კლიჩკო პოვეტკინსა და ჰეიზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო აღნიშნავს, რომ მის სამომავლო გეგმებშია მატჩ-რევანში რუს მოკრივესთან, ალექსანდრ პოვეტკინთან.

"პოვეტკინმა მაღალ დონეზე ჩაატარა ბოლო ორი ბრძოლა და, რა თქმა უნდა, ის შეიძლება გახდეს ჩემი მომავალი მეტოქე", - ამბობს უმცროსი კლიჩკო.

ასევე, უკრაინელმა მოკრივემ აღნიშნა, რომ შეიძლება რინგზე გავიდეს ბრიტანელი დევიდ ჰეის წინააღმდეგ - თუ ეს უკანასკნელი წარმატებით განაახლებს კარიერას. ადრე ჰეი აცხადებდა, რომ მზად არის დაბრუნდეს პროფესიულ კრივში კლიჩკოსთან ბრძოლისთვის,

"ჰეი დიდი ხანია არ გასულა რინგზე, მაგრამ თუ დაბრუნდება და სერიოზულ
მეტოქეებს დაამარცხებს, შეიძლება ბრძოლა გავმართოთ.

ჩემი სურვილია, WBC-ის ქამარი კლიჩკოების ოჯახში დავაბრუნო. ეს ორგანიზაცია გეგმავს გამაერთიანებელი ბრძოლის ჩატარებას და ეს კარგი ამბავია ჩემთვის", - განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკოები და კიდევ 8 სუპერმძიმეწონოსანი ტიტულების დაცვის რაოდენობით

შეგახსენებთ, რომ 38 წლის უკრაინელმა ამას წინათ ბულგარელი კუბრატ პულევი დაამარცხა და მეჩვიდმეტედ დაიცვა ტიტული. გავიხსენოთ ის მოკრივეები, რომლებიც ყველაზე ხშირად ინარჩუნებდნენ ჩემპიონობას.

ჯეკ ჯონსონი - ზედიზედ 8 დაცვა. სუპერმძიმე წონის ისტორიაში პირველი აფროამერიკელი ჩემპიონი. 1910 წელს მან გამართა ე. წ. ასწლეულის ბრძოლა ჯეიმს ჯეფრისთან, რომელშიც მე-15 რაუნდში მოიპოვა გამარჯვება.

მაიკ ტაისონი - ზედიზედ 9 დაცვა. ამერიკელი კარიერის პირველ წლებში, უბრალოდ, დასცინოდა თავის მეტოქეებს. პირველი 15 ბრძოლიდან 12 მან პირველ რაუნდში დაასრულა.

ლენოქს ლუისი - ზედიზედ 9 დაცვა. ლეგენდარულმა ბრიტანელმა მაჟორულ ნოტაზე დაასრულა კარიერა, როცა ვიტალი კლიჩკო დაამარცხა და პროფესიული რინგიდან წავიდა.

ჯო ფრეზერი - ზედიზედ 9 დაცვა. ფანტასტიკური შედეგია, იმის მიუხედავად, რომ სამჯერ იჩხუბა მოჰამედ ალისთან და ორჯერ - ჯორჯ ფორმენთან და ხუთიდან ოთხჯერ დამარცხდა.

ვიტალი კლიჩკო - ზედიზედ 9 დაცვა. ხუთი წელი და ორი თვე ინარჩუნებდა WBC-ის საჩემპიონო ტიტულს, რის შემდეგაც პროფესიული კრივიდან დიდ პოლიტიკაში წავიდა.

მოჰამედ ალი - ზედიზედ 10 დაცვა. ეს დიადი მოკრივე ვერ გატეხა სამწლიანმა დისკვალიფიკაციამ, რომელიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო მიიღო. პირიქით, სწორედ იძულებითი პაუზის შემდეგ არ აკარებდა არავის თავის საჩემპიონო ქამრებს.

ტომი ბერნსი - ზედიზედ 11 დაცვა. 1906 წელს გახდა პირველი კანადელი, ვინც ჩემპიონის ტიტულამდე მიაღწია. გარდა ამისა, მან შემოიღო საზღვარგარეთ ჩხუბის პრაქტიკა, როცა ავსტრალიამდეც კი მიაღწია.

ვლადიმირ კლიჩკო - ზედიზედ 17 დაცვა. ერთადერთი მოქმედი მძიმეწონოსანი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგში შედის. უმცროსი კლიჩკო ტიტულებს რვა წელია ინარჩუნებს: ამ მაჩვენებლით ის მეორეა სუპერმძიმე კატეგორიის ისტორიაში.

ლარი ჰოლმსი - ზედიზედ 20 დაცვა. მოიგო კარიერაში პირველი 48 (!) შეხვედრა, თან გზად მოჰამედ ალიც დაამარცხა. ბოლოჯერ რინგზე ჰოლმსი 53 წლის ასაკში გავიდა.

ჯო ლუისი - ზედიზედ 25 დაცვა. გასული საუკუნის 40-იან წლებში მოკრივეები წელიწადში რამდენიმე ბრძოლას მართავდნენ. მაგალითად, 1941 წელს, ლუისმა შვიდჯერ დაიცვა ტიტული, რაც თანამედროვე ჩემპიონებისთვის წარმოუდგენელი ციფრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე პოვეტკინი ჰეის შეხვედრა იქნება ძაან მაგარი
ჭიჭა
20:53 05-12-2014
0
ჰეი მოუგებს პოვეტნიკს.ისე კლიცჰკოს მთავარი კონკურენტი Deontay Wilder იქნება
beqa
23:08 05-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული