დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ჩემთან ერთად საქურდავად წასვლა არ უყვარდათ, რადგან არ ვიყავი ისეთი აუღელვებელი და მოხერხებული, როგორც სხვები. არასოდეს გამომდიოდა საქმე შეუფერხებლად, გეგმის მიხედვით. ჩემი სტიქია იყო ექსპრომტები - მოულოდნელობის ეფექტით მსხვერპლისთვის.

ნებისმიერ ძლიერ ბიჭს შეეძლო, ვინმეს მოულოდნელად დასხმოდა თავს. მაგრამ მთელი სიამოვნება იმაში მდგომარეობდა, რომ მოგეტყუებინა და გაგეცურებინა მსხვერპლი. ადამიანების უმრავლესობა ასე ფიქრობს:

"თვალი დამადგეს, მაგრამ შევძლებ მათ მოტყუებას. ისინი ვერ გამაცურებენ". ქალს შეუძლია მთელი დღე ედოს ხელი საფულეზე. ჩვენ მას თვალს ვადევნებთ - ის კი ჯიბიდან ხელს არ იღებს. მივყვებით ამორჩეულ
მსხვერპლს, შემდეგ, თითქოს თავს ვანებებთ და ვშორდებით, მაგრამ ერთ-ერთი ჩვენგანი ისევ უთვალთვალებს. ქალი რამდენიმე წამით ადუნებს ყურადღებას, თავის საქმეებზე მიდის - სწორედ ამ დროს ჩვენიანი იღებს იმას, რაც სურს და ბრუნდება. სანამ იქიდან ავორთქლდებით, გვესმის სულისშემძვრელი ყვირილი: "ა-ა-ა, ჩემი ფული, ჩემი ფული!" ეს არის მაღალი კლასი. ყველაფერი ფეხებზე გვეკიდა.

ყველაზე ელემენტარული იყო ვინმესთვის ოქროს ყელსაბამის ჩამოგლეჯა. ამას, ჩვეულებრივ, მეტროში ვაკეთებდით. ფანჯარასთან ვჯდებოდი, რომ მისი გაღება ყოფილიყო შესაძლებელი. ვაგონში რამდენიმე ფანჯარას ვაღებდი, გაჩერებაზე ახალი მგზავრები შემოდიოდნენ და ფანჯარასთან სხდებოდნენ. გარეთ გავდიოდი და როგორც კი მატარებელი სიჩქარის აკრეფას იწყებდა, ფანჯარაში ხელს ვყოფდი და ყელსაბამს ვგლეჯდი. ისინი ყვიროდნენ, გაოგნებული მაშტერდებოდნენ, მაგრამ ვაგონიდან გამოსვლა უკვე აღარ შეეძლოთ. ყელსაბამის შესაკრავს გავარემონტებდი და ორი დღე ვატარებდი თავის მოსაწონებლად, შემდეგ დიდ ბიჭებს მივყიდდი. ისინი უპრობლემოდ იღებდნენ ჩემგან.

მართალია, სხვებზე შთაბეჭდილებას ვახდენდი, მაგრამ, ამავდროულად, გოგონებთან ურთიერთობა ვერ ავაწყვე. ისინი მომწონდნენ, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მეთქვა მათთვის ეს. ერთხელ რამდენიმე გოგოს მივაშტერდი, რომლებიც სახტუნაოთი თამაშობდნენ. თვალში მომივიდნენ და წინააღმდეგი არ ვიყავი, მათთან ერთად მეც მეხტუნა. ამიტომაც მათი გაჯავრება დავიწყე და სრულიად მოულოდნელად, მეხუთეკლასელი გოგონები პირდაპირ ცემაზე გადმოვიდნენ. მე ვმასხარაობდი, მათ კი ყველაფერი სერიოზულად მიიღეს და მოულოდნელად თავს დამესხნენ. ძალიან გვიან დავიწყე მათი შეტევების მოგერიება. მახსოვს, ვიღაც ჩაერია და ჩხუბი შეწყდა. მოიგეს ეს ბრძოლა, რადგან არ მინდოდა გოგონებთან ჩხუბი.

დედაჩემისთვის და დისთვის არ აღმოჩნდა სიურპრიზი ჩემი ქურდობა და სხვა ასოციალური ამბები ფულის საშოვნელად. ისინი ხედავდნენ, რომ საკადრისად ვიყავი ჩაცმული, მიმქონდა მათთვის საკვები - პიცა, ბურგერ-კინგები, მაკდონალდსები... დედას ესმოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ცვლილება კარგად არ დამთავრდებოდა, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. ქუჩამ მთლიანად დამიპყრო. დედა თვლიდა, რომ კრიმინალი გავხდი და სიკვდილს ვამჯობინებდი ძველ ნეხვში დაბრუნებას. როგორც ჩანს, ის ადრეც შეხვედრია ჩემნაირ ბავშვებს, რომლებიც ასევე იქცეოდნენ. ნებისმიერ ნივთს ვიპარავდი ნებისმიერი ადამიანისგან. ჩემთვის არ არსებობდა რაიმე ზღვარი.

დედა ასე ცხოვრებას მათხოვრობას ამჯობინებდა. თავისი პატიოსნებით, უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა. ყოველთვის ფულს სესხულობდა. ასე ცხოვრობდა და სხვანაირად არ შეეძლო. დას უამრავ ფულს ვუთვლიდი, რომ დედას დავხმარებოდი. ხანდახან მასაც ვაძლევდი 100 დოლარს და უკან არასოდეს მიბრუნებდა. სულაც არ მცემდა პატივს ამის გამო. ვეუბნებოდი: "რაღაც თანხა გმართებს ჩემი". ის კი მპასუხობდა: "შენ მთელი ცხოვრების გამო ხარ ჩემთან ვალში, ბიჭო. არ ვაპირებ ფულის დაბრუნებას".

ჩვენს რაიონში უფროსმა ბიჭებმა იცოდნენ, რომ ვქურდობდი. ვიპარავდი ფულს, ძვირფასეულობას, ფეხსაცმელს და მეშინოდა, რომ ამის შესახებ დედას ეტყოდნენ. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ისინი მირტყამდნენ, ჩემს მტრედებს იპარავდნენ და იცოდნენ, რომ ამის გამო არავინ დასჯიდათ. დამცინოდნენ კიდეც. ბარკიმს არ უსწავლებია ჩემთვის ჩხუბი. მან მხოლოდ ის მასწავლა, როგორ ჩამეცვა მოდურად და როგორ დამეცვა ჰიგიენა. ჩვეულებრივ, თუ ქუჩაში ვინმე მიყვიროდა ან მომდევდა, უბრალოდ, ვყრიდი ჩემს ნივთებს და გავრბოდი. უკვე რაღაცას წარმოვადგენდი, არაფერი შეცვლილა - ისევ დამცინოდნენ.

ვიზრდებოდი და მინდოდა, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი. გავმხდარიყავი ბიჭი, რომელიც უბრალოდ იტყოდა: "მე აქ ყველაზე მაგარი ვარ", "მე მყავს საუკეთესო მტრედები". მინდოდა ნამდვილი ქუჩის ბიჭი ვყოფილიყავი, ენაკვიმატი, რომელიც სიტყვისთვის ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფს. მაგრამ სინამდვილეში ძალიან მორცხვი და მოუხერხებელი ვიყავი. როცა "მაგარი ბიჭის" ტონით ლაპარაკს ვიწყებდი, ნებისმიერს შეეძლო თავში წამოერტყა და ეთქვა: "ხმა ჩაიწყვიტე, ზანგო!" მაგრამ, როცა პირველად ჩავები ქუჩის ჩხუბში, ვიგრძენი, რამდენად სასიამოვნოა დიდების მწვერვალზე ყოფნა.

ერთხელ კრაუნჰატსის რაიონში წავედი და იქ უფროს ბიჭთან ერთად სახლი გავძარცვე. 2200 დოლარი გამოვიტანეთ და მეწყვილემ 600 დოლარი ჩამითვალა. ზოომაღაზიაში წავედი და 100 დოლარის მტრედები შევიძინე. ისინი კალათაში ჩასვეს და მაღაზიის მეპატრონემ მეტრომდე მიმაცილა. ვაგონიდან გამოსულს თანაუბნელი ბიჭი დამეხმარა და ერთად გადავიტანეთ კალათა მიტოვებულ შენობაში, სადაც ჩემს მტრედებს ვმალავდი. მაგრამ მან ჩემი საიდუმლოს შესახებ რაიონში წამოაყრანტალა და ჩემ გასაქურდად თავის მეგობრებთან ერთად მოვიდა ბიჭი, სახელად გერი ფლაუეზი. დედამ დაინახა, როგორ იქექებოდნენ ისინი ჩემს სამტრედეში და ამის შესახებ მომახსენა. ქუჩაში გავვარდი და პირდაპირ მათ შევეჩეხე. შემამჩნიეს თუ არა, მტრედებს თავი დაანებეს, თუმცა გერი ერთ მტრედს პალტოს ქვეშ მალავდა. გარშემო უამრავი ხალხი შეიკრიბა.

- მომეცი ჩემი მტრედი, - ვუბრძანე მე.

გერიმ მტრედი პალტოდან გამოიღო.

- შენი მტრედი გინდა? ეს ჩასვრილი ჩიტი გინდა? - მკითხა მან და უცებ თავი მოაგლიჯა ფრინველს და მესროლა. სისხლმა სახე და პერანგი დამისვარა.

- სცემე, მაიკ! - დამიყვირა ერთ-ერთმა მეგობარმა. - ნუ გეშინია, უბრალოდ, სცემე!

ადრე ვერ ვბედავდი ჩხუბს, მაგრამ იმ მომენტში ჩემზე უფროსი ერთი ბიჭი გამახსენდა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. მას უაიზი ერქვა და მოკრივე იყო პოლიციის სპორტული ლიგიდან. ჩვენთან ერთად მარიხუანას ეწეოდა და როცა კაიფს პოულობდა, ჩრდილთან ბრძოლას იწყებდა. ვაკვირდებოდი მას, ის კი მაქეზებდა:

"მოდი, მოდი!" მაგრამ არასოდეს მიცდია მასთან ერთად კვირის იმიტირებაც კი. ახლა კი გავიხსენე უაიზის მოძრაობები.

გავბედე. ჩემი მეგობრები შოკში იყვნენ. ისე, რომ ვერ ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი, გამძვინვარებულმა რამდენჯერმე დავარტყი და ერთ-ერთი დარტყმა მიზანში მოხვდა. გერი წაიქცა. როცა უაიზი ჩრდილს ეჩხუბებოდა, ნახტომებს აკეთებდა. ამიტომაც, როცა გერი ძირს დავაგდე, ჩემი იდიოტური უკანალით ნახტომები დავიწყე - თითქოს ერთ ადგილას ბუზი შემიფრინდაო. თითქმის მთელი კვარტალი ადევნებდა თვალს ჩემი ტრიუმფის მომენტს. ყველამ ყვირილი და ტაშის დაკვრა დაიწყო. დაუჯერებელი გრძნობა იყო, გული საშინლად მიცემდა.

- ეს ზანგი დახტის, - გაიცინა ერთმა ბიჭმა.

შევეცადე, მოჰამედ ალის სტილში განმესახიერებინა ბჯენითი ნაბიჯები, მაგრამ უშედეგოდ. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი: თურმე შემძლებია საკუთარი თავის დაცვა და ეს აპლოდისმენტებიც მომეწონა. ეჭვი მაქვს, ამ მორცხვი სახის მიღმა ყოველთვის ვმალავდი ფეთქებად და მხიარულ ტემპერამენტს. ახლა ქუჩაში უკვე სულ სხვა ხარისხის პატივისცემა მქონდა. ნაცვლად "მაიკი ითამაშებს ჩვენთან ერთად?" დედაჩემს ეკითხებოდნენ: "მაიკ ტაისონი ითამაშებს ჩვენთან ერთად?" სხვა ბიჭებს საკუთარი ფავორიტები მოჰყავდათ ჩემთან საჩხუბრად და თანხას დებდნენ ბრძოლის შედეგზე. ახლა უკვე შემოსავლის ახალი წყარო გამიჩნდა. სხვა რაიონებიდანაც კი მოდიოდნენ. საკმაოდ ხშირად ვიგებდი. წაგების შემდეგაც კი, გამარჯვებული ბიჭები მეკითხებოდნენ: "მართლა 11 წლის ხარ?"

ასე მოვიპოვე ბრუკლინში დიდი პოპულარობა და ფართო ცნობადობა. მე მქონდა იმ ბიჭის რეპუტაცია, რომელსაც ნებისმიერთან შეეძლო ჩხუბი - უფროსებთანაც. მაგრამ ქუჩაში არ მისდევდნენ მარკიზ ქუინსბერის წესებს (1882 წელს, მარკიზ ქუინსბერის წესებმა სათავე დაუდო სამოყვარულო და პროფესიულ კრივში ყველა თანამედროვე წესს). თუ ვინმე უკანალზე მოსვი, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ბრძოლის დასრულებას. თუ ამ ბიჭმა ვერ შეძლო ჩხუბში შენი დამარცხება, მას სხვა შესაძლებლობები ჰქონდა, მაგალითად, ბრუნდებოდა თავის მეგობრებთან ერთად, ბეისბოლის ჯოხებით რომ გაგსწორებოდა.

დავიწყე შურისძიება ყველა ძველი შეურაცხყოფისთვის, წყენისა და ცემისთვის. ერთხელ მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი და ის ბიჭი დავინახე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მცემა და დამამცირა. მაღაზიაში შევიდა. იქიდან გამოვათრიე და ცემა დავუწყე. არც კი ამიხსნია მეგობრებისთვის - რატომ ვაკეთებდი ამას. უბრალოდ, ვუთხარი: "ვერ ვიტან ამ ნაბიჭვარს". ეს საკმარისი იყო. ისინიც მისცვივდნენ, ნაკუწებად აქციეს მისი ტანსაცმელი და კარგად დაამუშავეს. ეს ის ბიჭი არ არის, ვინც სათვალე ჩამომგლიჯა და მოისროლა? ყველა ძველი დამცირებისთვის ისიც ქუჩაში ვცემე და ისე მოვაქციე, როგორც დაფლეთილი კატა. მას, შესაძლოა, აღარც ახსოვდა ის ამბავი, მაგრამ მე არ დამვიწყებია.

როდესაც თავდაჯერებულობა შევიძინე და დავრწმუნდი, რომ საკუთარი თავის დაცვა შემეძლო, ჩემი დანაშაულებრივი მოქმედების არეალი და მასშტაბები გავაფართოვე. უფრო თავხედურად ვიქცეოდი. საკუთარ რაიონში მოპარვაც კი დავიწყე. მეგონა, რომ ეს ნებადართული იყო. არ მესმოდა ქუჩის კანონები. მიმაჩნდა, რომ ყველა პატიოსნად უნდა თამაშობდეს, რადგან თავად მე (როგორც მეგონა) სხვების მიმართ პატიოსან თამაშს ვეწეოდი. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ არიან ადამიანები, რომლებთანაც არ ღირს საქმის დაჭერა.

მრავალბინიან სახლში ვცხოვრობდით და ვძარცვავდი ყველას, ვინც მეზობლად ცხოვრობდა. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ქურდი მე ვიყავი. ამ ადამიანებიდან ზოგიერთი დედაჩემის ნაცნობი იყო. ისინი სოციალური დახმარების ჩეკებს ფულზე ანაღდებდნენ, სასმელს ყიდულობდნენ და დედასთან მოდიოდნენ. სვამდნენ, მხიარულობდნენ. მე ჩემს ოთახში შევდიოდი, სახანძრო კიბით მათ ბინებში ავდიოდი და ვიპარავდი ყველაფერს, რაც იქ იყო. ქალი შინ ბრუნდებოდა, ქურდობას აღმოაჩენდა და ისევ ჩვენთან ყვირილით მორბოდა:

"ლორნა, მათ ყველაფერი წაიღეს! საბავშვო კვებაც კი! არაფერი დატოვეს!"

ბოლოს, როცა სახლი დაცარიელდებოდა, დედა ჩემს ოთახში შემოდიოდა.

- ვიცი, რომ რაღაც ჩაიდინე, ასე არ არის, ჩემო ბიჭო? რა ჩაიდინე?

მე ვპასუხობდი:

- მე არ ვყოფილვარ. მიმოიხედე გარშემო.

საქმე ისაა, რომ ნაქურდალს სახურავზე ვინახავდი და მე და ჩემს მეგობრებს ნადავლი მოგვიანებით გაგვქონდა.

- რა უნდა ჩამედინა? ოთახში ვიყავი, აი, აქ. არსად გავსულვარ.

- კარგი, თუ შენ ეს არ ჩაგიდენია, მზად ვარ, სანაძლეო დავდო, რომ ის მაინც იცი - ვინ გააკეთა ეს. შენ ქურდი ხარ! - იწყებდა ყვირილს დედა. - არასოდეს არაფერი მომიპარავს ცხოვრებაში! არ ვიცი, საიდან გამოხვედი ასეთი. შენ ქურდი ხარ!

ო, ღმერთო! შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ასეთ სისაძაგლეებს ისმენ საკუთარი დედისგან? ოჯახს, ჩემთან მიმართებაში, არანაირი იმედი და ილუზია არ ჰქონდა, აბსოლუტურად არანაირი. მათ მიაჩნდათ, რომ ჩემი ცხოვრება დამნაშავის ცხოვრებად გადაიქცეოდა. აქამდე ჩვენს საგვარეულოში მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. მე ერთადერთი ვიყავი. ჩემი და მუდმივად მაქეზებდა:

- რომელი ჩიტები არ დაფრინავენ? ციხის ჩიტები! ტუსაღები! (სიტყვების თამაში: jailbird - პირდაპირი თარგმანი - "ჩიტი გალიაში". ნიშნავს "ტუსაღს", "პატიმარს").

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული