ბრიგსმა თავისი გაიტანა - კლიჩკო საბრძოლველად დაითანხმა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ თანხმობა განაცხადა ამერიკელ შენონ ბრიგსთან ბრძოლაზე. ამის შესახებ გაზეთმა "ბილდმა" დაწერა.

"ბრიგსმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. მინდა მასთან ბრძოლის ჩატარება, რათა თავხედობისთვის სამაგალითოდ დავსაჯო. მის ქცევებში არის ლოგიკა - სურს მომავალი ბრძოლის რეკლამირება, მაგრამ ბრიგსმა ქცევის ყველანაირი ნორმა დაარღვია და არ იცის, სად უნდა გაჩერდეს. ეს უკვე სასაცილო აღარ არის", - განაცხადა კლიჩკომ.

იტყობინებიან, რომ ძმები კლიჩკოების პრომოუტერულმა კომპანიამ დაჯავშნა არენა ქალაქ ჰამბურგში. ბრძოლის სავარაუდო თარიღად სექტემბერს ასახელებენ.

როგორც იცით, ბრიგსი გასული
წლის გაზაფხულიდან ცდილობს ნებისმიერი ხერხით, დაითანხმოს უკრაინელი ბრძოლაზე. ერთხელ მან ჩემპიონს ფეხსაცმელი ესროლა, შეუვარდა სავარჯიშო დარბაზში, შეუშალა ხელი ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას, ჩააგდო წყალში და ა. შ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბრძოლას კლიჩკო 2015 წლის 25 აპრილს ნიუ იორკში გამართავს. მისი მეტოქე იქნება ამერიკელი ბრაიანტ ჯენინგსი, რომელსაც ჯერ წაგება არ აქვს პროფესიულ რინგზე.

ჩემპიონი შარში გაეხვა
არკანზასის შტატის ქალაქ ლიტლ-როკის პოლიციამ დააპატიმრა 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში IBF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ჯერმეინ ტეილორი. ის ეჭვმიტანილია შეიარაღებულ თავდასხმაში.

პოლიციას ლიტლ-როკის ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მოკრივე მას, მის მეუღლესა და შვილებს იარაღით ემუქრებოდა. დაკავებისას სპორტსმენს პისტოლეტი და მარიხუანას მცირე რაოდენობა აღმოუჩინეს.

როგორც ვარაუდობენ, ტეილორს რამდენიმე მუხლით წარუდგენენ ბრალს. პოლიციიდან ის 27 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაუშვეს.

შარშან ამერიკელი მოკრივე კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა: 2014 წლის აგვისტოში მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა თავის ბიძაშვილს. ამ საქმეზე სასამართლო ივნისში უნდა გაიმართოს.

ტეილორს პროფესიულ რინგზე 33 მოგება (20 - ნოკაუტით) და 4 წაგება აქვს. 2005 წელს მან ბერნარდ ჰოპკინსი დაამარცხა და ოთხივე პრესტიჟული ვერსიით (WBO, WBC, IBF და WBA) მოიპოვა ტიტული, რითაც მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული