013
წლის ყველაზე ცუდი და უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

მოგეხსენებათ, 2013 წელს სუპერმძიმე კატეგორიაში მთავარი ბრძოლა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის შედგა. ეს შეხვედრა იმედგაცრუებათა რეიტინგში მეათე ადგილზე გავიდა. ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ მეშვიდე რაუნდის გამოკლებით, როცა კლიჩკომ ორჯერ ჩააგდო მეტოქე ნოკდაუნში, უკრაინელმა ჩემპიონმა მთელი ბრძოლა ჯებების შესრულებასა და კლინჩში შესვლაში გაატარა. ამ ბრძოლას გადასცემდა ამერიკული ტელეარხი HBO და როგორც Bleacher Report-ი აღნიშნავს, ამ შეხვედრის შემდეგ ამერიკულ ტელევიზიაში კიდევ დიდხანს აღარ გაჩნდება ინტერესი სუპერმძიმე კატეგორიის ბრძოლების მიმართ.

ტაისონისთვის ბრიტანეთი დახურულია
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი ვერ შეძლებს თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის ("უტყუარი სიმართლე") პრეზენტაციის მოწყობას.

ყოფილი სპორტსმენი 2014 წლის მარტში უნდა ჩასულიყო ლონდონში. აგრეთვე, დაგეგმილი იყო მისი სტუმრობა გლაზგოსა და მანჩესტერში, მაგრამ ბრიტანეთის საიმიგრაციო წესების თანახმად, ტაისონს ქვეყანაში შესასვლელი ვიზა არ მისცეს.

საქმე ისაა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი, რომელიც უკრძალავს ქვეყანაში შესვლას იმ ადამიანებს, რომლებიც მინიმუმ ოთხი წელი იმყოფებოდნენ პატიმრობაში ან ჩადენილი აქვთ მძიმე დანაშაული. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ტაისონი ექვსწლიან სასჯელს იხდიდა გაუპატიურების გამო.

"არ გვსურს ამ საქმის დეტალების კომენტირება
, - განაცხადა დამოუკიდებელმა ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. - მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვუთხრათ ბრიტანეთში შესვლაზე ყველას, ვისაც ოდესმე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. 2012 წლის დეკემბერში ბრიტანეთის სადედოფლოში შესვლის წესები შეიცვალა და ამით გამოვხატეთ სახელმწიფოს ზუსტი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით".

დღესდღეობით, ტაისონი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს თავისი ერთი მსახიობის სპექტაკლით: "მაიკ ტაისონი: უტყუარი სიმართლე" და ყვება თავისი რთული და გიჟური ცხოვრების შესახებ. ეს თეატრალური მოქმედება უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მთელ მსოფლიოში ანშლაგებით გადის. პარალელურად, "რკინის მაიკი" რეკლამას უწევს თავის მემუარებს, რომელშიც ლეგენდარულმა მოკრივემ რამდენიმე სკანდალური აღიარება გააკეთა.

პაკიაოს 18 მილიონს ედავებიან
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მენი პაკიაო ეჭვმიტანილია 18 მილიონი დოლარის გადაუხდელობაში. ამის შესახებ იტყობინება TMZ.com-ი, რომელსაც ხელში ჩაუვარდა აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის დოკუმენტები.

ამერიკის ხელისუფლების მონაცემებით, ფილიპინელმა სწორედ ეს თანხა უნდა გადაიხადოს იმ ბრძოლებისთვის, რომელიც მან აშშ-ის ტერიტორიაზე 2006-10 წლებში ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში, პაკიაომ ამერიკაში 10 ბრძოლა გამართა.

როგორც ამერიკის საგადასახადო სამსახურში აცხადებენ, 2008 წელს მოკრივემ დამალა 2 862 000 დოლარი. ამ წელს პაკიაომ სამი ბრძოლა ჩაატარა, მათ შორის ერთი ოსკარ დე ლა ჰოიას წინააღმდეგ. ამ ბრძოლების სანაცვლოდ, პაკიაომ დაახლოებით 30 მილიონი მიიღო.

ასევე, აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურს ეჭვი აქვს, რომ ფილიპინელმა არ გადაიხადა 8 მილიონი 2009 წელს ჩატარებული ორი ბრძოლისთვის. მაშინ პაკიაო ხვდებოდა რიკი ჰატონსა და მიგელ კოტოს. პირველი ბრძოლისთვის მოკრივემ 12 მილიონი მიიღო, მეორისთვის – 7.5 მილიონი დოლარი.

უფრო ადრე პაკიაოს პრეტენზიები გამოუცხადა ფილიპინების საგადასახადო სამსახურმა. მთავრობას ეჭვი აქვს, რომ მოკრივემ თავის ქვეყანას ჯამში 50 მილიონი დაუმალა. გამოძიების პერიოდში, დააყადაღეს მოკრივის რამდენიმე საბანკო ანგარიში. იგივე ბედი ეწია პაკიაოს სახლს მანილაში. თავად მოკრივე აცხადებდა, რომ მან ამ ბრძოლებისთვის გადასახადი აშშ-ში გადაიხადა. პაკიაომ ისიც თქვა, რომ მას ფილიპინების მთავრობა კრიტიკული განწყობის გამო დევნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფლოიდ მეივეზერმა ორი ბრძოლა დაგეგმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული