კრივში ბევრნაირი დარტყმა არსებობს, მაგრამ ყველა წარმოადგენს სულ რაღაც ხუთი დარტყმის ვარიაციას. ეს დარტყმებია: ჯები, კროსი, ჰუკი, სვინგი და აპერკოტი.
ჩვენ შევეცდებით განვმარტოთ თითოეულის მნიშვნელობა და სწორი შესრულება...
პირდაპირი დარტყმები
ჯები (დარტყმა წინა ხელით)
დარტყმის ტექნიკა: მოკრივე ჯების გარეშე - არ არის მოკრივე. ეს ყველაზე გავრცელებული დარტყმაა კრივში. ასრულებენ წინა ხელით თავში ან კორპუსში. ხელი დარტყმის დროს ბოლომდე იშლება, მუშტი რჩება იატაკის პარალელურად. ჯები (დარტყმა წინა ხელით)
შეტევის დროს სასურველია წინ ნაბიჯის გადადგმა, რაც დარტყმის ძალას აძლიერებს. მარჯვენა შორეული ხელის მუშტი სახეს იცავს,
პლუსები და მინუსები: ჯების ძალა არც ისე დიდია, როგორც სხვა ნებისმიერი დარტყმის, მაგრამ ის საშუალებას გაძლევს, მეტოქე დაძაბულობაში ამყოფო. გარდა ამისა, ხშირად ჯებით იწყება შეტევა - მზადდება საფუძველი მომდევნო მძლავრი კომბინაციისთვის. ჯები მნიშვნელოვანია დაცვის დროსაც - ის საშუალებას გაძლევს, მეტოქე დისტანციაზე გყავდეს.
თვალსაჩინო წარმომადგენლები: ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები. სპეციალისტები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ გრძელხელება ძმები კლიჩკოები კრივს ინტრიგას ართმევენ. მათი საყვარელი დარტყმაა - ჯები, საყვარელი დაცვა - კლინჩი. ჯები - კლინჩი, ჯები - კლინჩი - ეს არის მათი ძირითადი ტაქტიკა. მეტოქე იღლება, იფიტება, მუდმივად ხვდება სახეში და ეცემა; ან არ ეცემა, მაგრამ დაღლილია და ბრძოლისუნარიანობას კარგავს. ყველაფერი პროგნოზირებადი და მოსაწყენია.
როგორც უკრაინელი მძიმეწონოსნების მეტოქეები ჰყვებიან, გარკვეული ხანი მათი ჯებისგან თავის დაძვრენა შეიძლება, მაგრამ დაღლილობა აუცილებლად იწვევს კონცენტრაციის მინიმალურ დაკარგვას და ამ დროს კლიჩკოს მუშტები მიზანს აღწევს.
შემთხვევითი არ არის, რომ ძმებს შესაბამისი მეტსახელები აქვთ - დოქტორი ფოლადის ურო (ვლადიმირი) და დოქტორი ფოლადის მუშტი (ვიტალი).
კროსი (დარტყმა შორეული ხელით)
დარტყმის ტექნიკა: შორეული, უფრო მძლავრი ხელის მუშტი ადგილიდან წყდება და უმოკლესი ტრაექტორიით მიფრინავს მოწინააღმდეგის სახისკენ ან კორპუსისკენ. ამასთან, დამრტყმელს შეუძლია ნაბიჯი გადადგას წინ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ატრიალებს კორპუსს და წონა გადააქვს წინ ფეხზე. ეს ეხმარება დარტყმის ძალის გაძლიერებაში. კორპუსში დარტყმისას, მუხლები უნდა მოიხაროს, რათა მხარი მიზანთან ერთ დონეზე იყოს.პლუსები და მინუსები: კროსი - უფრო ზუსტი დარტყმაა, ვიდრე ნებისმიერი გვერდითი დარტყმა. ის უფრო უსაფრთხოა შემტევისთვის, რადგან მარტივია დაცვაში დაბრუნება. სისწრაფის ხარჯზე, ერთსა და იმავე დროში უფრო მეტი კროსის (და ჯების) შესრულება შეიძლება, ვიდრე ჰუკისა და სვინგის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი დარტყმა არ არის ადამიანის სხეულის ბუნებრივი მოძრაობა, ამიტომაც მას სერიოზული დამუშავება სჭირდება.
თვალსაჩინო წარმომადგენელი: ერნი შეივერსი. შეივერსს არ ჰყოფნიდა სისწრაფე და ამტანობა, თორემ აუცილებლად შევიდოდა უდიადესი მოკრივეების სიაში. მაგრამ მას ვერავინ წაართმევდა მარჯვნიდან დარტყმის არანორმალურ ძალას. ლარი ჰოლმსი, რომელმაც 38 წლის ასაკში მოასწრო მაიკ ტაისონის წინააღმდეგ რინგზე გასვლა, ამბობდა, რომ "რკინის მაიკის" დარტყმების შემდეგ ჩნდებოდა გრძნობა - თითქოს სწრაფი "ფერარის" ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ შეივერსის კროსების შემდეგ კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იყო - თითქოს მრავალტონიანმა სატვირთო მანქანამ გადაუარა.
გვერდითი დარტყმები
ჰუკი (დარტყმა მოხრილი ხელით მოქნევის გარეშე)
დარტყმის ტექნიკა: ჰუკი - მთავარი გვერდითი დარტყმაა კრივში, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ ახლო ან საშუალო ბრძოლაში შეიძლება. დამრტყმელი მხარი უკან იწევა და შემდეგ მთელი კორპუსი მკვეთრად იშლება, იდაყვში მოხრილი ხელი მეტოქის თავისკენ ან კორპუსისკენ მიდის. მოწინააღმდეგესთან შეხების მომენტში, იდეალურია, თუ ხელი 90 გრადუსით არის მოხრილი, წინააღმდეგ შემთხვევაში დარტყმა ძალას კარგავს. მუხლები ასევე მოხრილია - ეს მუშტს კინეტიკურ ენერგიას მატებს. ამასთან, ბუნებრივია, არ უნდა დაივიწყონ დაცვა.ჰუკი (დარტყმა მოხრილი ხელით მოქნევის გარეშე)
პლუსები და მინუსები: დამტკიცებულია, რომ ჰუკი - ყველაზე ძლიერი დარტყმაა კრივში. ასეთი დარტყმის შესასრულებლად საჭიროა განვითარებული მუცლის კუნთი - მის მუშაობაზეა დამოკიდებული ჰუკის სიჩქარე. სწორედ ძალისა და სისწრაფის შეხამება - მთავარი საფრთხეა მეტოქისთვის. იმის გამო, რომ დარტყმა მოქნევის გარეშე სრულდება, მოულოდნელობის ეფექტი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მოკრივე არ გაიხსნას დარტყმის შემდეგ, რათა არ გამოეპაროს კონტრდარტყმა. ამისთვის საჭიროა არასამუშაო ხელის ხელთათმანი მაღლა ეჭიროს, მეორე (სამუშაო) ხელი არ დაუშვას ქვემოთ დარტყმის შემდეგ.
თვალსაჩინო წარმომადგენელი: ჯო ფრეზერი. თავისი დაუჯერებელი მარცხენა ჰუკი ფრეზერმა მიიღო... ღორის წყალობით. ბავშვობაში მას ფერმაში თავს დაესხა დიდი ღორი, ბიჭი დაეცა და ხელი მოიტეხა. ძვალი არასწორად შეხორცდა და ბოლომდე აღარ იშლებოდა. მაგრამ იშლებოდა იმ კუთხემდე, რომელიც იდეალურია ჰუკის შესასრულებლად - დარტყმის მომენტში ხელის სწორი მდგომარეობა ავტომატურად მიიღწეოდა. შედეგად, ჯოს დარტყმები თვალებს უბნელებდა მეტოქეებს, მათ შორის, მუჰამედ ალის.
სვინგი (დარტყმა გაშლილი ხელით მოქნევით)
დარტყმის ტექნიკა: სამუშაო ხელი უკან იწევა, იშლება, ამას მოჰყვება კოჰპუსის შემობრუნება და თავის ჩაწევა ქვემოთ, რომლის დროსაც ხელი შემოწერს დიდ რადიუსს და ხვდება მეტოქეს თავში.პლუსები და მინუსები: დარტყმამდე ხელი დიდ მანძილს გადის, ამიტომაც ძალის დაგროვებას ასწრებს. მაგრამ მოქნევასა და დარტყმას დრო სჭირდება, შესაბამისად, მოწინააღმდეგე ასწრებს თავდაცვითი მოქმედების ორგანიზებას. "წისქვილი", ანუ სვინგები მონაცვლეობით მარცხნიდან და მარჯვნიდან - ხშირად გამოუვალი მდგომარეობით არის გამოწვეული, მაგრამ ეფექტური საყურებელია.
თვალსაჩინო წარმომადგენელი: შენონ ბრიგზი. რთულია, სვინგით რაიმე ავნო გამოცდილ მოკრივეს, ამიტომაც ასეთი დარტყმის მოყვარულების პოვნა ნამდვილ ვარსკვლავებს შორის რთულია. მაგრამ შენონ ბრიგზი, რომელიც პირველივე წუთებიდან იწყებს "ქუჩურ ჩხუბს", WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონიც კი გახდა. ამასთან, გასაკვირი არ არის, რომ ის რეკორდსმენია პირველ რაუნდში ნოკაუტების რაოდენობით - 36.
აპერკოტი (დარტყმა ქვემოდან)
დარტყმის ტექნიკა: აპერკოტი სრულდება მოწინააღმდეგის ხელებს შორის, როცა მას ავიწყდება კლინჩის დროს იდაყვების შეტყუპება. დარტყმა სრულდება ქვემოდან ზემოთ, ამასთან, მუშტის შიდა მხარე მიმართულია მეტოქისკენ. კლასიკური აპერკოტი სრულდება წინა ხელით მხრის მობრუნებასთან ერთად და შემტევის წონა გადადის წინა ფეხზე. გრძელი აპერკოტი (შორეული ხელით) ითხოვს წინ ნაბიჯს წინა ფეხით, რათა წონა მასზე გადავიდეს. ხელი იდაყვში მოხრილია - დაახლოებით 90 გრადუსით. დარტყმა შეიძლება მიმართული იყოს როგორც მეტოქის ყბაში, ასევე მკერდის არეში - სუნთქვის შესაკვრელად.პლუსები და მინუსები: დარტყმა ძალიან ძლიერია და მეტოქეს უჭირს მისი შემჩნევა, მაგრამ აპერკოტი სასარგებლოა მხოლოდ ახლო ბრძოლაში. თან აპერკოტი სახიფათოა შემტევისთვის, რადგან ის წამით დაუცველი ხდება. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეტევის დაწყება, თუ მოწინააღმდეგე დემორალიზებული არ არის.
თვალსაჩინო წარმომადგენელი: ჯორჯ ფორმენი. ფორმენის სტილი საკმაოდ პრიმიტიული იყო, სამაგიეროდ, ეფექტური - მისი დარტყმები მეტოქეს, უბრალოდ, თავის აწევის საშუალებას არ აძლევდა. ხოლო, როცა თავი ქვემოთაა, კარგი აპერკოტი სიტუაციიდან გამომდინარეობს. ფორმენის ანგარიშზე უამრავი გატეხილი ყბა და ნეკნია.
* * *
უნდა აღინიშნოს, რომ კრივში დარტყმების ტექნიკა თავისთავად არ არსებობს. ტექნიკა - ეს არის, სავარაუდოდ, კონკრეტულ ბრძოლასა თუ სიტუაციაში კონკრეტული დარტყმის გამოყენების უნარი. თითოეული დარტყმისთვის არსებობს მომენტი, როცა ის ყველაზე გონივრულ და სწორ გადაწყვეტილებად მოჩანს.
და სწორედ ყველაზე სწორი დარტყმებითა და კომბინაციებით შეიძლება ბრძოლის მოგება და არა ყველაზე ძლიერი დარტყმებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"