დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
კრივზე ძველი ფილმების ნახვის გარდა, ვშთანთქავდი ყველაფერს, რასაც გამოჩენილი მოკრივეების შესახებ ვპოულობდი. კასთან ახალი გადასული ვიყავი და "კრივის ენციკლოპედიას" ვკითხულობდი. გამეცინა ერთ ჩემპიონზე, რომელიც ტიტულს მხოლოდ ერთი წელი ფლობდა. კასმა ცივი და გამჭოლი მზერით შემომხედა და მითხრა:

- ერთი წელი ჩემპიონობა უფრო მეტია, ვიდრე მთელი ცხოვრების უაზროდ გატარება.

როცა დიადი მოკრივეების ცხოვრების შესწავლა დავიწყე, ბევრი ანალოგი აღმოვაჩინე იმასთან, რასაც კასი მიქადაგებდა. ყველანი საზიზღარი ნაბიჭვრები იყვნენ. დემპსი, მისი უოკერი, ჯო ლუისიც კი. ოღონდ ლუისი მორცხვიც იყო. მეც შთავაგონებდი ჩემს თავს, რომ
მძვინვარე და სასტიკი უნდა ვყოფილიყავი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სკოლაში დავდიოდი, ყველას და ყველაფერს ვაფურთხებდი. გულის სიღრმეში მესმოდა, რომ ასეთი უნდა ვყოფილიყავი, რადგან თუ ამას ვერ შევძლებდი, კასი თავიდან მომიშორებდა და შიმშილით მოვკვდებოდი.

კასმა მომცა წიგნი - "ამ კუთხეში..." ვერ მოვწყდი მას. ვხედავდი, როგორ უმკლავდებოდნენ ეს მოკრივეები საკუთარ ემოციებს, როგორ ემზადებოდნენ ბრძოლებისთვის. ამ წიგნმა საშუალება მომცა, უკეთ გამეცნო ადამიანის ფსიქოლოგია.

განმაცვიფრა, როგორი მონდომებით ვარჯიშობდნენ მოკრივეები იმ პერიოდში, როგორ შიმშილობდნენ. გავიგე, რომ ჯონ სალივანი (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, თანამედროვე ისტორიაში მძიმე წონაში პირველი ჩემპიონი) 10 მილს დარბოდა და შემდეგ 20-რაუნდიან სპარინგებს ატარებდა, ეზარდ ჩარლზი (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი) კი ამბობდა, რომ დღეში მხოლოდ სამ-ოთხ მილს დარბის და მხოლოდ ექვს რაუნდს სპარინგობს.

"ჯანდაბა, - გავიფიქრე მე. - სალივანი 1880 წელს უფრო მონდომებით ვარჯიშობდა, ვიდრე ეს ბიჭი 1950 წელს". ამიტომაც დავიწყე სატრენაჟორო დარბაზამდე ოთხი მილის სირბილი, ვატარებდი სპარინგებს და შემდეგ უკან სირბილით ვბრუნდებოდი. დავიწყე ძველი საკრივო სკოლის ბიჭების მიბაძვა, რადგან ისინი მართლაც მაგრები იყვნენ. მათი კარიერა დიდხანს გრძელდებოდა.

კასს ვაგიჟებდი და თავს ვაბეზრებდი, როცა გაუთავებლად ვუსვამდი შეკითხვებს ძველი დროის მოკრივეების შესახებ. ვიცი, ის წინააღმდეგი არ იყო კრივზე საუბრების, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მომდიოდა. კასის ყველა წიგნი წავიკითხე კრივის შესახებ. ამიტომაც, როცა სადილზე მაგიდასთან ვისხედით და მწვრთნელი სხვა ბიჭებს რომელიმე საკრივო ისტორიას უყვებოდა, მის ნაცვლად ვამთავრებდი ფრაზას.

- ამ ბიჭმა ყველაფერი იცის, - ამბობდა ის. - თითქოს იქ ყოფილიყოს.

ძალიან სერიოზულად შევისწავლე კრივის ისტორია, რადგან ბევრ რამეს ვიგებდი ძველი მოკრივეების გამოცდილებიდან. რა უნდა გავაკეთო, რომ მათ დავემგვანო? როგორ დამეხმარება დისციპლინა იმის მიღებაში, რაც ამ ძველ ბიჭებს ჰქონდათ? კასი მიყვებოდა, როგორი ცოდვილები და საზიზღრები იყვნენ ისინი რინგის მიღმა, მაგრამ, როცა საბრძოლველად გადიოდნენ, მშვიდები და ლაღები ხდებოდნენ. მის მოთხრობებს ამ ბიჭებზე, მის ღრმა პატივისცემას მათ მიმართ, აღფრთოვანებაში მოვყავდი. მინდოდა ამ სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. საკრივო ორთაბრძოლებს ტელევიზორში ვუყურებდი, ვხედავდი მოკრივეების მიმიკას დარტყმების დროს, მათ ჭრილობებს მთელ სხეულზე და მინდოდა, მეც გამევლო იგივე.

ვლაპარაკობდით ყველა დიად მოკრივეზე. ჯეკ ჯონსონი შემიყვარდა. როგორი თამამი ბიჭი იყო! ის პირველი შავკანიანი ჩემპიონი გახლდათ, რომლითაც ყველას უნდა გვეამაყა. მე მომწონდა მისი ქედმაღლობა. როცა საუკუნეების მიჯნაზე ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავეს და 10 დოლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს, პოლიციელს 20 დოლარი მისცა და უთხრა: "20 დოლარი აიღე, რადგან უკან ასევე ვაპირებ დაბრუნებას".

ის იყო მეტოქეებზე ზემოქმედების ოსტატი. ვარჯიშებზე, სანამ ტრუსებს ჩაიცვამდა, საკუთარ პენისს ნაჭრებში ახვევდა, რომ უფრო დიდი გამოჩენილიყო და თეთრ ბიჭებს არასრულფასოვნების კომპლექსი გასჩენოდათ. ბრძოლის დროს ამცირებდა თავის მოწინააღმდეგეებს. ის აღმერთებდა მეტოქის გაღიზიანებას. "10 ათას დოლარს მოგცემ, თუ ტუჩს გამოხეთქავ", - ამბობდ ის. ბრძოლის დროს მეტოქეებს პირში შესცინოდა, რეპლიკებს ესროდა პირველ რიგში მჯდარ თავის თეთრ ცოლს და იმეორებდა - როგორ ძლიერ უყვარს... და ამ დროს, მეტოქეს რინგზე ანადგურებდა. ეს ის ადამიანი იყო, რომელთან ურთიერთობით ბედნიერი ვიქნებოდი. ის რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა და წვეულებებზე ხვდებოდა რუსეთის ან ბრიტანეთის სამეფო ოჯახებს.

თავის მხრივ, დემპსი იყო პირველი ჩემპიონი, რომელმაც მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მან კრივში შოუბიზნესისა და გლამურის ელემენტები შემოიტანა. მე მისი კარგად მესმოდა, რადგან კომპლექსები აწუხებდა, მუდმივად ეჭვი ეპარებოდა საკუთარ თავში, თუმცა ყოველთვის ახერხებდა ამ გრძნობების გადალახვას საკუთარი მიზნების მისაღწევად.

კასს კი ყველაზე მეტად ჰენრი არმსტრონგი (ნამდვილი გვარი ჯექსონი. ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე. ერთადერთი კრივის ისტორიაში, ვინც ერთდროულად ფლობდა ჩემპიონის სამ ტიტულს - ნახევრად მჩატე, მჩატე და მეორე ნახევრად საშუალო წონებში) უყვარდა. ის მუდმივად უტევდა თავის მეტოქეებს და ძალას აცლიდა მათ.

- მუდმივი შეტევები, არანაირი ამოსუთქვა, - აღფრთოვანებას ვერ მალავდა კასი. - დარტყმებისთვის თავის არიდება კარგი დაცვით - აი, რას აკეთებდა არმსტრონგი. ის მოწინააღმდეგეში ბრძოლის ჟინს ახშობდა, მთელ მის მონდომებას უაზრო გამოსვლად აქცევდა.

მთელი მონდომების უაზრო გამოსვლად ქცევა? შესანიშნავია! შემდეგ კასმა დაკვირვებით შემომხედა.

- თუ შენ ჩემს დარიგებებს შეისმენ, მსოფლიოს მწვერვალზე ახვალ. ხედავ, როგორ ხარ გატაცებული და რამდენად გაინტერესებს საუბრები ძველი სკოლის მოკრივეებზე? როცა ჩემი დარიგებების შემდეგ ჩემპიონი გახდები, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ბიჭებს გაიხსენებენ, ის იქნება - რომ შენ გაიხსენებ მათ. შენ ყველა მათგანს ჩრდილში მოაქცევ. თითოეულს დაავიწყებ მათ. ჯეკ დემპსი ჯერ კიდევ ბავშვობაში ვნახე. შევხვედრივარ ამ ბიჭებს, ხელი ჩამომირთმევია მათთვის. ისინი შენნაირები არ იყვნენ. შენ გიგანტი ხარ, შენ, უბრალოდ, კოლოსი ხარ.

და მე ვჭამდი ამ ნეხვს. მაგრამ მთელი ეს საუბრები თავდადებაზე, დისციპლინასა და შრომისმოყვარეობაზე, საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ დამევიწყებინა ბრუკლინი, ქურდობა და ყაჩაღობა. ჩემთვის მაშინ მონეტის ორი მხარე არსებობდა. შემეძლო ზემოთ, კატსკილში მორჩილი ბიჭი ვყოფილიყავი, ხოლო ქვემოთ, ბრუკლინში ჩემში ეშმაკი ჩასახლდებოდა ხოლმე. მადლობა ღმერთს, არაფრის გამო დავუპატიმრებივარ, რადგან ეს კასს გულს გაუტეხდა.

კასმა კარგად იცოდა, როგორ ეიძულებინა ჩემთვის - თავი მეგრძნო მსოფლიოს მბრძანებლად. მაგრამ მან ისიც იცოდა, როგორ უნდა მეგრძნო თავი სრულ ნეხვად. ხანდახან ის მეუბნებოდა: "შენ საშუალებას აძლევ საკუთარ სულიერ მდგომარეობას - დაგამარცხოს". ეს იყო მისი დაფარული ხერხი - ეთქვა ჩემთვის შემდეგი: "შენ ნეხვის ნაჭერი ხარ. შენ არ გყოფნის დისციპლინა, რომ დიადთა შორის გახდე ერთ-ერთი". დიად მოკრივეებს შეუძლიათ ჩაატარონ თავიანთი საუკეთესო ბრძოლები მაშინაც კი, თუ მათ შვილი მოსტაცეს ან მათი დედა გამოასალმეს სიცოცხლეს. დიადები საერთოდ არ არიან დამოკიდებული საკუთარ ემოციებზე.

ასევე არიან მსახიობებიც. წაკითხული მქონდა ლეგენდარულ მსახიობებზე, რომლებსაც გაუთავებელი პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ გონს მოდიოდნენ და შესანიშნავ წარმოდგენებს ატარებდნენ. მათ გადაადგილებაც კი არ შეეძლოთ, მაგრამ უდიდესი დისციპლინა და მიზანმიმართულობა ახასიათებდათ. ხანდახან პირდაპირ სცენიდან საავადმყოფოში ხვდებოდნენ. მინდოდა ერთ-ერთი ასეთი მოკრივე ან მსახიობი გამოვსულიყავი.

პირველივე საღამოდან, რაც კასთან გადავედი საცხოვრებლად, მან ჩემი მოთმინების გამოცდა გადაწყვიტა. მას უნდა იმის გაგება, რამდენად შეიძლება შორს შეტოპოს ჩემ უმიზეზოდ ლანძღვაში. ის ჩემთან ოთახში შემოვიდა და მითხრა: "დღეს სკოლაში რას აკეთებდი? რაღაცას ხომ აკეთებდი მთელი დღის განმავლობაში სკოლაში? რა გაიგე? სად არის შენი საშინაო დავალება?" კასის სახლში მცხოვრები სხვა ბიჭები ამბობდნენ, რომ მწვრთნელი ჩემ მიმართ ლმობიერი იყო, მაგრამ მათ არ იცოდნენ, როგორ მელაპარაკებოდა, როცა მარტონი ვრჩებოდით.

ყოველთვის ვებრძოდი საკუთარ წონას. ჩემი აზრით, ქონიანი ღორი ვიყავი, თუმცა ჩემი შემხედვარე, ამას ვერავინ იტყოდა. ვარჯიშისას ალბოლენს (ოფლის გამოსაყოფი ეფექტური საშუალება) ვისვამდი და ერთი ან ორი კვირით სინთეტიკურ კოსტიუმს ვიცვამდი, რათა ოფლით გამომედევნა ზედმეტი წონა. მხოლოდ ღამით ვიხდიდი, რომ შხაპი მიმეღო. მომდევნო დილით ისევ ვიცვამდი, დავრბოდი და მთელი დღე ვატარებდი.

ჩემი წონა კასის მხრიდან ყოველთვის იყო თავდასხმის ობიექტი. "შენი უკანალი იზრდება, - მეუბნებოდა ის. - ინტერესს კარგავ, ასე არ არის? აღარ გინდა ამის გაკეთება, მაიკ? შენთვის ძალიან მძიმეა, არა? შენ გეგონა, ჩვენ აქ ვთამაშობდით? ფიქრობდი, რომ ბრაუნსვილში დაბრუნდებოდი გასართობად? ასეა?" შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი მოსასმენი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. როგორც კი ნაყინით სიამოვნების მიღებას დავაპირებდი, რისი საშუალებაც მხოლოდ უქმეებზე მქონდა, მაშინვე მესმოდა: "ბევრ ადამიანს არ შეუძლია ამის გაძლება, აი, რატომ აქვს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჯანდაბა, მე კი მეგონა, რომ შენ ამას შეძლებდი".

ხანდახან კასი სრულიად გაუგებარ სიტყვებს ისროდა ჩემი მისამართით. ის დამცინოდა:
- შენი ინფანტილური საქციელით ვერასოდეს მიაღწევ იმ სიმაღლეებს, რომლისკენაც მივისწრაფვით.
ხანდახან უბრალოდ ვბღაოდი პასუხად:
- ვერ გიტანთ ყველას ერთად! ა-ა-ა!
კასი, უბრალოდ, მტანჯავდა.

მე ჰაერში ვიჭერდი მის დადებით რეპლიკებს და შემდეგ, პასუხად, დაახლოებით ასეთ რამეს ვამბობდი: "მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო მოსაგებად. მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო, რომ ჩემპიონი გავხდე, კას". და იმის ნაცვლად, რომ პასუხად მომესმინა: "შენ გახდები ჩემპიონი, მაიკ", - ის სახეში მომახლიდა: "ფრთხილად იყავი იმ საქმეში, რასაც აპირებ. შენ შეიძლება მიიღო კიდეც ის, რასაც ითხოვ".

ის ჩემს ტანსაცმელსაც კი აკრიტიკებდა. ერთხელ, რომელიღაც ღირსშესანიშნავ დღეს, სტუმრები უნდა მოსულიყვნენ - კამილას და და სხვები. ჩავიცვი ლამაზი წითელი ფართო შარვალი, პერანგი, ჟილეტი. ჰალსტუხი კამილამ შემიკრა. მისაღებში ვიჯექი და ქალები ერთხმად ამბობდნენ: "მაიკ, შესანიშნავად გამოიყურები".

და უცებ ოთახში კასი შემოვიდა:
- რანაირად გამოწყობილხარ? შარვალი ისე მჭიდროდ გაქვს, რომ ყველაფრის გარჩევა შეიძლება. ყველაფერი წესრიგში გაქვს?

კამილამ ჩემი დაცვა სცადა, მაგრამ კასზე ამას შთაბეჭდილება არ მოუხდენია:
- შენი აზრი არ მაინტერესებს, კამილა. ვერაფერს ლამაზს ვერ ვხედავ მის ტანსაცმელში.

კასი არასოდეს ხმარობდა ჩემი მისამართით უწმაწურ სიტყვებს. ის სხვა განსაზღვრებებს იყენებდა: "უკანალი", "უსაქმური", უქნარა" და ა. შ. ეს იყო უწმაწური სიტყვების სრულფასოვანი შეცვლა ბინძური, საზიზღარი, ცუდი ზანგისთვის. და ამის გამო ბავშვივით ვტიროდი. მან იცოდა, რომ ეს სიტყვები ჩემზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა.

(გაგრძელება იქნება)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული