"ნანახი მაქვს შენი ჩხუბი. ძალიან სახიფათო ხარ მათთვის. უფლებას არ მოგცემ იჩხუბო ამ ბიჭებთან. მათ ნაწილებად დაბდღვნი".
ჩემი მეორე იუნიორთა ოლიმპიური თამაშები კარგად დაიწყო. დავბრუნდით კოლორადოში და შესარჩევ ბრძოლებში ყველა მეტოქეს ნოკაუტით მოვუგე. დადგა
კრივის ჩინოვნიკები ჩემს შესახებ ათასგვარ სასიამოვნო სიტყვებს ამბობდნენ. გავიფიქრე: რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი დასრულდება, რადგან მე ჭუჭყიანი და მახინჯი ვარ. მაგრამ არ მინდოდა ბრაუნსვილელთა იმედების გაცრუება. კასი ხშირად მიმეორებდა - თუ მას დავუჯერებდი, დედაჩემი ბრაუნსვილის ქუჩებში ივლიდა, მის მიერ შეძენილი ნივთებით სავსე ჩანთებს კი სხვები ათრევდნენ.
ვერაფერი მოვუხერხე ჩემს დაძაბულობას. ფინალის დაწყებამდე კასმა გვერდით გამიხმო.
- მაიკ, ეს რეალური სამყაროა. ხედავ ამათ? - მიმითითა სამსაჯო კოლეგიაზე, ჟურნალისტებზე, ჩინოვნიკებზე დარბაზში. - როცა აგებ, მათ აღარ მოსწონხართ. თუ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენ, აღარავის ეყვარები. ადრე მეც ყველას მოვწონდი. დამიჯერე, მაშინაც კი, როცა 50 წლის ვიყავი, ლამაზი ქალებისგან და გოგონებისგან თავი მქონდა მობეზრებული. ისინი ყველგან დამსდევდნენ. ახლა, მოხუცი ვარ, ჩემთან აღარავინ მოდის.
ბრძოლამდე ათი წუთით ადრე, გასანიავებლად გარეთ გამოვედი. ტედი უკან გამომყვა.
- დამშვიდდი, მაიკ. უბრალოდ მოდუნდი, - თქვა მან.
მორჩა, წავაგე. ისტერიული ტირილი დავიწყე. ტედი გადამეხვია.
- ეს მხოლოდ მორიგი ბრძოლაა. უფრო გამოცდილ მოკრივეებსაც შეხვედრიხარ, ვიდრე ეს ბიჭია, - ცდილობდა ჩემს დამშვიდებას.
- მე მაიკ ტაისონი ვარ, - ვტიროდი მე. - ყველას მოვწონვარ.
არ შემეძლო ფრაზების დაწყობა. ვცდილობდი მეთქვა, რომ თუ წავაგებდი, აღარავის ვეყვარებოდი. ტედის, როგორც შეეძლო, მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ გრძნობამ არ უნდა დამამარცხოს.
როდესაც რინგზე გავედი, მეტოქე უკვე იქ მელოდა. ეს იყო თეთრი ბიჭი, სახელად კელტონ ბრაუნი. ორი მეტრი სიმაღლის. თავი ხელში ავიყვანე, საკუთარი სიმამაცე მოვიხმე დასახმარებლად. რინგის შუაში დავდექით ინსტრუქტაჟის მისაღებად. და მოწინააღმდეგეს ისეთი ბოროტი მზერა მივაპყრე, რომ რეფერიმ ხელი მიბიძგა და ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე მომცა გაფრთხილება. გაისმა გონგი და მეტოქეს ვეძგერე. ერთი წუთის განმავლობაში ისე ოსტატურად ვამუშავებდი, რომ მისი კუთხიდან პირსახოცი ისროლეს. იუნიორთან ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი გავხდი.
როცა გამარჯვების ნიშნად ხელი ამიწიეს, სატელევიზიო კომენტატორმა რინგზე ჩემგან ინტერვიუ აიღო.
- მაიკ, კმაყოფილი უნდა იყო. შენი კარიერა წარმატებით ვითარდება.
- გიპასუხებთ: დიახ, კმაყოფილი ვარ. მე აქ ვჩხუბობდი ჩემი ასაკის ბიჭებთან და მოწოდების სიმაღლეზე აღმოვჩნდი. ყველაზე უკეთესი ვიყავი, რადგან უფრო მეტი დისციპლინა გამოვიჩინე. ვიცი როგორ გავუმკლავდე, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურ და შემდეგ ფიზიკურ პრობლემებს. ასე რომ, მათზე ფსიქოლოგიური ხასიათის უპირატესობა მქონდა.
- როგორ გრძნობდი თავს ბრაუნთან მოგების შემდეგ?
- საკუთარ საქმეს ვაკეთებდი. ცუდს ვერ ვიტყვი ჩემს მეტოქეზე. მან კარგად იმუშავა. მისთვის ბრძოლა ძალიან რთული აღმოჩნდა. მისი მონდომება ქებას იმსახურებს, - ვთქვი მე.
აღმოსავლეთში ვბრუნდებოდით და შინ ბრაუნსვილში შევიარე. იქ ტელევიზორში ყველამ ნახა - როგორ ჩავაგდე ნოკაუტში კელტონ ბრაუნი. ის ბიჭები, რომლებიც ბავშვობაში მამცირებდნენ, ქუჩაში ჩემთან მოდიოდნენ.
- ეი, მაიკ, რამე ხომ არ გინდა? თუ რაიმე დაგჭირდება, მითხარი. გავაკეთებ, - მეუბნებოდნენ ისინი. ადრე მცემდნენ, ახლა, ერთ ადგილას მიძვრებოდნენ.
მაგრამ ჩემი მთავარი მაყურებელი დედაჩემი იყო. მინდოდა მისთვის ჩემი სიხარული გამეზიარებინა.
- დედა, მე უდიადესი მოკრივე ვარ მსოფლიოში. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემს დამარცხებას შეძლებს, - ვთქვი მე.
დედა ნესტიან, ჩამოძენძილ და გადახრილ მრავალბინიან სახლში ცხოვრობდა. ის უბრალოდ მიყურებდა, სანამ ჩემზე, როგორც ღმერთზე ვუყვებოდი.
- ჯო ლუისი ხომ გახსოვს? ყოველთვის არის ვიღაც უკეთესი, შვილო, - წარმოთქვა მან.
შევხედე და ცივად შევეპასუხე:
- მე ასეთი რამ არასოდეს დამემართება. სხვებზე უკეთესი ვარ. მე - საუკეთესო ვარ.
სრული სერიოზულობით ვამბობდი, რადგან კასი სწორედ ასე მირეცხავდა ტვინს. დედას ასეთი არასოდეს ვუნახივარ. მე ყოველთვის ზიზღს ვიწვევდი მასში, მუდმივად კუთხეში ვიმალებოდი. ახლა კი საკუთარი ღირსების გრძნობა გამაჩნდა, ამაყი ვიყავი საკუთარი თავის გამო. ადრე მარიხუანასა და ალკოჰოლის სუნი ამდიოდა. ახლა, ნავარჯიშები ტანი მქონდა, უნაკლო ვიყავი. ვემზადებოდი მთელი სამყაროს დასაპყრობად.
- არ არსებობს მთელს სამყაროში ადამიანი, რომელიც ჩემს ცემას შეძლებს. მოიცადე, შენი ვაჟი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, - ვტრაბახობდი მე.
- შენ თვინიერი უნდა იყო, შვილო. შენ ასეთი არ ხარ, - თავი გააქნია მან.
პატარა კონვერტი მქონდა, საიდანაც გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიები ამოვიღე. იქ ჩემს შესახებ წერდნენ - როგორ მაძლევდნენ ოქროს მედლებს. დედას გადავეცი.
- აი აქ, დედა. აქ წაიკითხავ ჩემს შესახებ.
- ამას მოგვიანებით წავიკითხავ, - მითხრა მან.
საღამოს დარჩენილი ნაწილი ჩემთან აღარ ულაპარაკია. უბრალოდ წარმოთქვა: "ჰმ-ჰმ" - და შეშფოთებული მიყურებდა, თითქოს უნდოდა ეკითხა: "რა დღეში ჩაგაგდეს თეთრმა ადამიანებმა?"
კატსკილში დავბრუნდი და თავს სამყაროს მწვერვალზე ვგრძნობდი. რამდენიმე თვის შემდეგ კასმა მითხრა, რომ დედაჩემი ავად იყო. წვრილმანები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ჩემმა სოციალურმა მუშაკმა გაიგო, რომ დედაჩემს კიბოს ბოლო სტადია ჰქონდა. იმავე დღეს დამ დამირეკა.
- დედა მოინახულე, - მითხრა მან. - ცუდად არის.
დედა რამდენიმე კვირის წინ ვნახე. მან თითქოს ინსულტი გადაიტანა და სახის ერთი ნახევარი პარალიზებული ჰქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, თუ კიბოთი იტანჯებოდა. ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის იყო, რომ კიბო ჩემი ასტროლოგიური ნიშანი იყო.
მაგრამ, როცა საავადმყოფოში მივედი, შოკში ჩავვარდი. დედა საწოლზე იწვა, უგონოდ იყო. მძიმე იყო მისი ყურება. თვალები ამოვარდნაზე ჰქონდა, სახე დამჭკნარი, ძალიან გამხდარი იყო. საბანი ჩამოცურებულიყო და მკერდის ნაწილი მოუჩანდა. ვაკოცე და საბანი დავაფარე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ჯერ არ მყავდა ნანახი ადამიანი, ვინც კიბოთი იყო ავად. ვიხსენებდი ფილმებს და დაახლოებით ასეთ სურათს ველოდი: "მიყვარხარ, მაგრამ ახლა, სამუდამოდ უნდა დაგტოვო".
ვფიქრობდი, რომ მასთან დალაპარაკებისა და გამოთხოვების საშუალება მექნებოდა, მაგრამ დედა გონს ვერ მოდიოდა. ამიტომაც, დავტოვე პალატა და იქ აღარ დავბრუნებულვარ.
ყოველ საღამოს, სახლში დაბრუნებული, ჩემს დას ვეუბნებოდი, რომ დედა მოვინახულე და ის კარგად გამოიყურება. არ შემეძლო საავადმყოფოს სიტუაციის ატანა, ეს ძალიან მტანჯველი იყო. ამის ნაცვლად, ძველ საქმიანობას დავუბრუნდი და ბინების ძარცვა დავიწყე. ბარკიმსა და რამდენიმე სხვა ბიჭს შევხვდი და მათთან ერთად რამდენიმე სახლი გავძარცვეთ. ერთ საღამოს, იქამდე, სანამ მორიგი სახლის გასაქურდად წავიდოდით, ბარკიმს კატსკილიდან ჩამოტანილი ფოტოალბომი ვაჩვენე. მასში იყო ჩემი ფოტოები კასთან და კამილასთან, აგრეთვე სკოლის სურათები თეთრ ბიჭებთან.
დათვალიერების შემდეგ, ბარკიმი გონს ვერ მოდიოდა.
- მაიკ, დანის გარეშე დამჭერი. იქ გაწამებენ? ზანგს გიწოდებენ?
- არა, ეს ჩემი მეორე ოჯახია. კასი მოგკლავს, თუ ჩემზე ასეთ რამეს ეტყვი, - ვუპასუხე მე.
ბარკიმმა თავი გააქნია.
- აქ რა დაგრჩენია, მაიკ? - მკითხა მან. - დაბრუნდი ამ თეთრებთან. ჯანდაბა, მათ შენ უყვარხარ. ნუთუ ამას ვერ ხედავ, ზანგო. თეთრებს რომ ასე ვუყვარდე!.. გაეცალე აქაურობას. აქაური ნეხვი შენთვის არ არის.
ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რაც ბარკიმმა მითხრა. მე, ორგზის ეროვნული ჩემპიონი, აქ ისევ სახლებს ვძარცვავდი, რადგან დავუბრუნდი იმას, რაც რეალურად ვიყავი. ყოველ საღამოს ვსვამდი, ვეწეოდი "ანგელოზის ფხვნილს" (კოკაინის, მორფისა და ჰეროინის ნაზავი), ვყნოსავდი "კოკსს" (კოკაინი სლენგზე) და ადგილობრივ დისკოთეკებს ვსტუმრობდი. ყველაფერს ვაკეთებდი, დედაზე ფიქრები რომ თავიდან მომეშორებინა.
ჩემი და ყოველთვის მეუბნებოდა: "შენ დედას სანახავად ჩამოხვედი. ძალიან ნუ გაერთობი, შენ აქ სათამაშოდ არ ხარ".
ერთ საღამოს, ჩვენ სამნი - მე, ბარკიმი და მისი გოგო ბრაუნსვილის ერთ-ერთ ქუჩაზე მივდიოდით და ჩემი ორი ძველი მეგობარი დავინახეთ, რომლებიც კამათელს აგორებდნენ. მათთან ბარკიმიც მეგობრობდა, მაგრამ არ გაჩერდა სალაპარაკოდ და გზა გააგრძელა. მივუახლოვდი და მკითხეს: "რა გინდა, მაიკ?" ეჭვის თვალით მიყურებდნენ. "მოგვიანებით დავილაპარაკოთ", - დაამატეს შემდეგ. წინათგრძნობა მქონდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა - ვიღაც მოკვდა ან ფული წაართვა ვინმემ.
მოგვიანებით გავიგე, რომ რაიონში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდიოდა და როცა კვალი გაიფანტა, მწვერვალზე ბარკიმი აღმოჩნდა. მას ჰყავდა გოგონები, ჰქონდა ავტომობილები, ძვირფასეულობა, იარაღი, რადგან მთელს რაიონში ნარკობიზნესს აკონტროლებდა. ქუჩის ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მე აქ აღარ ვცხოვრობდი. გაჩნდა ნარკოტიკი და ადამიანები კვდებოდნენ. ბიჭებმა, რომლებთანაც ვმეგობრობდი, ერთმანეთის ხოცვა დაიწყეს ტერიტორიისა და ფულის გამო.
ერთხელ ჩემი და შინ დაბრუნდა. ნაბახუსევზე ვიყავი, მაგრამ გავიგონე გასაღების ხმა და წამოვდექი. როგორც კი კარი გაიღო, მან პირდაპირ სახეში მთხლიშა ხელი.
- რისთვის? - გაკვირვებულმა შევხედე.
- რატომ არ მითხარი, რომ დედა მოკვდა? - დამიყვირა მან.
არ მინდოდა მეღიარებინა, რომ არ დავდიოდი საავადმყოფოში, რომ ჩემთვის მძიმე იყო დედის ნაცვლად მისი ლანდის ცქერა. ჩემი და ამის გამო მომკლავდა. ამიტომაც ვუთხარი: "არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება. არ მინდოდა ეს გცოდნოდა". სუსტი ვიყავი იმისთვის, რომ ამას გავმკლავებოდი. და ყველაზე ძლიერი იყო ჩვენს ოჯახში. ის კარგად გაუმკვლავდებოდა ამ ტრაგედიას. მე კი სხეულის ამოსაცნობადაც კი ვერ წავედი.
დედას დასაფლავება უბადრუკი გამოვიდა. მან მცირე თანხა დააგროვა ნიუ ჯერსიში მიწის ნაკვეთისთვის. სულ რვა ადამიანი ვიყავით: მე, ძმა, და, მამაჩემი ჯიმი, მისი ვაჟი ედი და დედას სამი მეგობარი. მოპარული ფულით ნაყიდი პიჯაკი მეცვა. დედა თხელ, თითქმის მუყაოს კუბოში ესვენა. საფლავის ქვისთვის ფული არ გვეყო. იქამდე, სანამ სასაფლაოს დავტოვებდი, გულში სიტყვა წარმოვთქვი:
"დედა, გპირდები, რომ კარგი ბიჭი გავხდები. საუკეთესო მოკრივე ვიქნები და ყველას ეცოდინება ჩემი სახელი. ისინი იფიქრებენ ტაისონზე და გაიხსენებენ არა "ტაისონ ფუდს" (მეცხოველეობის პროდუცქიის მწარმოებელი ამერიკული კომპანია) ან სისელი ტაისონს (ამერიკელი მსახიობი ქალი, "ემის" პრემიის მფლობელი), არამედ მაიკ ტაისონს". ეს იმიტომ ვთქვი, რომ ერთხელ კასმა მომიყვა სახელი "ტაისონის" შესახებ. ბოლო პერიოდამდე, ჩვენს ოჯახში ცნობადობაზე პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, რომ იგივე გვარი გვქონდა, რაც სისელის. დედას მოსწონდა სისელი ტაისონი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"