დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
მაშ ასე, კასთან, კამილასთან და მწვრთნელის სახლში მცხოვრებ სხვა მოკრივეებთან გადავედი. სულ უფრო და უფრო მეტს ვიგებდი კასის შესახებ, რადგან ვარჯიშების შემდეგ მასთან ხანგრძლივი საუბრები მქონდა. უხაროდა, როცა საკუთარი რთული ცხოვრების შესახებ ისტორიებს ვუყვებოდი. ამ დროს საშობაო ნაძვის ხესავით ანათებდა.

"კიდევ მომიყევი", - მეხვეწებოდა. კასი იყო იდეალური კანდიდატი საკუთარი მისიის შესასრულებლად: სიყვარულს მოკლებული არასრულყოფილი ოჯახი, რომელსაც არ ჰქონდა არსებობის საშუალება.

მე ვიყავი სასტიკი, მკაცრი და გაქნილი, მაგრამ ქაღალდის სუფთა ფურცლად ვრჩებოდი. კასი მზად იყო, ხელგაშლილს მიეღო ჩემი უარყოფითი მხარეები. ის
საშუალებას არ მაძლევდა, სინდისის ქენჯნა ან არასრულფასოვნება მეგრძნო ჩემი აღზრდის გამო. მას მოსწონდა, რომ ენთუზიაზმით ვიყავი სავსე. "ენთუზიაზმი", - სწორედ კასმა მასწავლა ეს სიტყვა.

კასს ესმოდა ჩემი, რადგან მასაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა. დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. ჯერ კიდევ ბავშვმა, ქუჩის ჩხუბის დროს ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. მამამ მის ხელებში დალია სული, პოლიციელმა საყვარელი ძმა მოუკლა...

ფაქტობრივად, კასს მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა ნორმირებული სამუშაო დღე. შემდეგ წავიდა, რადგან ბოლო არ უჩანდა კოლეგებთან კონფლიქტებს. სამაგიეროდ, ძალიან ბევრ დროს ხარჯავდა, როცა საკუთარ რაიონში ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა.

პრაქტიკულად, არაოფიციალური სოციალური მუშაკი იყო. დიდ სიამოვნებას იღებდა სხვა ადამიანების დახმარებით. კასის მონდომებით აღმოიფხვრა მის რაიონში პოლიტიკული კორუფცია, როცა ნიუ იორკის მერი იყო რეფორმატორი ლა გუარდია (ფიორელო ლა გუარდია - ნიუ იორკის მერი 1934-45 წლებში; დიდი დეპრესიის შემდეგ ეს პოსტი ზედიზედ სამი ვადით შეინარჩუნა.

აქტიურად უჭერდა მხარს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის "ახალ კურსს". გამოიჩინა თავი, როგორც კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან დიდმა მებრძოლმა). ამ ბრძოლაში ის უპირისპირდებოდა კორუმპირებულ მამაკაცს, რომელიც იარაღითაც კი ემუქრებოდა. კასი უშიშარი იყო. ამასთან, გამძვინვარებული და გესლიანი.

- მთელი ცხოვრება პატარა ადამიანების დამცველად გამოვდიოდი, - ამბობდა ის. - ჩემი ბევრი უსიამოვნება იქიდან წარმოიშვა, რომ უსამართლობის მსხვერპლთ ვიცავდი. ზოგიერთები, ვის გამოც ვიბრძოდი, არც ღირდნენ ასეთ თავდადებად. ძალიან ცოტა ადამიანი იმსახურებს გადარჩენას.

კასი აბსოლუტურად ლიბერალური იყო რასობრივ საკითხებთან დაკავშირებით. მამამისის საუკეთესო მეგობარი შავი იყო. არმიაში სამსახურისას, მისი ნაწილი სამხრეთით იყო დაბანაკებული. კასს ჰყავდა საკრივო გუნდი და მასთან ერთად მგზავრობისას, არც ერთი სასტუმრო არ იღებდა შავ მოკრივეებს, ამიტომაც სპორტსმენებთან ერთად პარკებში ეძინა.

გარდა ამისა, ძალიან დიდი სოციალისტი იყო. უყვარდა ჩე, ფიდელი და როზენბერგები. კასმა მომიყვა როზენბერგების საქმის შესახებ (იულიუს როზენგბერგი და მისი მეუღლე ეტელი - ამერიკელი კომუნისტები, რომლებიც საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასაჯეს) და მისი გაღიზიანება გადავწყვიტე.

- გეყოფა, კას. ყველაფერი სამართლიანად იყო. ისინი დამნაშავეები იყვნენ, - ვთქვი მე.

- აბა რა! - აფეთქდა კასი პასუხად. - ეს დღეს ამბობ ასე, მაგრამ, როცა ისინი მონობას დააბრუნებენ, არ გექნება საშუალება ამტკიცო -ვინ არის მართალი და ვინ არა.

რონალდ რეიგანი მისი უბოროტესი მტერი იყო. როცა რეიგანი ტელევიზორში გამოდიოდა, კასი მთელი ხმით ყვიროდა: "მატყუარა! მატყუარა! მატყუარა!"

კასი შეშლილი იყო. უყვარდა ლაპარაკი იმაზე - ვინ იმსახურებდა სიკვდილს. "ადამიანი კვდება ისე, როგორც ცოცხლობს", - მეუბნებოდა ის.

ერთხელ კასმა მითხრა: "როცა ბევრი ფული გექნება, შეძლებ ყველას დახმარებას, ვისზეც ხარ მიჯაჭვული. შენ შეგიძლია ზანგების ეკლესიებს დაეხმარო". მას მიაჩნდა, რომ ზანგების ეკლესია - საუკეთესო მასობრივი სოციალური ქსელი იყო შავებისთვის. მას მოსწონდა ღირსი მამა მარტინ ლუთერ კინგი. კასი ყოველთვის ეხმარებოდა ადამიანებს და ურიგებდა მათ საკუთარ ფულს.

- ფული - ეს ის არის, რასაც მატარებელი რელსებიდან გადაჰყავს, - მასწავლიდა ის. - ფული ნიშნავს უზრუნველობას, ჩემთვის კი უზრუნველობა ნიშნავს სიკვდილს. ამიტომაც არასოდეს ვზრუნავდი ფულზე. ის თვისებები, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ - ფულით ვერ შეიძენ. ფული არასოდეს ახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას. ძალიან ბევრ არასწორ ადამიანს აქვს დიდი ფული და ასეთი ლოგიკური ურთიერთკავშირი სიკეთეს არ მოიტანს. სიმართლე გითხრა, ბოლომდე გულგრილი არ ვიყავი ფულის მიმართ. მას უბედურებაში მოხვედრილ ხალხს ვურიგებდი. ჩემი აზრით, ეს არ იყო უაზრო ხარჯვა.

მან უარი განაცხადა გადასახადების გადახდაზე და საკუთარი თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, როცა მთავრობის 200 ათასი დოლარი ვალი დაუგროვდა.

გამოცანად რჩება ის, თუ როგორ მოხვდა კასი კრივში. ის უცებ არსაიდან გამოჩნდა და გამოაცხადა: "მე ვარ მწვრთნელი კრივში".

მის შესახებ არავის არაფერი ჰქონდა გაგებული. მან არაფერი იცოდა კონტრაქტებისა და მოკრივეების შესახებ, მაგრამ იჩემებდა, რომ "მენეჯერი" იყო. კასმა ითავა ახალგაზრდა და პერსპექტიული მძიმეწონოსნის, ფლოიდ პატერსონის (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში) მომზადება, რომელიც ღარიბი ოჯახიდან იყო გამოსული და ბრუკლინში ცხოვრობდა.

იმ დროისთვის კრივს მართავდა ჯგუფი, რომელსაც "საერთაშორისო საკრივო კლუბი" ერქვა. მისი მფლობელები იყვნენ მდიდარი მეწარმეები, რომლებსაც მტკიცედ ეპყრათ ხელთ საკრივო ორთაბრძოლების მარკეტინგი და რეკლამა, მაგრამ კასმა ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა ფლოიდი, შემდეგ კი ღია დაპირისპირებაში შევიდა "საერთაშორისო საკრივო კლუბთან".

ეს ნიშნავდა განგსტერთა ბანდის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ფრენკი კარბო (ცნობილი მაფიოზი ლუკეზეს დანაშაულებრივი ოჯახიდან) სწორედ "კლუბთან" ამფსონობდა. კასმა დიდი წვლილი შეიტანა "საერთაშორისო საკრივო კლუბის" დახურვაში, ხოლო კარბო ციხეში მოხვდა დანაშაულებრივი გარიგების, გამოძალვისა და არალიცენზირებული ხელმძღვანელობის ბრალდებით.

მაგრამ კასს გული გაუტყდა, როცა როი კოენმა, მემარჯვენე შეხედულებების ადვოკატმა პატერსონი წაართვა. ფლოიდმა კათოლიკური რწმენა მიიღო და კოენმა ის ნიუ იორკში კარდინალ სპელმანს შეახვედრა, რითაც მოკრივის გული მოიგო. ამის შემდეგ კასი აღარ ჩნდებოდა კათოლიკურ ეკლესიაში.

ამ შემთხვევის შემდეგ მას გადამეტებული ეჭვიანობა დაეწყო. მაგალითად, ამტკიცებდა, რომ ვიღაცას სურდა მეტროში მისთვის ხელის კვრა და მატარებლის ქვეშ ჩაგდება.

აღარ დადიოდა ბარებში იმის შიშით, რომ ვიღაც მის სასმელში რაღაცას გაურევდა. ამოიკერა ქურთუკის ჯიბეები, რადგან ეშინოდა, რომ ნარკოტიკს ჩაუდებდნენ. საბოლოოდ, კასტკილში გადავიდა საცხოვრებლად.

ის სახლშიც პარანოიკი იყო. არავის ჰქონდა მის ოთახში შესვლის უფლება. ამის გასარკვევად, კარზე ასანთის ღერებს აწყობდა. თუ თავის ოთახთან ახლოს დამინახავდა, მეკითხებოდა: "აქ რას აკეთებ?"

- მე აქ ვცხოვრობ, კას, - ვპასუხობდი მე.

ერთხელ მე და კიდევ ორი მოკრივე, ვინც მის სახლში ცხოვრობდა, სასეირნოდ გავედით. კასი არავის ანდობდა გასაღებს, რადგან შეიძლებოდა დაგვეკარგა და მაშინ ვიღაც უცხო შეძლებდა სახლში შეღწევას. დაბრუნებულებმა კარზე დავაკაკუნეთ, მაგრამ არავინ გვიპასუხა. ფანჯრიდან შევიხედე და დავინახე, რომ კასს თავის საყვარელ სავარძელში ეძინა, ტელევიზორი კი მთელ ხმაზე გაჰყვიროდა, რადგან მწვრთნელს ყურს აკლდა.

ერთ-ერთმა მოკრივემ მოიფიქრა: დროის ერთადერთი მონაკვეთი, როცა კარზე დაკაკუნება შეიძლებოდა - სარეკლამო პაუზა იყო, რადგან ამ დროს, რამდენიმე წამი სიჩუმე დგება. სწორედ ამ მომენტში სამივემ ფანჯარაზე ბრახუნი და ყვირილი ავტეხეთ:

"კას! კას!" წამის მეათასედში კასი 180 გრადუსით შემობრუნდა, წაიქცა, შემდეგ მარცხენა ხელს დაეყრდნო და მარჯვენა მოამზადა იმისთვის, რომ არასასურველ სტუმარს გასწორებოდა. სიცილისგან მიწაზე ვეყარეთ.

ერთხელ ერთ-ერთი სპარინგ-პარტნიორი ღამე ჩუმად გაიპარა ქალაქში. დილით მე და კიდევ ერთი მოკრივე - ტომი საუზმისთვის ქვემოთ ჩავედით. მისაღებში აღმოვაჩინეთ კასი, რომელსაც ხელში შაშხანა ეჭირა და ჯარისკაცივით დაცოცავდა იატაკზე. ბიჭი დაბრუნებულა და ფანჯარაზე აკაკუნებდა, კასმა კი გადაწყვიტა, რომ ვიღაც ესტუმრა "საერთაშორისო საკრივო კლუბიდან". მე და ტომმა კასს გადავაბიჯეთ და სამზარეულოში შევედით ფაფის მოსამზადებლად.

შემიძლია გაუთავებლად მოვყვე ისტორიები კასის შესახებ. ის უნიკალური და კოლორიტული პიროვნება იყო, მაგრამ მისი საუკეთესო დახასიათება, რაც კი ოდესმე მომისმენია ან წამიკითხავს, იყო დიადი მწერლის, გაი ტალიზის ინტერვიუ, რომელიც კასის შესახებ წიგნზე მომუშავე ახალგაზრდას, პოლ ცუკერმანს მისცა:

"...ის რომაელი მეომარი იყო, რომელიც 2 ათასი წლის დაგვიანებით ცხოვრობდა. მეომრებს უყვართ ომი, მათ ომი სჭირდებათ. ეს ის ატმოსფეროა, როცა ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მშვიდობიან პერიოდში კი მოუსვენრები არიან და საკუთარ თავს უსარგებლოდ მიიჩნევენ.

და მათ უნდათ, რომ ყველაფერი საფუძვლიანად აურიონ. კასი, როგორც პატონი (ჯორჯ სმიტ პატონ-უმცროსი - ამერიკული შტაბის ერთ-ერთი მთავარი გენერალი მეორე მსოფლიო ომის დროს; 1943-45 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში, სიცილიაზე, საფრანგეთსა და გერმანიაში), მაშინ გრძნობდა თავს მხნედ და ენერგიულად, როცა იყო აურზაური, ინტრიგა, მომავალი ბრძოლის შეგრძნება.

მხოლოდ მაშინ, როცა აღგზნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გრძნობდა, რომ საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში იყო. ამ დროს მისი ნერვული სისტემა და ტვინი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა, ის კმაყოფილებას გრძნობდა. და თუ ეს ყველაფერი არ იყო, მაშინ უნდა შეექმნა ან გაემძაფრებინა ეს სიტუაცია. ის ყოველთვის ცდილობდა კოცონის გაღვივებას, რათა ცეცხლის ენებისგან ეგრძნო სიცოცხლე. ეს მას აღფრთოვანებაში მოჰყავდა. ის აქტიური მოქმედების მომხრე იყო. ის ნატრობდა მოქმედებას..."

კასი გენერალი იყო, მე კი მისი ჯარისკაცი და ჩვენ მზად ვიყავით ომში წასასვლელად. მე უსარგებლო, ტორაზინით გაჭყეპილი ზანგი ვიყავი, რომელსაც გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინეს, ის კი გამოცდილი თეთრი ბიჭი, ვინც ხელი ჩამკიდა და საკუთარი "მე" დამიბრუნა.

კასმა ერთხელ მითხრა:

- მაიკ, წარმოიდგინე, რომ ფსიქიატრთან ზიხარ და ის გეკითხება: "გესმის ხმები?" და შენ "არას" თქმას აპირებს, მაგრამ სწორედ ეს ხმები გაიძულებენ უარყოფით პასუხს. ასე არ არის?

კასს ღრმად ესმოდა ჩემი. არავის არასდროს უგრძნობინებია ჩემთვის ასე სრულად, რომ ზანგი ვიყავი. ის ამ ცოდნას ისეთი გაყინული დაუნდობლობით მაწვდიდა, თითქოს თავად ყოფილიყო მაგარი შავი ბიჭი. "მათ შენზე უკეთესი ჰგონიათ საკუთარი თავი, მაიკ", - მასწავლიდა ის. როცა ვინმეს "ფიატზე" ან "როლს-როისზე" დაინახავდა, შემომხედავდა და მეტყოდა:

- შენ შეგიძლია გქონდეს ეს ყველაფერი. ეს არ არის ყველაზე რთული რამ ამ სამყაროში - მოიპოვო მატერიალური კეთილდღეობა. მაგრამ შენ ამ ადამიანებზე უკეთესი ხარ. ისინი ვერასოდეს გააკეთებენ იმას, რაც შენ შეგიძლია. შენ გაქვს ყველაფერი. ის შენ შიგნითაა. ფიქრობ, რამეს გეტყოდი, ეს რომ ასე არ იყოს? ასეთ შემთხვევაში, გაგწვრთნიდი, როგორც მოკრივეს, მაგრამ ვერ შევძლებდი შენგან ჩემპიონის შექმნას.

ეს სიტყვები ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. აქამდე მეგონა, რომ ყოვლად გამოუსადეგარი ნეხვი ვიყავი. დედაჩემი მიმტკიცებდა, რომ მე - ხარახურა ვარ. ჩემთვის არავის არასოდეს უთქვამს კარგი და ამის შემდეგ უცებ მიცხადებენ:

- თავს დავდებ: თუ მოინდომებ, "ოსკარის" მოგებაც კი შეგიძლია. შეიძლებოდა შენგან ბრწყინვალე მსახიობი გამოსულიყო ან უმაღლესი დონის მოკრივე. გინდა გახდე ავტომრბოლელი? სანაძლეოს ჩამოვალ, რომ შენგან მსოფლიოში საუკეთესო ავტომრბოლელი დადგებოდა.

შენ ჭკვიანი და მაგარი ხარ, ვიდრე ეს ბიჭები. შეძლებდი ნებისმიერი სამყაროს დაპყრობას. არასოდეს წარმოთქვა: "არ შემიძლია". შენ მხოლოდ ამ სიტყვების თქმა გეკრძალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული