მენი პაკიაოს ციხე ემუქრება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ფილიპინელ მოკრივეს, მენი პაკიაოს ძვირად დაუჯდება ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის წინ მხრის ტრავმის შესახებ ინფორმაციის დამალვა. როგორც გაზეთი Daily Mail-ი წერს, არ არის გამორიცხული, ტყუილის გამო პაკიაოს ოთხწლიანი პატიმრობა მისცენ.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს მეივეზერთან ქულებით წაგებული ბრძოლის შემდეგ გაირკვა, რომ მენის მხრის ტრავმა უშლიდა ხელს რინგზე.

ნევადის შტატის კანონები ითვალისწინებს სისხლის სამართლის სასჯელს ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელების გამო. ამგვარი დანაშაული ისჯება ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით და 5 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმით.

გარდა ამისა, ნევადის შტატის ათლეტურმა კომისიამ, შესაძლოა,
მენი პაკიაოს დისკვალიფიკაცია მისცეს ან სოლიდური ფულადი ჯარიმა დააკისროს.

ამასობაში, პაკიაოს სასამართლოში უჩივლა ნევადის ორმა მცხოვრებმა. ისინი ფილიპინელისგან მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვენ. მენის მიმართ ძირითადი პრეტენზიებია - ბილეთის და ტელეტრანსლაციის ყურების შეძენისას პაკიაოს ტრავმის შესახებ ინფორმაციის დამალვა. სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ ფაქტს, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ბილეთებისა და ტელეტრანსლაციის ფასზე.

* * *
პაკიაოს ტრავმას "საუკუნის ბრძოლის" ტრიუმფატორი ფლოიდ მეივეზერიც გამოეხმაურა. როგორც გამოცემა New York Daily News-ი წერს, ამერიკელი მოკრივე მზად არის, რევანშის საშუალება მისცეს ფილიპინელს. ფლოიდი დაელოდება პაკიაოს გამოჯანმრთელებას მხრის ოპერაციის შემდეგ, რომელიც მენის უახლოეს პერიოდში ელოდება. შეგახსენებთ, რომ ექიმების ვარაუდით, ფილიპინელი დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ შეძლებს რინგზე დაბრუნებას.

* * *
სხვათა შორის, სასამართლო პროცესი ელოდება თავად მეივეზერსაც, რის შემდეგაც მან, შესაძლოა, 20 მილიონი დოლარი დაკარგოს.

ამერიკელს სასამართლოში უჩივლა ყოფილმა მეგობარმა ქალმა ჯოზი ჰარისმა - მან მოკრივე ტყუილში დაადანაშაულა. მენი პაკიაოსთან ბრძოლამდე ორი კვირით ადრე, მეივეზერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰარისი ნარკოტიკებს იღებდა.

2012 წლის პირველი ივნისიდან ფლოიდმა სამთვიანი პატიმრობის მოხდა დაიწყო საკუთარი შვილების წინაშე ჰარისის ცემის გამო. 3 აგვისტოს ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მეივეზერსა და ჰარისს სამი შვილი ჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული