გზა დიდებისკენ
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მაიკ ტაისონმა იმდენი ტიტული შეაგროვა, რომ კრივის ცოცხალი ლეგენდა გახდა და მოჰამედ ალისა და ჯო ლუისის გვერდით დადგა. თითქოს, "რკინის მაიკის" ეპოქა კიდევ 15 წელი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ... განქორწინების პროცესმა, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან პრობლემებმა, მთელი გუნდის მოულოდნელმა გაშვებამ და სასამართლოში პრომოუტერებთან 1990 წელს მას "დაავიწყდა" აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის დაცვისთვის მომზადება "ბასტერ" დაგლასთან ბრძოლაში - და დათმო ყველა თავისი ტიტული. მართალია, მსაჯის ჩანაწერები თითქმის თანაბარი იყო (88:82 დაგლასის სასარგებლოდ, 87:86 ტაისონის სასარგებლოდ, 86:86) და თან დაგლასი მერვე რაუნდში ნოკდაუნში აღმოჩნდა (ფაქტობრივად, იატაკზე 16 წამი გაატარა), მაინც საქმე გვქონდა მსოფლიოს კრივის ისტორიაში ყველაზე ხმამაღალ სენსაციასთან (დაგლასზე ფსონი 42/1-ზე იყო).
ამ გამარჯვების შემდეგ დაგლასმა აშკარად დაკარგა კავშირი რეალობასთან, ბოჰემური ღონისძიებების მუდმივი სტუმარი გახდა და 130 კილოგრამამდე გასუქდა. ევანდერ ჰოლიფილდთან ტიტულის დაცვის მომენტში მან ცოტათი დაიკლო წონაში, მაგრამ მაინც საკუთარი თავის აჩრდილიღა იყო დარჩენილი. ათლეტური ევანდერ ჰოლიფილდისთვის რთული არ აღმოჩნდა 111 კილოგრამი "ცოცხალი წონის" მესამე რაუნდში დამარცხება და ყველა ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
მაგრამ საუბრები ტაისონისა და ჰოლიფილდის სუპერბრძოლაზე გადაიდო. მაიკი ჯერ ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე მკურნალობდა, შემდეგ კი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და სამი წლით ციხეში გაისტუმრეს, საიდანაც 1995 წლის მარტში გამოვიდა.
პირველი ბრძოლა
ასე ნანატრი ბრძოლა (მას ასეც უწოდეს - Finally) 1996 წლის ნოემბერში გაიმართა. ჰოლიფილდს იმ მომენტისთვის სამი წაგება ჰქონდა კარიერაში: ორჯერ რიდიკ ბოუსთან და ერთი - მაიკლ მურერთან. თან ლაპარაკობდნენ გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ტაისონის კარიერაში ერთადერთი შავი ლაქა სწორედ "ბასტერ" დაგლასთან მარცხი იყო."რკინის მაიკი", რომელიც ფსონად ჩამოვიდა მძიმე წონაში WBA-ს ტიტულს, აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა - ბრძოლის წინ გამოკითხული 49 ექსპერტიდან 48 მას აძლევდა უპირატესობას. ევანდერს კი მაქსიმუმ ოთხი რაუნდის მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ.
მაგრამ ჰოლიფილდს ამასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჰქონდა. ტაისონმა ძალიან მძლავრად დაიწყო, მაგრამ ჰოლიფილდი არ ჩამორჩებოდა. უფრო მეტიც, მეხუთე რუნდში მაიკს შემხვედრი ჰუკი მოხვდა და ხუთი წამი მუხლზე დაჩოქილი მოდიოდა გონს. ტაისონის ამტანობა აშკარად დაზარალდა ციხეში გატარებული პერიოდის განმავლობაში და მეათე რაუნდში მას თავს დაატყდა მეტოქის მომაკვდინებელი დარტყმების სერია. ფავორიტი ნოკაუტისგან მხოლოდ გონგმა გადაარჩინა, თუმცა მცირე ხნით. ტაისონის ცემა მე-11 რაუნდში გაგრძელდა და რეფერიმ ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტაისონმა კიდევ ერთხელ გააკვირვა ყველა, ამჯერად, დადებითი კუთხით. "მინდა, უბრალოდ, ხელი ჩამოგართვა, - მიმართა ჰოლიფილდს. - დიდი ხანი მივდიოდით ამ ბრძოლამდე. დიდი მადლობა ასეთი ორთაბრძოლისთვის. ძალიან დიდ პატივს გცემ". ამ სიტყვებს დამსწრეთა აპლოდისმენტები მოჰყვა.
მეორე ბრძოლა
1998 წლის 28 ივნისს, მეორე შეხვედრის წინ, რომელსაც "ხმაური და მრისხანება" უწოდეს, აჟიოტაჟმა მწვერვალს მიაღწია. 16 ათასი ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. აშშ-ში ორ მილიონზე მეტმა გამოთქვა ბრძოლის ფასიანი ტრანსლაციის შეძენის სურვილი, რამაც ტელეარხ Showtime-ს 112 მილიონი დოლარი მოუტანა. სულ ტაისონისა და ჰოლიფილდის ისტორიულ ბრძოლას 97 ქვეყანაში უყურეს.ტაისონის იმედები - რინგზე "მოეკლა" მეტოქე, საკმაოდ სწრაფად გაქრა. ჰოლიფილდი საკუთარ თავს უფლებას არ აძლევდა, ღია დარტყმების სერიაში აჰყოლოდა მოწინააღმდეგეს, არამედ დისტანციაზე ჰყავდა მაიკი ან კლინჩში შედიოდა. ერთი-ოჯერ, ახლო ბრძოლაში თავი მოარტყა ტაისონს, რის გამოც მეორე რაუნდში მაიკს წარბი გაეხსნა. ტაისონის აპელაცია მსაჯის მიმართ უყურადღებოდ დარჩა. ამ დროს ყველას გაახსენდა, რომ პირველ ბრძოლაშიც ჰოლიფილდმა რამდენჯერმე თავი ჩაარტყა მეტოქეს, რამაც ასევე გამოიწვია სისხლისდენა.
ტაისონს აშკარად ტვინი აერია. მესამე რაუნდში მან დარტყმების სერია განახორციელა და როცა მიხვდა, რომ მეტოქისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, კლინჩში კბილებით ჩააფრინდა ჰოლიფილდის მარჯვენა ყურს. თან როგორ! ყურის ნაწილი "რკინის მაიკის" კბილებში აღმოჩნდა. შემდეგ ის რინგზე იპოვეს და ევანდერს უკან მიაკერეს. თუმცა იმ მომენტში ბევრი ვერ მიხვდა - რატომ დაიწყო ევანდერმა რინგზე ხტომა და თან ყურს უჩვენებდა რეფერის.
მსაჯმა ზერელედ შეისწავლა ჰოლიფილდის მდგომარეობა და მას ბრძოლის გაგრძელების უფლება მისცა. მაგრამ წუთიც არ იყო გასული, რომ ახლო ბრძოლაში ტაისონმა ისევ უკბინა ევანდერს - ახლა უკვე მარცხენა ყურზე. განრისხებული ჰოლიფილდი მეტოქეს ეცა, მაგრამ რაუნდის ბოლომდე აქცენტირებული დარტყმების შესრულება ვერ შეძლო, თუმცა არც თავად გაუშვა.
შესვენებაზე მსაჯებმა, როგორც იქნა, შეისწავლეს "რკინის მაიკის" უჩვეულო "ილეთები", რის შემდეგაც ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
ტაისონი არ დაეთანხმა მოვლენათა ამგვარ განვითარებას და რინგზე მყოფ ადამიანებს შორის გზის გაკვალვა დაიწყო, რათა ჰოლიფილდამდე მიეღწია. ერთ-ერთი პოლიციელი მსუბუქად დაზარალდა მაიკის მუშტისგან, მაგრამ "სისხლისმსმელი" ტაისონი მაინც არ მიუშვეს თავის მსხვერპლთან. "ჰოლიფილდის მოკვლა მინდოდა, - წერდა თავის ავტობიოგრაფიაში ტაისონი. - 50 ადამიანი მაკავებდა, მაგრამ მაინც მივიწევდი მიკენ, სანამ რინგიდან არ გამათრიეს".
ტაისონს საკრივო ლიცენზია ჩამოართვეს და სამი მილიონი დოლარით დააჯარიმეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მისი მომავალი ორთაბრძოლებიდან შესაძლო ფინანსური სარგებელი გაითვალისწინეს და რინგზე დაბრუნების უფლება მისცეს.
ოთხი ვერსია
მაინც რატომ მოაჭამა ტაისონმა ყური ჰოლიფილდს?I ვერსია (მაიკ ტაისონისგან): თავად მაიკი ამბობს, რომ ჰოლიფილდს სამაგიერო გადაუხადა თავით მუდმივი დარტყმების გამო, რომელსაც მსაჯები სპეციალურად არ ამჩნევდნენ. გარკვეულწილად, ამის გაგება შეიძლება - ბრძოლის შემდეგ რამდენიმე ჟურნალისტი აკრიტიკებდა ჰოლიფილდს ამგვარი ტაქტიკის გამო.
II ვერსია (ევანდერ ჰოლიფილდისგან): დაზარალებულის თქმით, ტაისონი მალე მიხვდა, რომ ამ ბრძოლაში კარგი არაფერი ელოდა. ისევ ნოკაუტში მოხვედრა არ უნდოდა, ამიტომაც რინგიდან საკუთარი პირობებით გასვლა გადაწყვიტა. და მიაღწია თავისას, თან ახალი ფერები შესძინა სისხლისმსმელი მკვლელის საკუთარ პორტრეტს.
III ვერსია (ყველაზე გავრცელებული): ტაისონს ყოველთვის ჰქონდა უმართავი ადამიანის რეპუტაცია. მისივე აღიარებით, ყველაზე ძლიერი დარტყმა ცხოვრებაში არა რომელიმე მოკრივეს, არამედ პირველ ცოლს, რობინ გივენსს მიაყენა ("მან დაახლოებით რვა მეტრი იფრინა და კედელს მიენარცხა", - აღწერდა "რკინი მაიკი"). როგორც უკვე ითქვა, ის ციხეში გაუპატიურების გამო იჯდა (თუმცა ამ ბრალდებაში დღემდე არსებობს ეჭვი), სცემა ავტომობილის მძღოლები ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ლუ სავარეზესთან ბრძოლისას მოხვდა არა მხოლოდ მოკრივეს, არამედ მსაჯსაც... მოკლედ, რთული ბიჭი იყო. გასაკვირი არ არის, რომ მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების ლონდონის მუზეუმში მისი ქანდაკება ჰანიბალ ლექტორის სკულპტურის გვერდით დგას. საერთო ჯამში, მისი საქციელი ჰოლიფილდთან ბრძოლაში სავსებით შეეფერება ამ ხასიათს. ის, უბრალოდ, არაადეკვატურია.
IV ვერსია (დაუდასტურებელი): არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტაისონი ნარკოტიკებს იღებდა. მან აღიარა კიდეც, რომ ხელოვნურ პენისს იყენებდა იმისთვის, რათა შემოწმებების დროს სუფთა შარდი ჩაებარებინა - ბუნებრივია, არა თავისი. შესაძლოა, სწორედ ნარკოტიკების ზემოქმედება გახდა ჰოლიფილდის წინააღმდეგ კანიბალიზმის მიზეზი.
ისინი შერიგდნენ
რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, დღეს ტაისონი და ჰოლიფილდი - კეთილი მეგობრები არიან. "მეორე ბრძოლიდან ერთი კვირის თავზე ლიფტში შევხვდით ერთმანეთს. ხალხს ეგონა, რომ ჩხუბი გარდაუვალი იქნებოდა, მაიკმა კი უბრალოდ მკითხა: "სალამი, როგორ ხარ? - ჰყვება ჰოლიფილდი. - რატომ უნდა ვიჩხუბოთ უფასოდ, როცა რინგზე ბრძოლის სანაცვლოდ მე 35 მილიონი მივიღე, მან - 25 მილიონი?!"2009 წელს, ოპრა უინფრის შოუზე ტაისონმა კიდევ ერთხელ საჯაროდ ბოდიში მოუხადა ჰოლიფილდს, რამდენიმე წლის უკან კი მათ ეს ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანეს: სპორტული ფეხსაცმლის ერთ-ერთმა მწარმოებელმა სარეკლამო რგოლი გამოუშვა, რომელშიც ტაისონს ხელში პატარა ყუთი უჭირავს და ჰოლიფილდის კარზე აკაკუნებს: "ევანდერ, მაპატიე, ეს შენი ყურია. ის წესრიგშია, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში ხსნარში ვინახავდი".
სამი წლის წინ, ტაისონის "ტვიტერში" გაჩნდა შეტყობინება: "ახლახან შემახსენეს, რომ დღეს 15 წელი შესრულდა შენი ყურის ინციდენტიდან. მიყვარხარ, ჰოლიფილდ! შენ ნამდვილი ჩემპიონი ხარ!"
საპასუხოდ, ევანდერმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, რეკლამა გაეწია სოუსისთვის, რომელსაც მისი სავაჭრო მარკა უშვებს: "ჩემი სოუსი გაგიღვიძებთ სურვილს, ვინმეს ყური მოაჭამოთ. მაიკ ტაისონი ამას დაგიდასტურებთ. მიყვარხარ, ძმაო!"
"ჰოლიფილდის ყური მის სოუსთან ერთად, გაცილებით გემრიელი იქნებოდა", - იქვე დაადასტურა ტაისონმა.
სხვათა შორის, 2009 წლიდან ტაისონი არ ჭამს არც ყურს, არც ცხვირს და საერთოდ ხორცს, რადგან ვეგეტარიანელი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"