- მათ შენი მეგობარი გააგორეს, - მითხრა ერთ-ერთმა. - მეგონა, შენც მოგკლეს, რადგან ბოლოს ერთად გნახეთ და მას შემდეგ აღარ გამოჩენილხარ.
ბარკიმის სიკვდილმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა ჩამითრია ქურდობაში და თავის "ქუჩის შვილად" გამომაცხადა. და ცოტა ხნის წინ, მიბრძანა ბრაუნსვილს გავცლოდი და ჩემს თეთრ ოჯახს დავბრუნებოდი. ამას სხვებიც მირჩევდნენ. რაიონში
- არ მოცილდე იმ თეთრ კაცს, მაიკ. ჩვენ არარაობა ვართ. აქ აღარ დაბრუნდე. არ მინდა რაიმე სისულელეს მოსმენა, ზანგო. შენ - ჩვენი ერთადერთი იმედი ხარ. ჩვენ ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ, მაიკ, ჩვენ აქ მოვკვდებით, ბრაუნსვილში. და სანამ ეს მოხდება, უნდა მოვუყვეთ ყველას, რომ შენთან ურთიერთობის ბედნიერება გვქონდა. შენ ჩვენი ზანგი იყავი.
ყველგან, სადაც არ უნდა მივსულიყავი, დაახლოებით ასეთ სიტყვები ვისმენდი. ისინი ამ ყველაფერს სერიოზულად აღიქვამდნენ. ჩემი მეგობრებისთვის ბრაუნსვილი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ყველას სურდა ჩემსავით მიეღო აქედან გაქცევის საშუალება. მათ არ ესმოდათ, რატომ მომინდა აქ დაბრუნება. დავბრუნდი იმიტომ, რომ მინდოდა გამეგო - ვინ ვიყავი სინამდვილეში. ჩემი ორი ცხოვრება დიდად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, და მაინც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ორივე სამყაროში ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში.
ერთხელ კარზე დააკაკუნეს - ეს იყო მისის კოულმენი, ჩემი სოციალური აგენტი. ის მოვიდა, რომ უკან, კატსკილში გავეგზავნე, რადგან ქურდობასა და ძარცვაში მამხილეს. საერთოდ, კასის სახლში დედაჩემის დაკრძალვიდან სამი დღეს შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი. მისის კოულმენი სასიამოვნო ქალბატონი იყო.
მან ორი საათი იმგზავრა კატსკილიდან იმისთვის, რომ ჩემი თავი მოეპოვებინა. ის კეთილგანწყობილი იყო კასის მიმართ და მიაჩნდა, რომ კრივი ჩემთვის სწორი არჩევანი იყო. მაგრამ არ ვიყავი ბოლომდე გონს მოსული, ამიტომაც ვუთხარი, რომ ჯერ არ ვაპირებდი კატსკილში დაბრუნებას. მაშინ მან საქმის კურსში ჩამაყენა - თუ ბრუკლინში დავრჩებოდი, ამ შემთხვევაში იძულებული იქნებოდა მოემზადებინა დოკუმენტები, ჩემი თავი პოლიციისთვის გადაეცა, რომელიც სადმე ნიუ იორკში "დამასახლებდა".
16 წლის ვიყავი და ვიცოდი, რომ სრულ სისულელეს მელაპარაკებოდა. კანონის მიხედვით, არ ვიყავი ვინმეს წინაშე ანგარიშვალდებული. მაგრამ მაინც გავყევი უკან, კატსკილში.
გამგზავრებამდე თვალი მოვავლე ჩვენს ბინას და კიდევ ერთხელ დავინახე, როგორ სიღარიბეში ცხოვრობდა დედა. ეს იყო სრული ქაოსი. გავიხსენე, როგორ გარდაიცვალა. და ამან შეცვალა მთელი ჩემი გეგმები იმასთან დაკავშირებით - როგორ უნდა მეცხოვრა მომავალში. შესაძლოა, ჩემი სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდეს, მაგრამ მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ის ყველასთვის დასამახსოვრებელი იყოს.
კატსკილში დავბრუნდი და კასი დამეხმარა გონს მოვსულიყავი დედის სიკვდილის შემდეგ. მან მომიყვა იმ დღის შესახებ, როცა მამამისი გარდაიცვალა. კასი სახლში იყო და მასთან ერთად, მამაც ყვიროდა. კასმა არ იცოდა როგორ დახმარებოდა, არ იცოდა რა მოემოქმედებინა. მოკლედ, კასი ისევ დამეხმარა ძლიერი გავმხდარიყავი.
იმ პერიოდში გამოდიოდა სამხრეთაფრიკელი მოკრივე, სახელად ჩარლი ვეირი, რომელიც ძირითადი პრეტენდენტი იყო საშუალო წონაში იუნიორთა საჩემპიონო ტიტულზე. ის თავისი გუნდით ჩამოვიდა კატსკილში კასთან სავარჯიშოდ. მაშინ აპარტეიდის ეპოქა მძვინვარებდა და კასმა ისინი გააფრთხილა: "აქ გვყავს შავი ბიჭი. ის ჩვენი ოჯახის ნაწილია. მას პატივისცემით უნდა მოეპყრათ. ისევე, როგორც მე და კამილას გვეპყრობით".
ეს შესანიშნავი იყო. ასე არავინ და არასდროს არ მიცავდა. ჩარლი და მისი გუნდი ფულს უხდიდნენ კასს ვარჯიშებისთვის და ჩვეულებრივ, თუ საწვრთნელი შეკრებისთვის ფული გადაიხადე, თავად კარნახობ სიტუაციას. მაგრამ კასმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. და სახლშიც, მან იგივე მიმართულებით წაიყვანა საუბარი.
- მომისმინე, ახლა, ჩვენ შენი ოჯახი ვართ. მოვილაპარაკეთ? - მითხრა მან. - შენ ახლა ჩვენი ბიჭი ხარ. ოჯახი შენით იამაყებს. შენ მას დიდებას მოუტან და სახელს გაუთქვამ.
სამნი ვისხედით სასადილო ოთახში და კასმა თქვა:
- კამილა, შეხედე შენს შავ ვაჟს. რას ფიქრობ ამაზე?
კამილა წამოდგა, მომიახლოვდა და მაკოცა.
მაგრამ, ერთი თვის შემდეგ, ჩვენი იდილია დასასრულს მიუახლოვდა. სერიოზულად ჩავისვარე. კასს პრობლემები ჰქონდა ჩემს მწვრთნელთან ტედი ატლასთან. ისინი ფულის გამო ჩხუბოდნენ. ტედიმ ცოტა ხნით ადრე იქორწინა გოგონაზე, რომლის ოჯახთან დაკავშირებით კასს ეჭვები ჰქონდა. და როცა ტედის ფული სჭირდებოდა, კასი ცოტას უხდიდა. ტედის ძლივს გაჰქონდა თავი და ამიტომაც უნდოდა, პროფესიონალი გავმხდარიყავი.
ამ შემთხვევაში, ჩემი ჰონორარებიდან საკუთარ წილს მიიღებდა. მაგრამ, ამავდროულად, კასის გეგმებში არ შედიოდა ჩემგან პროფესიონალის დაყენება. ასე რომ, ყველამ იცოდა - ტედის კასისგან წასვლა და ჩემი თან წაყვანაც უნდოდა. მაგრამ გამორიცხული იყო იმაზე ლაპარაკი, რომ მე კასს დავტოვებდი.
მაგრამ შემდეგ გავაკეთე ის, რამაც კასი აიძულა ტედის გამოთხოვებოდა. მე ვიცნობდი ტედის ცოლისდას. თანაც იქამდე, სანამ ტედი გაიცნობდა. ერთად დავდიოდით სკოლაში და მეგობრები ვიყავით. გოგონა ყოველთვის ფლირტის გაბმას ცდილობდა, თუმცა სექსუალური ურთიერთობა არ გვქონია. და ერთხელაც, ხუმრობით უკანალზე ვტაცე ხელი.
სინამდვილეში, ცუდს არაფერს ვაპირებდი, უბრალოდ ვთამაშობდით და ასე მოხდა. ვიცი, ეს არ უნდა გამეკეთებინა. ეს დიდი სისულელე იყო. არ მქონდა არანაირი გამოცდილება გოგონებთან ურთიერთობაში, რადგან კასს მთელი დრო სატრენაჟორო დარბაზში ვყავდი გამოკეტილი. მაშინვე ვინანე ჩემი საქციელის გამო. გოგონას ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი, რომ თავი უხერხულად იგრძნო.
მოგვიანებით, იმავე საღამოს, კრივის დარბაზში მივედი, ტედისთან რომ წამემუშავა. ტედი გარეთ მელოდა. ის განრიხებული ჩანდა.
- მაიკ, აქ მოდი. უნდა დაგელაპარაკო, - თქვა მან.
მივუახლოვდი. მან პისტოლეტი ამოიღო და თავზე მომაბჯინა.
- ნაბიჭვარო, არასოდეს არ გაბედო ჩემს ცოლისდასთან შეხება...
და ჰაერში გაისროლა, პირდაპირ ჩემს ყურთან. ხმა იმდენად გამაყრუებელი იყო, რომ მეგონა, პირდაპირ ყურში გამარტყა. შემდეგ ტედი გაიქცა. მეც მივყევი, რადგან დარბაზის თავზე პოლიციის განყოფილება იყო.
დღეს, როცა ტედი ამ ისტორიას იხსენებს, სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს გვარიანად შემაშინა. სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ვიღაცამ პისტოლეტი მომაბჯინა თავზე. ასეთ დროს, არ ვამბობდი მსგავსი ტიპის ფრაზებს: "მიდი, მესროლე, ნაბიჭვარო". უბრალოდ, ვნერვილობდი. სხვათა შორის, გარკვეული დრო დასჭირდა იმას, რომ ცალ ყურში სმენა დაბრუნებულიყო. მაგრამ ვგრძნობდი, რომ რეალურად, ყველაფერი ძალიან ავურიე.
მე ხომ ტედიზე ვნერვიულობდი. როცა უგონოდ ვთვრებოდი, შეიძლება დავმუქრებოდი, რომ მას ანგარიშს გავუსწორებდი, მაგრამ ტედისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია. სწორედ მან მასწავლა ჩხუბი, თავიდანვე ჩემს გვერდით იდგა.
კამილა განრისხდა, როცა ამ შემთხვევის შესახებ გაიგო. გაცოფებული იყო. ის კასისგან სარჩელის შეტანასა და ტედის დაპატიმრებას ითხოვდა, მაგრამ კასმა ეს არ გააკეთა. მან იცოდა, რომ ტედის სხვა საქმეზე გამოსაცდელი ვადა ჰქონდა და შეიძლებოდა, პირდაპირ ციხეში გაეშვათ. ტედი თავის ოჯახთან ერთად საბოლოოდ გადავიდა სხვა ქალაქში.
ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ტედის წასვლის შემდეგ, კევინ რუნისთან დავიწყე მუშაობა. ის მოკრივე იყო, რომელიც კასმა მწვრთნელად აქცია. რუნი და ტედი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ტედიმ შესთავაზა კასს კევინის კანდიდატურა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი დაძაბულია სიტუაცია, როცა მოვლენები ასე ვითარდება.
იმ დროისთვის, როცა მწვრთნელად რუნი მივიღე, საკმარისად მომზადებულად მიმაჩნდა საკუთარი თავი. ჩვეულებრივ, როცა მოკრივეები ჩემპიონატებს, ტურნირებსა და ოლიმპიურ თამაშებს იგებენ, გარკვეულნი არიან საკითხში - ვისთან უწევთ ჩხუბი. მაგრამ მე არ მივეკუთვნებოდი ასეთების რიცხვს. მზად ვიყავი მეჩხუბა ნებისმიერთან, თუნდაც მის მშობლიურ ქალაქში ან მისი სახლის ეზოში. კასი მასწავლიდა: "ეჩხუბე მათსავე სახლში, თუნდაც მსაჯები მათი ოჯახის წევრები იყვნენ". მე უბრალოდ ჩხუბი მინდოდა და არაფრის მეშინოდა. ვატარებდი ბრძოლებს ჩიკაგოში, როდ-აილენდში, ბოსტონში, ყველგან... და ყველა ამბობდა: "ეს ტაისონია, მან ორჯერ მოიგო იუნორებში ოლიმპიური თამაშები".
1982 წლის დეკემბერში, პირველი შეხვედრა წავაგე ტურნირზე. ინდიანაპოლისში აშშ-ის სამოყვარულო ჩემპიონატში გამოვდიოდი. ჩემი მეტოქე იყო ელ ევანსი. მაშინ 16 წლის ვიყავი, ის 27 წლის იყო. ხისტი და დაუნდობელი პანჩერი (მოკრივე კარგად დაყენებული დარტყმით, რომელიც, ჩვეულებრივ, არა ქულებით, არამედ ნოკაუტით იგებს) გახლდათ, ძალიან გამოცდილი მოკრივე.
პირველ რაუნდში თავს დავესხი და უამრავი დარტყმა გავისროლე. იგივე გავაკეთე მეორე რაუნდში. ვარბენინებდი რინგზე ერთი კუთხიდან მეორეში. მესამე რაუნდში ოდნავ კონტროლი დავკარგე და მან კონტრშეტევაზე მარცხენა ჰუკით ძირს დამაგდო. ავდექი და ისევ თავს დავესხი. ამჯერად, მარჯვენა დარტყმით წამაქცია. ავდექი, ისევ შეტევაზე გადავედი და... ფეხი დამიცდა. რეფერიმ ბრძოლა გააჩერა. ყველაფერი წესრიგში მქონდა, დაზიანება არ მიმიღია, შემეძლო ბრძოლის გაგრძელება. კასმა თავისი კუთხიდან მსაჯს დაუყვირა.
განადგურებული ვიყავი. ყველა ტურნირზე მოგება მინდოდა. მომწონდა - როგორ ეპყრობოდნენ ჩემპიონს ბრძოლის შემდეგ. მინდოდა ყოველთვის გამომეცადა ეს გრძნობა, უკვე შევეჩვიე მას. როგორც ჩანს, კასმა მიიჩნია, რომ ამ წაგებამ შეარყია ჩემი თავდაჯერებულობა და ჩემი სურვილი - გამეგრძელებინა კრივში ვარჯიში. ამიტომაც, როცა კატსკილში დავბრუნდით, მცირე ლექცია წამიკითხა:
- გაიხსენე ყველა ჩემპიონი, ვის შესახებაც წაგიკითხავს. ზოგიერთს კარიერის დასაწყისში, ნოკაუტით წაუგია. მაგრამ არასოდეს დანებებულან. მათ შეძლეს ამის გადალახვა. მათ, ვინც წააგო და დანებდა, შიში საფლავამდე გაყვათ, რადგან ამ ბიჭებს ჰქონდათ შიშის დამარცხების შანსი, მაგრამ არ გააკეთეს ეს. შენ უნდა შეებრძოლო შენს შიშებს, მაიკ. თუ ამას არ გააკეთებ, ის ცხოვრების ბოლომდე გაგყვება. და დაიმახსოვრე, ყოველთვის ძალიან გულდასმით უნდა ჩაატარო შენი ბრძოლები, რადგან როგორც წარმართავ ჩხუბებს, ისევე გაივლი მთელს ცხოვრებას.
მოვიგე მომდევნო ექვსი ბრძოლა, შემდეგ ეროვნულ ტურნირზე - "ოქროს ხელთათმანზე" შევებრძოლე ბიჭს, რომელსაც კრეიგ პეინი ერქვა. სამი რაუნდი დავსდევდი მთელს რინგზე, თითქმის არ მიწევდა წინააღმდეგობას. ამიტომაც, როცა მსაჯმა დიდი თასი აიღო და რინგზე ამოვიდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ პრიზს მე გადმომცემდა. რეფერის ჩემი და კრეიგის ხელები ეჭირა და გადაწყვეტილებას ელოდა. უკვე ვიწყებდი გამარჯვების ნიშნად მეორე ხელის ზემოთ აღმართვას, როცა შევამჩნიე, რომ მსაჯმა, რომელსაც თასი ეჭირა, კრეიგს მაღლა აწეული ცერა თითი უჩვენა.
- და, მძიმე წონაში გამარჯვებული გახდა... კრეიგ პეინი!
გაოგნებული ვიყავი. პუბლიკა უკმაყოფილოდ აგუგუნდა. შედით YouTube-ის ვიდეოჰოსტინგზე და ნახეთ ეს ბრძოლა: გამქურდეს. ბრძოლის შემდეგ, სახელგანთქმულმა დეტროიტელმა მწვრთნელმა ემანუელ სტიუარდმა, რომელიც პეინს ავარჯიშებდა, მითხრა, რომ გამარჯვება მე მეკუთვნოდა. კასი გაწბილებული იყო ასეთი გადაწყვეტილებით, მაგრამ ვერ მალავდა სიხარულს იმის გამო, რომ ასეთი ტიპის ტურნირს გავუმკლავდი. მას ესმოდა, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვიყავით გამარჯვებულები. მაგრამ ჩემთვის ეს ნაკლები შვება იყო. ბრძოლის შემდეგ, ბავშვივით ვტიროდი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"