დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
1981 წლის ნოემბერში, მე და ტედი მანქანაში ჩავსხედით და როდ-აილენდზე "მოსაწევში" წავედით. მთელი გზა ვფიქრობდი - იქ მისული, რა დღეში ჩავაგდებდი მოწინააღმდეგეს. ნიცშეს ვკითხულობდი და ზეადამიანად წარმომედგინა თავი. ასო-ასო ძლივს ვკარნახობდი ჩემს გვარს, მაგრამ ზეადამიანი ვიყავი.

წარმოვიდგინე, როგორ იქნებოდა დამუხტული პუბლიკა ჩემს დანახვაზე და როგორ დამიკრავენ ტაშს იმ ბიჭის განდგურების შემდეგ. გონებაში ვხატავდი სურათს - როგორ ისვრის ბრბო ყვავილებს ჩემს ფეხებთან. მხოლოდ 15 წლის ვიყავი, მაგრამ ჩხუბი მიწევდა ერნი ბენეტთან, ადგილობრივ ბიჭთან, რომელიც 21 წლის იყო. ის ბოლო სამოყვარულო ბრძოლას
ატარებდა, რადგან პროფესიონალებში აპირებდა გადასვლას.

დარბაზში შევედი. იქ, კედლის გასწვრივ, კუშტი და უკმეხი გამომატყველების ხალხი იყო ჩამწკრივებული. ისეთი სიმჭიდროვე იყო, თითქოს ისევ ბრაუნსვილის ჯურღმულებში აღმოვჩნდი. მაგრამ ფეხებზე მეკიდა. მათი ენერგეტიკა მხოლოდ ძალას მმატებდა. ტედიმ მიბრძანა: "სასწორზე დადექი". პერანგი და შარვალი გავიხადე და მხოლოდ ქვედა საცვალში დავრჩი. საკმაოდ დაკუნთული ვიყავი. სასწორზე დავდექი. გარშემო ხალხი შეიკრიბა.

- ეს ტაისონია. ეს ის არის, - მესმოდა, როგორ ჩურჩულებდნენ გარშემო.

სასწორზე ვიდექი და ნერვიულობას ვიწყებდი. ეს ბიჭები ბანდიტები იყვნენ, მე კი მათი ქალაქიდან არ ვიყავი. შემდეგ გავიხსენე ყველა ფილმი, რომელსაც კასთან ვუყურე. გამახსენდა ჯეკ ჯონსონი სასწორზე და მის გარშემო ხალხი. ყოველთვის წარმოვიდგენდი ხოლმე საკუთარ თავს ასეთ მდგომარეობაში. ისევ გავიგონე ჩურჩული: "ეს სწორედ ის ბიჭია. იუნიორთა ოლიმპიურ თამაშებზე ყველას პირველ რაუნდში მოუგო!"

გამახსენდა, რას მიჩიჩინებდა კასი: მე უმაღლეს წოდებას მივეკუთვნები, მე დიადი გლადიატორი ვარ, რომელიც მზად არის საბრძოლველად.

- ეი, ჩემპიონო! - მიღიმოდნენ ეს ბიჭები. მე კი პასუხად აგდებულად ვუყურებდი და გულში ვფიქრობდი: "წადი შენი! რას მომშტერებიხარ?"

დაახლოებით 190 ფუნტს (86 კილოგრამი) ვიწონიდი.

- ძალიან მძიმე ხარ, - აღნიშნა ბენეტის მწვრთნელმა. ის ყრუ-მუნჯი იყო, მაგრამ შეიძლებოდა მისი ტუჩების მოძრაობის წაკითხვა. - მაგრამ ჩვენ ვიჩხუბებთ მასთან. ჩვენ ნებისმიერს შევხვდები.

- მე "ნებისმიერი" არ ვარ, - ჩავიცინე მე.

დარბაზი სავსე იყო - არანაკლებ სამი ათასი ადამიანი. რინგზე გავედით და დაიწყო ცხრაწუთიანი ხოცვა-ჟლეტა. დღესაც კი ხშირად იხსენებენ იმ ბრძოლას. ბრბო არ ჩერდებოდა და ყვირილით გვახნევებდა, რაუნდებს შორის შესვენებების დროსაც ტაშს გვიკრავდა. ორ პიტბულს ვგავდით. ის კარგი აგებულების იყო, ძლიერი, სწრაფი და გამოცდილი, მაგრამ მაინც ისე მოვარტყი, რომ ბაგირებზე დაეცა. უხეშად და ხისტად ვიბრძოდი ბოლომდე. ეს იყო საუკეთესო გამოსვლა ჩემს ცხოვრებაში.

მსაჯებმა მის სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება. ეს ქურდობა იყო. დღისით, მზისით. თავი დაჩაგრულად ვიგრძენი და ტირილი დავიწყე. ჯერ არც ერთი ბრძოლა არ წამიგია. გასახდელში ყრუ-მუნჯი მწვრთნელი მომიახლოვდა. ჯერ ისევ ვტიროდი.

- შენ ჯერ ისევ ბავშვი ხარ, - მითხრა მან. - ჩემს ბიჭს ძალიან ბევრი ბრძოლა ჰქონდა. ჩვენ მთელი ძალით გებრძოდით. შენ ჩემს ბიჭზე უკეთესი ხარ. არ დანებდე. ერთხელ ჩემპიონი გახდები.

ამან სულაც არ დამაწყნარა. უკანა გზაზეც სულ ვტიროდი. მინდოდა ეს ბიჭი დამესახიჩრებინა. შინ დავბრუნდით. შხაპი უნდა მიმეღო და სკოლაში წავსულიყავი. მაგრამ ტედიმ, როგორც ჩანს, კასს დაურეკა და ის შინ მელოდა. მეგონა, კასი ჩემზე გაბრაზებული იქნებოდა წაგების გამო, მაგრამ ის ფართოდ იღიმოდა.

- როგორც გავიგე, ყოჩაღად იბრძოდი. ტედიმ მითხრა, რომ გამოცდილი მეტოქე გყავდა, - მითხრა მან. - დაისვენე. სკოლაში წასვლა არ გჭირდება.

არადა, ვაპირებდი სკოლაში წასვლას. იმ ბიჭმა გვარიანად ჩამილურჯა თვალი და მინდოდა ჩემი სიმამაცის დემონსტრირებით ყველაზე შთაბეჭდილება მომეხდინა.

საკუთარ თავს უფლება არ მივეცი საკამათო წაგების გამო სულით დავცემულიყავი. ვაგრძელებდი "მოსაწევებში" ბრძოლას და მეტოქეების ნოკაუტში გაგზავნას. კასი სულ უფრო ხშირად მოდიოდა ჩემს ბრძოლებზე. მას მოსწონდა, როცა ქედმაღლურად ვიქცეოდი და მედიდურ გამომეტყველებას ვიღებდი. კასი თავად იყო საკმაოდ ქედმაღალი. ერთხელ 24 წლის ბიჭს ვეჩხუბებოდი, რომელიც 16 წლიდან თავისი რაიონის ჩემპიონი იყო. ვერავინ ვერასდროს ამარცხებდა მას.

ბრძოლის წინ, კრივში ერთ-ერთი ადგილობრივი ჩინოვნიკი მოგვიახლოვდა.

- კას, ბიჭი, რომელთანაც უნდა იჩხუბოთ, ძალიან ძლიერი და ბოროტია, - თქვა მან.
კასს წარბიც არ შეუხრია.

- ჩემი ბიჭის სამუშაო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი ადგილი მიუჩინოს ძლიერებსა და ბოროტებს.

გავიგონე ეს ყველაფერი და გული ამიჩქარდა. აგიზგიზებულ ცეცხლად ვიქეცი. ისე განვაწყვე საკუთარი თავი, რომ მზად ვიყავი ამ ბიჭთან საჩხუბრად იქამდე, სანამ რინგზე გავიდოდით. ერთხელ, ბრძოლისთვის მზადებისას, სამი დღე არ დამიბანია. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამესახიჩრებინა მეტოქე. არაფერი ვიცოდი "მოსაწევში" ჩემს მეტოქეებზე, არ არსებობდა მათი ბრძოლების ჩანაწერი, არ იყო ტელევიზიით შეხვედრების ტრანსლიაციები. ამიტომაც, წარმოვიდგენდი ხოლმე - ჩემი მომავალი მეტოქეები ის ბიჭები იყვნენ, რომლებიც ბავშვობაში დამცინოდნენ. და ახლა შურისძიების დრო დადგა. როგორც წესი, ხელმეორედ მეტოქედ აღარავინ მირჩევდა.

კასი აპროტესტებდა, როცა ბრძოლის დროს სულ მცირე ჰუმანურობას ვიჩენდი. მეტოქე ბრძოლის წინ ხელს გამომიწოდებდა. და თუ მეც ჩამოვართმევდი, კასი ცოფდებოდა.

თანაგრძნობის ერთადერთი გამოხატვა, რის გამოც კრიტიკას არ ვიღებდი, შემდეგში მდგომარეობდა: უკვე ნოკაუტში ჩაგდებულ მოწინააღმდეგეებს წამოდგომაში ვეხმარებოდი. დემპსი ყოველთვის ასე იქცეოდა. ის ეხმარებოდა დამარცხებულ მეტოქეს წამოდგომაში, მიჰყავდა რინგის კუთხეში, გადაეხვეოდა და გადაკოცნიდა. არადა, ცოტა ხნით ადრე, მის მოკვლას ცდილობდა. და მეც ვაყენებდი და ვკოცნიდი მათ - "ყველაფერი წესრიგში გაქვს? მომწონხარ, ძმაო". მათთვის ეს თითქმის შეურაცხმყოფელი იყო.

კასს არ მოსწონდა, როცა საკუთარ გამარჯვებას ვზეიმობდი. მაგალითად, ვერ იტანდა საცეკვაო ნაბიჯებს.

- შენ ამით უკვე ორი წელია დაკავებული ხარ, არადა, ისე იქცევი, თითქოს გაკვირვებული დარჩი მომხდარით, - ამბობდა ის.

კასისთვის ჩემი მეტოქეები საკვები იყო. რაღაცით უნდა იკვებო, რომ არ მოკვდე. თუ კარგ ბრძოლას ჩავატარებდი, კასი მაჯილდოვებდა - ლამაზი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით. იუნიორებს შორის ერთ-ერთი ტურნირი მოვიგე და მან ოქროს კბილები მიყიდა. 80-იან წლებში, ბევრს ეს არ მოსწონდა: "ფუჰ, ბანდიტი ხარ! ოქროს კბილები აქვს. ფრთხილად უნდა ვიყოთ". მაგრამ კასს ეს მოსწონდა, რადგან ყველა ძველი მოკრივე იკეთებდა ოქროს კბილებს საკუთარი წარმატების აღსანიშნავად.

შეიძლებოდა გეფიქრა, რომ იუნიორთა ჩემპიონატებზე ყველა ნოკაუტისა და გამარჯვების შემდეგ, კასს აღარაფერი დარჩა გასაკრიტიკებელი. მაგრამ ასე არ იყო. პუბლიკის წინაშე ყოველთვის ისე მეპყრობოდა, როგორც პრიმადონას, მაგრამ დახურულ კარს მიღმა სულ სხვანაირი ხდებოდა. როცა მარტონი ვრჩებოდით, წინ დამისვამდა და მელაპარაკებოდა:

- იცი, ხელი დაბლა გიჭირავს. მთელი პატივისცემის მიუხედავად, ეს ჯენტლმენი უფრო მეტი პროფესიონალი და უფრო ცივსისხლიანი რომ ყოფილიყო, მაგრად მოგადება ყბაში!

და ეს იმის შემდეგ, რომ მე ის ნოკაუტში ჩავაგდე! ყველა მილოცავდა მარჯვენა ხელით ნოკაუტს. კასს კი ეს ერთხელაც არ უხსენებია. მან მითხრა, რომ დარტყმას მივიღებდი. შესაძლო დარტყმის იდეას მთელი დღის განმავლობაში ავითარებდა. ორი დღის შემდეგ, ისევ მიუბრუნდა ამ სისაძაგლეს.

- გახსოვს, ბრძოლის შემდეგ გეუბნებოდი, რომ იმ ბიჭს შეეძლო შენთვის მოერტყა...
ო-ო-ო!

კასმა ყველაფერი იცოდა მეტოქეზე ზემოქმედებისა და ფსიქოლოგიური ომის წარმოების შესახებ. მას მიაჩნდა, რომ კრივის 90 პროცენტს შეადგენს ფსიქოლოგიური და არა ფიზიკური ასპექტი. ნებისყოფა და არა ოსტატობა. 15 წლის ვიყავი, როცა ჰიპნოთერაპევტ ჯონ ჰელპინთან ვიზიტები დამაწყებინა. მისი ოფისი ქალაქში, სენტრალ-პარკ-უესტში იყო. ოფისში იატაკზე ვწვებოდი და ჯონი გადიოდა ჩემთან მოდუნების ყველა ეტაპს: თავი, თვალები, ხელები, ფეხები. ყველაფერი სიმძიმით ივსება. როცა ჰიპნოზის ქვეშ ვიყავი, ის კასის სიტყვებს მიმეორებდა. კასი ფურცლებზე უწერდა და ჯონიც ხმამაღლა მიკითხავდა:

- მსოფლიოში უდიადესი მოკრივე ხარ. ამას იმიტომ გეუბნები, რომ უნდა დაიჯერო - წინ გაქვს დიადი გამარჯვებები. ამას გეუბნები იმიტომ, რომ შენ მართლაც შეგიძლია ამის განხორციელება. ეს ის არის, რის გამოც დაიბადე.

ჰელპინმა გვიჩვენა ხერხი, რომლის მეშვეობითაც თავად შეგვეძლო საკუთარი თავი ჰიპნოზურ მდგომარეობაში შეგვეყვანა. ნებისმიერ დროს, როცა მოვინდომებდით. კატსკილში იატაკზე ან საწოლზე ვწვებოდი და კასი გვერდით მიჯდებოდა. ვდუნდებოდი და ჰიპნოზურ მდგომარეობაში შევდიოდი, კასი კი ლაპარაკობდა. ხანდახან, ზოგად ფრაზებს ამბობდა, მაგალითად, მე ვარ მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე, მაგრამ ხანდახან იყო სპეციფიკა:

- შენი ჯები - ეს იარაღია. ურტყი დაუნდობლად, რომ დააგდო მეტოქე. შენ შთამბეჭდავი მარჯვენა გაქვს. შენ ეს არ იცოდი, მაგრამ ახლა იცი. შენ ატილა ხარ. ამიერიდან, მსოფლიოს საუკუნეების განმავლობაში ეცოდინება შენი სახელი.

ჯანდაბა, ეს ყველაფერი ძალიან ღრმა იყო. მე ამის მჯეროდა.

ხანდახან კასი ღამით მაღვიძებდა და თავის შთაგონებებს მიკითხავდა. ხანდახან კი არაფრის თქმა არ სჭირდებოდა, რადგან ისედაც ვგრძნობდი, რომ მისი სიტყვები ტელეპათიურად ხვდებოდნენ ჩემს ტვინში.

ჰიპნოზს დიდ ყურადღებას ვუთმობდი. მიმაჩნდა, რომ ეს საიდუმლო მეთოდი იყო, რომელიც დამეხმარებოდა. შესაძლოა, ზოგიერთებს ეს სისულელედ მიაჩნდათ, მაგრამ მე მჯეროდა ყველაფრის, რასაც კასი მეუბნებოდა. მის ყველა ბრძანებასა და მითითებას უსიტყვოდ ვასრულებდი. კასი ჩემი ღმერთი იყო. ეს ხანდაზმული თეთრი ბიჭი მეუბნებოდა, რომ სამყაროს მწვერვალზე აღმოვჩნდებოდი. რატომ არ უნდა დამეჯერებინა მისი?

ახლა, როცა გლადიატორი და ღმერთი ვიყავი ადამიანებს შორის, ოდნავ დამამცირებლად მეჩვენებოდა სკოლაში სიარული. 1981 წლის შემოდგომაზე იქ უსიამოვნებები მქონდა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა, უმეცარმა ხეპრემ ჩემთან კამათი დაიწყო და წიგნი მესროლა. მეც ავდექი და სხვა მოსწავლეების თვალწინ ვცემე. დროებით მეცადინეობებს ჩამომაშორეს. კასმა ხელი მტაცა, სკოლაში ერთად მივედით და დირექტორის, მისტერ სტიკლერისა და მასწავლების წინაშე გამოვცხადდით. კასი ისე მიცავდა, თითქოს კლერენს დეროუ (კლერენს სიუარდ დეროუ - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი იურისტი. სამაქალაქო თავისუფლებათა ამერიკული კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი) ყოფილიყოს.

- ამტკიცებთ, რომ წიგნი დაგივარდათ და ის მაიკს შემთხვევით მოხვდა, - კასი მგზნებარედ უწყობდა დაკითხვას მასწავლებელს. - მაგრამ, თუ თქვენ ამტკიცებთ, რომ წიგნი დაგივარდათ, როგორ გადაადგილდა ის ჰაერში და როგორ მიაღწია მაიკამდე? ის იატაკზე უნდა დავარდნილიყო და არავისთვის ზიანი არ უნდა მოეტანა.

კასი ოთახში ბოლთას სცემდა, უცებ გაჩერდა და მსახიობურად მიუთითა მასწავლებელზე, როგორ ბრალდებულზე.

საბოლოოდ, კომპრომისს მივაღწიეთ. ნება დამრთეს არ მევლო სკოლაში და რეპეტიტორთან მემეცადინა. კასი ნერვიულობდა იმის გამო, რომ სკოლას ვტოვებდი. ის ჩემთვის გრანდიოზული გამოსასვლელი საღამოს მოწყობას აპირებდა. როცა სკოლიდან შინ ვბრუნდებოდით, მას შევხედე და ვთქვი:

- კარგი, მზად ვარ სპორტდარბაზში წავიდე.

მანაც შემომხედა და მიპასუხა:
- კარგი, მიდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული