მოვიგე ყველა ადგილობრივი ბრძოლა, ამიტომაც, ტედისთან ერთად კოლორადოში გავფრინდით, კასი კი მატარებელში ჩაჯდა, რადგან ფრენის ეშინოდა. როცა გასახდელში გამოვცხადდი, გავიხსენე, როგორ იქცეოდნენ ასეთ დროს ჩემი გმირები. სხვა ბიჭები მოდიოდნენ ჩემთან, ხელს მიწვდიდნენ მისასალმებლად, მე კი ბოროტად ვიცინოდი და ზურგს ვაქცევდი მათ. საკუთარ როლს
კასმა ყველაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ როგორ მემოქმედა მეტოქეზე, როგორ გამომეწვია ქაოსი და შიში და ამასთან, არ დამეკარგა თავშეკავებულობა. მე ვიწვევდი ამგვარ შიშს და ზოგიერთი მოკრივე ჩემი გამოხედვის შემდეგ, სპეციალურად აგებდა თავის ბრძოლას, რათა შემდეგ ეტაპზე მე არ შემხვედროდა.
ყველა ორთაბრძოლა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოვიგე. მერვე წამზე ჯო კორტესის ნოკაუტში გაშვებით ოქროს მედალი ავიღე. მერვე წამზე ნოკაუტი რეკორდი იყო, რომელიც, როგორც ვიცი, დღემდე არ არის მოხსნილი. მივდიოდი დასახული მიმართულებით.
ოქროს მედლის მოგების შემდეგ, ადგილობრივი გმირი გავხდი. კასს მოსწონდა ჩემს მიმართ ინტერესი. მაგრამ მე ეს ყველაფერი სისულელედ მიმაჩნდა. მხოლოდ 15 წლის ვიყავი, და ბრაუნსვილში ჩემი მეგობრების ნახევარი მკვდარი იყო. მე არ მყავდა ამდენი მეგობარი კატსკილში.
სკოლა არ მაინტერესებდა. მე და კასმა უკვე ვიცოდით - რისი მიღწევა გვინდოდა, ამიტომაც სკოლა ჩვენი გეგმებიდან გადახვევა იქნებოდა. არ მქონდა ინტერესი იმის მიმართ, რასაც სკოლაში მასწავლიდნენ, თუმცა სწავლის სურვილი მართლაც გამაჩნდა.
კასი ცდილობდა ჩემს წახალისებას და მისი ბიბილიოთეკიდან წიგნებს ვიღებდი. ვკითხულობდი ოსკარ უაილდს, ჩარლზ დარვინს, მაკიაველის, ტოლსტოის, დიუმას, ადამ სმიტს. წავიკითხე წიგნი ალექსანდრე მაკედონელზე. მიყვარს ისტორია. ისტორიის კითხვისას, ვიგებდი ადამიანის ბუნების შესახებ, ვიგებდი ადამიანის არსს.
სკოლაში დიდ უსიამოვნებებში არ ვეხვეოდი, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ ჩხუბსა და დროებით გარიცხვას. მე იქ, უბრალოდ, არაკოფორტულად ვგრძნობდი თავს. ზოგიერთი მოსწავლე დამცინოდა, მაგრამ არავის სურდა ჩემი მხრიდან უსიამოვნებები. კასმა ჩემი სკოლის დირექტორს, მისტერ ბორდიკს უთხრა, რომ განსაკუთრებული ბავშვი ვიყავი და აუცილებელი იყო ჩემთვის გარკვეული შეღავათების მოცემა. მისტერ ბორდიკი შესანიშნავი ადამიანი იყო.
ყოველთვის, როცა პრობლემა წარმოიშვებოდა, საკმარისი იყო კასი სკოლაში მისულიყო და იტალიური სულისკვეთებითა და აქტიური ჟესტიკულაციით რაღაც სცენა დაედგა - და მე გაკვეთილებს ვუბრუნდებოდი. სახლში დაბრუნების შემდეგ, საღამოს ხუთი საათისთვის სატრენაჟორო დარბაზში მივდიოდი, სადაც ორ საათს ვატარებდი. საღამოობით კრივის შესახებ წიგნებს ვკითხულობდი, ფილმებს ვუყურებდი ან კასთან ვსაუბრობდი.
უქმეებზე დილის ხუთ საათზე ვდგებოდი, რამდენიმე მილს დავრბოდი, ვჭამდი, მეძინა, შუადღისთვის ისევ დარბაზში ვუბრუნდებოდი. კვირის განმავლობაში, სკოლაში და უკან სირბილით ვმოძრაობდი. ერთხელ, დამატებითი დავალება მივიღე სირბილში - კასის მბრძანებლური კაპრიზების წყალობით. სასკოლო საღამოზე ვიყავი, რომელიც ათ საათზე უნდა დასრულებულიყო.
კასმა მითხრა, რომ 11 საათზე შინ უნდა ვყოფილიყავი. ღონისძიების შემდეგ, ზეიმი გავაგრძელეთ, ამიტომ კასს დავურეკე და ვუთხარი, რომ შინ მოგვიანებით დავბრუნდებოდი.
- არავითარ შემთხვევაში, სასწრაფოდ სახლში დაბრუნდი. სირბილით! არ შემიძლია შენი ლოდინი, - ჩაიბურტყუნა მან. კასი არავის ანდობდა სახლის გასაღებს.
კასი ჯიუტად იმეორებდა, რომ სასწრაფოდ შინ დავბრუნებულიყავი.
- ბიჭებო, უნდა წავიდე, - ვუთხარი ჩემს მეგობრებს. მათ იცოდნენ, რომ ჯერ ძალიან ადრე იყო. მაგრამ თუ კასი მეძახდა, უნდა წავსულიყავი. და წავედი.
ერთხელ მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი. ვსვამდით და ვმხიარულობდით. მათ სახლთან ჩამომსვეს და ფანჯარაში დავინახე - კასს ჩემს ლოდინში სავარძელში ჩაძინებოდა.
- უკან დავბრუნდეთ. თქვენთან წამიყვანეთ. არ მინდა კასთან საქმის გარჩევა, - გამოვაცხადე მე.
ყოველ ჯერზე, როცა შინ გვიან ვბრუნდებოდი, სერიოზულად მსაყვედურობდა. ხანდახან, ვცდილობდი საფეხურები ჩუმად ამევლო, მაგრამ ძველი კიბე იყო და ჭრიალებდა. და მაშინვე გავიფიქრებდი: "ჯანდაბა, გამომიჭირეს!" თუ კინოში გამიშვებდა, ყოველთვის ელოდებოდა ჩემს დაბრუნებას და დაკითხვას მიწყობდა:
- იქ რას აკეთებდი? ვისთან ერთად სეირნობდი? ვინ არიან ისინი? როგორი ოჯახებიდან არიან? ხომ იცი, რომ ხვალ კრივი გაქვს!
კასმა ისიც კი სცადა, რომ მეცხრე კლასში დავექორწინებინე. ვხვდებოდი ადგილობრივ გოგონას, რომელსაც ენჯი ერქვა. კასს ის მოსწონდა. მეგონა, რომ მწვრთნელი მოინდომებდა ჩვენს დაშორებას, რადგან ეს გატაცება გონებას მიფანტავდა და ვარჯიშებს აზარალებდა. მაგრამ კასმა გადაწყვიტა - უმჯობესი იქნებოდა, თუ ენჯისთან ერთად ცხოვრებას დავიწყებდი.
ამით დავმშვიდდებოდი და ეს ვარჯიშებზე კონცენტრაციაში დამეხმარებოდა. მაგრამ მე არ მქონდა სერიოზული გეგმები ენჯისთან დაკავშირებით. ვოცნებობდი საკუთარი გმირების - მიკი უოკერის (ამერიკელი მოკრივე. ის ცნობილი იყო, როგორც გოლფის მოთამაშე და ნიჭიერი მხატვარი) ან ჰარი გრების კოლორიტულ ცხოვრებაზე. ისინი სვამდნენ, მათ ბევრი ქალი ჰყავდათ, ისინი ცხოვრებით ტკბებოდნენ. კამილამაც არ დაუჭირა მხარი კასს.
- არ გაბედო და არ დაუჯერო კასს ქორწინებასთან დაკავშირებით, - მითხრა მან. - იმდენი გოგო გეყოლება, რამდენსაც მოინდომებ. და საუკეთესოს არჩევა შეგეძლება.
ერთხელ, სკოლაში ჩხუბი მომივიდა და კასს მოუწია სიტუაციის მოსაგვარებლად წასვლა. დაბრუნებულმა, გვერდით მომისვა.
- თუ ასე გააგრძელებ, მოგიწევს ჩვენი დატოვება.
თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე.
- გთხოვ, არ გამაგდო, - ვქვითინებდი მე. - დარჩენა მინდა.
მართლაც მომწონდა ოჯახური ატმოსფერო, რომელიც კასის სახლში სუფევდა. და მე უსაზღვროდ ვიყავი შეყვარებული თავად კასზე. ის იყო პირველი თეთრი მამაკაცი, რომელიც არა თუ არ მკიცხავდა, არამედ მზად იყო გაენადგურებინა ყველა, ვინც ჩემი მისამართით რაიმე ცუდს იტყოდა. ვერავინ შეძლო ჩემთან ასე დაახლოება.
მან მოახერხა ჩაეღწია ჩემი გონების სიღრმეებში. ყოველ ჯერზე მასთან საუბრის შემდეგ, ისე ვიყავი ენერგიით დატვირთული, რომ განტვირთვა მჭირდებოდა, უნდა მებრძოლა ჩრდილთან ან აზიდვები გამეკეთებინა. ვიწყებდი სირბილს, ყვირილს. მინდოდა ის ბედნიერად მექცია და დამემტკიცებინა, რომ ყველა ოცნება, რაზეც ის ლაპარაკობდა, ნამდვილად აუხდებოდა.
ვფიქრობ, კასი დამნაშავედ გრძნობდა თავს იმის გამო, რომ სახლიდან გაგდებით დამემუქრა და ამის გამო ამატირა. იმავე დღეს გულში ჩამიკრა. ეს იყო მისი მხრიდან ფიზიკური სიყვარულის პირველი გამოვლინება. მაგრამ ტირილის მომენტში, კასი მიხვდა, რომ მთლიანად მის ხელში ვიყავი. იმ მომენტიდან მისი მონა გავხდი. მას რომ ვინმეს მოკვლა ებრძანებინა, დაუფიქრებლად გავაკეთებდი ამას.
სერიოზულად ვამბობ. ყველას ეგონა, რომ ვილტვოდი სიმპატიური და ასაკოვანი იტალიური ბიჭისკენ, მაგრამ არა. მე ომისკენ მივდიოდი. და მომწონდა მასთან ურთიერთობის თითოეული წუთი. ბედნიერად ვგრძნობდი თავს იმის გამო, რომ კასის ჯარისკაცი ვიყავი. ეს განსაზღვრავდა ჩემს მიზანს ცხოვრებაში. მე ვიყავი ის, ვისაც მისიის შესრულება დაევალა. და ესეც მომწონდა.
კიდევ უფრო მეტი მონდომებით დავიწყე ვარჯიში - რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ერთხელ, როცა სატრენაჟორო დარბაზიდან შინ დავბრუნდი, დაღლილობისგან ფაქტობრივად კიბეზე მივხოხავდი. სააბაზანო ოთახამდე მივაღწიე და კასმა აბაზანა ძალიან ცხელი წყლით აავსო, შიგნით ინგლისური მარილი ჩაამატა.
- რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდი, - მიბრძანა მან.
კინაღამ დავიწვი, მაგრამ მომდევნო დილას თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი. და ისევ შემეძლო სავარჯიშოდ წასვლა. ასეთი ამაღლება არ მიგვრძნია. ჩემს წინაშე სავსებით კონკრეტული მიზანი იყო და ჯიუტად მივდიოდი მისკენ. ახსნაც კი არ შემიძლია - რამდენად აღფრთოვანებული ვიყავი.
როცა დანარჩენი მოკრივეები დარბაზს ტოვებდნენ და თავიანთ მეგობარ გოგონებთან მიდიოდნენ, მე კასთან შინ ვბრუნდებოდი და ერთად ახალ გეგმებს ვსახავდით. ვლაპარაკობდით იმაზე, რომ კარგია სახლი გქონდეს მსოფლიოს ყველა კუთხეში. კასი მასწავლიდა, რომ "არა" ჩემთვის უცხოური სიტყვა უნდა იყოს:
"შენთვის გაუგებარი უნდა იყოს თავად არსი სიტყვისა - "არა". მე მზრდიდა და მამზადებდა გენიოსი. და, შესაძლოა, ეს რამდენადმე არასამართლიანი იყო სხვა მოკრივეების მიმართ.
სხვა ბიჭები ცდილობდნენ გამოემუშავებინათ ფული და კარგი ცხოვრება მოეწყოთ თავიანთი ოჯახებისთვის. მე კი, კასის წყალობით, დიდება მინდოდა. თუნდაც ამისთვის სისხლის ფასად მიმეღწია. მაგრამ თავს არადამაჯერებლად ვგრძნობდი. მინდოდა დიდება, მინდოდა სახელგანთქმული გავმხდარიყავი, თუმცა მე ჯერაც მსუქანი და აყროლებული ბავშვი ვიყავი.
კასი მარწმუნებდა, რომ WBC-ის მოოქროვილი საჩემპიონო ქამარი ღირდა იმად, რომ მისთვის მომკვდარიყავი და არა ფულის გამო. კასს ვეკითხებოდი:
- რას ნიშნავს იყო ყველა დროის უდიადესი მოკრივე? ამ ბიჭების უმრავლესობა მკვდარია.
- ისინი აღარ არიან, მაგრამ ჩვენ ხომ ახლა მათზე ვლაპარაკობთ. სწორედ ამას ნიშნავს უკვდავება. შენი სახელი სამუდამოდ იქნება ცნობილი, - მიპასუხა მან.
კასი მეტად დრამატული იყო. "სამი მუშკეტერის" პერსონაჟს ჰგავდა.
- უნდა დაველოდოთ საკუთარ საათს, როგორც ამას ნიანგები აკეთებენ. არ ვიცით, როდის დადგება სიცხე და როდის დაიწყებენ ცხოველები მოძრაობას საჰარიზე. მაგრამ ჩვენ დაველოდებით. თვეები, წლები. ჩვენი დრო მოვა. და როცა ანტილოპები წყალში შემოვლენ, ჩვენ მათ დავიჭერთ. გესმის, შვილო? ჩვენ შევსანსლავთ და მათ ყვირილს მთელი მსოფლიო გაიგებს.
ის ძალიან იყო მონდომებული. და მეც. კასი ჩემი წყალობით აპირებდა კრივის სამყაროში დაბრუნებას. და დიდი სურვილი მქონდა მეც მიმეღო ამაში მონაწილეობა. გრაფი მონტე-კრისტოსავით ვიყავით. ორივე შურისძიებისთვის ვემზადებოდით.
კასი უბედნიერესი იყო, როცა მიხვდა, რომ მართლაც მის მხარეს ვიყავი. მაგრამ იმ დროს, უბრალოდ პარანიოკივით იქცეოდა. მაგალითად, ვიჯექი მისაღებ ოთახში და ვკითხულობდი, კასი იქვე ხალათში ბოლთას სცემდა. უცებ, მომიახლოვდა და მომახალა:
- დიახ, შენც აპირებ ჩემს მიტოვებას. შენ თავსაც წამართმევენ. დამტოვებ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს.
ვერ მივხვდი - რაიმე ინტელექტუალურ თამაშს მეთამაშებოდა თუ უბრალოდ, უნდოდა ჩემში მის მიმართ სიბრალულის გრძნობა გამოეწვია.
- კას, გაგიჟდი? რაზე ლაპარაკობ?
არასოდეს მილაპარაკია მასთან ასე. ალბათ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მას გიჟი ვუწოდე.
- მშვენივრად მესმის რასაც ვგულისხმობ. ვიღაც ფულს მოგცემს და უბრალოდ წახვალ. ასე ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის. დროს ვხარჯავ, მოკრივეებს ვზრდი. და შემდეგ მპარავენ მათ.
წავიდე? ნებისმიერს მოვკლავ, ვინც მასთან დამაშორებს. ფლოიდ პატერსონმა მიატოვა, მაგრამ მე ხომ სრულიად განსხვავებული სიტუაცია მქონდა. მომწონდა მასთან და კამილასთან ურთიერთობდა. ეს იყო ჩემი ახალი ოჯახი, რომელმაც ჩამომაშორა წარსულ მძიმე ცხოვრებას.
- შენ უბრალოდ ჭკუიდან შეიშალე, კას, - გავიმეორე მე და ის მომცილდა.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"